ჩვენი სეპარატისტების ფუჭი კატალონიური იმედები

2017-10-09 19:27:05
747

1 ოქტომბერს კატალონიაში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის შედეგად, ბარსელონას განცხადებით, მოქალაქეთა 90%-მა, “მიუხედავად მადრიდის ყველა დესტრუქციული მცდელობისა”, ესპანეთისგან დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში 2 მლნ 300 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ესპანეთმა და ევროკავშირმა რეფერენდუმი უკანონოდ სცნეს, ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კი ვეტო დაადო 9 ოქტომბრისთვის კატალონიის პარლამენტის სხდომის ჩატარებას, რომელზეც რეგიონის დამოუკიდებლობა შეიძლება, გამოცხადდეს. კატალონიურ რეფერენდუმს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში განსაკუთრებული ინტერესით აკვირდებოდნენ, მის შედეგებს სიხარულით შეხვდნენ. უკვე ითქვა ისიც, რომ აფხაზეთი მზადაა, კატალონიის დამოუკიდებლობა აღიაროს.
 

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ «კატალონიის ამჟამინდელ მოვლენებს ბევრი საერთო აქვს 1990-იანების დასაწყისში აფხაზეთში განვითარებულ პროცესებთან»:

«აფხაზეთი, ისევე, როგორც ამჟამად კატალონია, იცავდა საკუთარ უფლებას დამოუკიდებელ არსებობაზე მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით და ცდილობდა, საქართველოსთან ყველა უთანხმოება სამართლებრივ ჩარჩოში გადაეჭრა. საპასუხოდ საქართველომ შეიარაღებული აგრესიის აქტი განახორციელა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და აფხაზეთში სისხლისმღვრელი ომი გააჩაღა. კატალონია, ისევე, როგორც აფხაზეთი, – ეს არის ტერიტორია სახელმწიფოებრიობის საკუთარი ტრადიციებით, მდიდარი ისტორიითა და კულტურული თვითმყოფადობით. სამწუხაროდ, ესპანეთის თანამედროვე ხელისუფლება სერიოზულ დანაშაულს სჩადის საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, ცდილობს რა, კატალონიელი ხალხის სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ ძალისმიერი მეთოდებით ჩაახშოს».

თუმცა კატალონიური “პრეცედენტის” გამო დე ფაქტო ხელისუფლების ოპტიმიზმსა და სულსწრაფობას აფხაზეთში ყველა როდი იზიარებს. მაგალითად, “საზოგადოებრივი პალატის” წევრი ლიანა ქვარჩელია თვლის, რომ აჩქარება ამ საკითხში გაუმართლებელია:


«რა თქმა უნდა, მსგავსი შემთხვევები არის ის, რაზეც აპელირება შეგვიძლია, როდესაც ვიცავთ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩვენი თვითგამორკვევის უფლებას. გასაგებია, რომ ყველაფერი, რაც მსოფლიოში ხდება, ამა თუ იმ პრეცედენტს ქმნის. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მსოფლიო ამ ქეისებს პრეცედენტებად აღიარებს, როგორც, მაგალითად, კოსოვოში მოხდა. აქ ორმაგი სტანდარტები მუშაობს». https://www.ekhokavkaza.com/a/28778190.html

მსგავსი მოსაზრება აქვს რუს პოლიტოლოგ სერგეი მარკედონოვსაც:

„[...] არის გარკვეული ილუზია, თითქოს არსებობდეს თვითგამორკვევისთვის ბრძოლის, სახელმწიფოების აღიარების გარკვეული სტანდარტები და რაც მეტი იქნება მსგავსი შემთხვევა, მით მეტად გაუადვილდებათ მათ საკუთარი შემთხვევების ლეგიტიმაცია. [...] ეს, რა თქმა უნდა, ილუზიაა. კოსოვის თვითგამორკვევა დაეხმარა ყირიმის, დონბასის ან აფხაზეთის თვითრეალიზაციას? თუ ჩრდილოეთ კვიპროსის სიუჟეტი შეცვალა რამენაირად კოსოვომ? [...] ამისათვის ძლიერთა ამა ქვეყნისათა შესაბამისი პოზიციაა საჭირო: როდესაც აშშ მთელი თავისი ნატოური სიძლიერით კოსოვოს დაუდგა გვერდში, გაჩნდა თვითგამორკვევის წარმატებული მაგალითი. ამასთანავე, ესპანეთსა და კავკასიაში განვითარებულ მოვლენებს შორის პარალელები, რბილად რომ ვთქვათ, ბუნდოვანია. სხვა საკითხია, რომ ამას არავისთვის და არასოდეს შეუშლია ხელი რაღაც ანალოგიების, ასოციატიური კავშირების ძიებაში, მით უფრო - კავკასიელებისთვის, რომელთაც მარტივად შეუძლიათ, წინასწარი მონახაზების გარეშე წარმოთქვან 20–წუთიანი სადღეგრძელო ნებისმიერ თემაზე. მით უფრო, როდესაც ეს კმაყოფილების შეგრძნებასაც გაძლევს, მიუთითო კოორდინატების იმ სისტემის არასრულყოფილებაზე ან სულაც კრიზისზე, საიდანაც გამოგისროლეს და მეორეხარისხოვან მდგომარეობაში ჩაგაყენეს»

https://www.ekhokavkaza.com/a/28769857.html.

პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ «შედარება ყველაფრის შეიძლება, მაგრამ პარალელების გავლება ამ შემთხვევაში უადგილოა»:

„კატალონიას მეტი რესურსი აქვს (როგორც ისტორიული, ისე თანამედროვე), დამოუკიდებლობაზე იქონიოს პრეტენზია, თუმცა ამ შემთხვევაშიც როგორც მადრიდის, ისე კატალონიის ხელისუფლებების ქმედებები ბოლომდე ლეგიტიმური არაა. რაც შეეხება საქართველოსგან გამოყოფილ რეგიონებთან პარალელების გავლებას, შედარება ყველაფრის შეიძლება, თუმცა პარალელები აქ ნამდვილად უადგილოა: დიახ, ესპანეთში ახლა საკონსტიტუციო კრიზისია, ცენტრალურ და ავტონომიის ხელისუფლებებს განსხვავებული პოზიციები აქვთ, განხეთქილებაა საზოგადოებაშიც, თუმცა ეს კრიზისი არ გადაზრდილა ეთნიკურ კონფლიქტში, სამხედრო მოქმედებებში ან სხვა არაცივილიზებულ ფორმებში. და, რაც მთავარია, არანაირი მესამე მხარე  ამ პროცესებში ჩართული არაა. იმედი მაქვს, მადრიდი და ბარსელონა იპოვიან კომპრომისულ ვარიანტს – კატალონია დარჩება ესპანეთის სამეფოს შემადგენლობაში, მაგრამ მიიღებს ფართო ავტონომიას. აფხაზეთის შემთხვევაში კი რეგიონის გამოყოფა ძალისმიერი გზით მოხდა, რუსეთის ხელისუფლების მხრიდან განხორციელდა ოკუპაცია, ადგილი ჰქონდა ეთნიკურ წმენდას, რაც საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლებრივი ნორმების დარღვევას წარმოადგენს“.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებელმა საქართველოს საკითხებზე ბორის სილევიჩმა კი საკითხს ვრცელი «პოსტი» მიუძღვნა. თუმცა სოხუმისა და ცხინვალისთვის დამაიმედებელს ვერც მასში ვპოულობთ:

«[...] 1. საერთაშორისო სამართალი არ ითვალისწინებს ეთნიკური ჯგუფების ან რომელიმე რეგიონის მოსახლეობის უფლებას, შექმნან დამოუკიდებელი სახელმწიფო. ერის უფლება თვითგამორკვევაზე – ეს სულ სხვა რამ არის. საერთაშორისო სამართალში ერი სახელმწიფოს სინონიმია. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია – სახელმწიფოების კავშირი. თვითგამორკვევის უფლება ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ თავად ერს, მოქალაქეებს აქვთ უფლება, განსაზღვრონ სახელმწიფოს ტერიტორიის სტატუსი. კანონიერი ხელისუფლების ნების საწინააღმდეგო ოკუპაცია თვითგამორკვევის უფლების დარღვევაა. პოლიტიკურ აქტივისტებს შეუძლიათ, ერის, ხალხისა და ა.შ. საკუთარი განსაზღვრებები შემოიღონ, თუმცა ეს, მაპატიეთ, ბელეტრისტიკაა და სხვა არაფერი.


2. 1960-იან წლებში დეკოლონიზაციის შედეგად რამდენიმე ათეული  ახალი სახელმწიფო გაჩნდა. გაეროს ეგიდით განისაზღვრა კოლონიების სია – მკაფიოდ განსაზღვრული კრიტერიუმებით, ამ ტერიტორიებს გაეწიათ დახმარება დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჩამოყალიბებასა და აღიარებაში. პროცესი უკვე დიდი ხანია, დასრულებულია. და მას შემდეგ თითოეული სიტუაცია «ცასე ბყ ცასე» განიხილება.

 

3. საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს ახალ სახელმწიფოებს, თუ ყველა დაინტერესებული მხარე ერთმანეთში მოილაპარაკებს, როგორც, მაგალითად, ჩეხოსლოვაკიის გაყოფის შემთხვევაში მოხდა ჩეხეთისა და სლოვაკეთის კანონიერი ხელისუფლებების თანხმობით. ან გერმანიის გაერთიანების შემთხვევაში. წინააღმდეგობის გაწევას არც იმ შემთხვევებში აქვს აზრი, როდესაც სახელმწიფო უბრალოდ წყვეტს თავის არსებობას და საერთაშორისო სამართლის სუბიექტი უბრალოდ ქრება, როგორც მოხდა, მაგალითად, საბჭოთა კავშირისა და (გარკვეული დათქმებით) იუგოსლავიის შემთხვევაში.

4. გაცილებით უფრო რთულია სიტუაციები, როდესაც ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების ჩამოყალიბებას ყველა მხარე არ ეთანხმება. ასეთ შემთხვევებში სკურპულოზურად აანალიზებენ ყველა ფაქტორს. არცთუ იშვიათად საერთაშორისო თანამეგობრობას ურთულესი სტატუს-კვოს მიღება უწევს – თუმცა ასე ყოველთვის როდი ხდება. მაგალითად, ჩრდილოეთ კვიპროსი უკვე დიდი ხანია, დე ფაქტო დამოუკიდებელია (თურქეთის სამხედრო დახმარებით), თუმცა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას არც ერთი სახელმწიფო არ აღიარებს. იგივე ვითარებაა მთიან ყარაბაღთან, დნესტრისპირეთთან, აფხაზეთთან დაკავშირებით. ეს ტერიტორიები საერთაშორისო იზოლაციაშია, ძალზე მცირე ინვესტიციებს იღებენ, შეზღუდული აქვთ ავიაკავშირი, ტურიზმი, ადამიანების გადაადგილება არაღიარებული ქვეყნების პასპორტებით, მათი ეკონომიკები კი მხოლოდ «პატრონი»-სახელმწიფოების მხარდაჭერის წყალობით არსებობენ.

5. დემოკრატიულ სახელმწიფოს უფლება აქვს, ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ძალა გამოიყენოს. სხვა საკითხია, რომ ძალის გამოყენება უნდა იყოს გამართლებული და პროპორციული. მილოშევიჩის მთავრობის ქმედებებს გმობდნენ გაუმართლებელი სისასტიკის გამო კოსოვოს სეპარატისტების მოძრაობის ჩასახშობად და, საბოლოო ჯამში, სწორედ ეს იქცა გადამწყვეტ ფაქტორად საერთაშორისო სასამართლოსთვის, რომელმაც კოსოვოს პრეტენზიები დამოუკიდებლობაზე დასაბუთებულად მიიჩნია: სასამართლომ შეუძლებლად ჩათვალა ერთი სახელმწიფოს ფარგლებში არსებობის გაგრძელება ესოდენ სისხლიანი რეპრესიების შემდეგ. ან, მაგალითად, საერთაშორისო საზოგადოება ყოველთვის აღიარებდა, რომ ჩეჩნეთი რუსეთის ნაწილია, თუმცა მოითხოვდა,  რომ რუსეთს ძალა საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებულ ფარგლებში გამოეყენებინა.

6. რა თქმა უნდა, სეპარატიზმის ძალისმიერი ჩახშობები საუკეთესო გადაწყვეტილება არ არის. ბრძენი მთავრობები სხვას ირჩევენ – დიალოგსა და მოლაპარაკებებს. როგორც დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება – შოტლანდიის დამოუკიდებლობის მომხრეებთან, ან კანადის ხელისუფლება – კვებეკის დამოუკიდებლობის მხარდამჭერებთან. ფედერალურმა მთავრობებმა თქვეს: კარგი, თანახმანი ვართ რეფერენდუმის ჩატარებაზე და ვიღებთ ვალდებულებას, ვაღიაროთ მისი შედეგები, მაგრამ მოვილაპარაკოთ «ნაპირზე»: წინასარეფერენდუმო დისკუსიას საკმარისი დრო დაეთმობა (მაგალითად, 2 წელი) და ორივე თვალსაზრისის მომხრეებს თანაბარი შესაძლებლობები მიენიჭებათო. შედეგად მინიმალური სხვაობით ერთიანი სახელმწიფოს მომხრეებმა გაიმარჯვეს.

7. სამწუხაროდ, ბევრად უფრო ხშირად სეპარატისტებიც, ცენტრალური ხელისუფლებაც ცივილიზებულ დიალოგს ინტენსიურ პროპაგანდას, პოპულიზმს, დაშინებასა და ძალისმიერ ზეწოლას ამჯობინებენ. ამას ვხედავთ დღეს კატალონიაშიც.

8. და ბოლოს. წმინდა ადამიანური თვალსაზრისით, ემოციურად ჩვენი სიმპათიები ყოველთვის სუსტის მხარესაა. ჩვენ მიდრეკილება გვაქვს, რომანტიკულად გავაიგივოთ სრულიად განსხვავებული ცნებები – დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ნათელი მაგალითია ანგლო-ბურული ომი მე-19-მე-20 საუკუნეების მიჯნაზე. პროგრესული საზოგადოებრიობის სიმპათიები მთლიანად ბურების მხარეს იყო, რუსი ბიჭები სახლებიდან გარბოდნენ ბურების დასახმარებლად… არადა, რეალურად, სწორედ ინგლისელებს მოჰქონდათ პროგრესი და დემოკრატია, ბურები კი იბრძოდნენ უფლებისთვის, გამოეყენებინათ მონების შრომა, რაც იმ დროისათვის უკვე დიდი ხნის აკრძალული იყო ევროპაშიც და ამერიკაშიც. სიტყვა “აპარტეიდი“ ჰოლანდიური და არა ინგლისური წარმომავლობისაა. და აპარტეიდი სწორედ ბურებმა გამოიგონეს…».


საინფორმაციო სააგენტო «აქცენტი»