რატომ აღარ უშვებენ ოსური სოფლების მკვიდრთ საქართველოში

2017-08-25 18:45:16
4302

ყაზბეგის რაიონის ოსური სოფლების მაცხოვრებლები ჩივიან, რომ საკუთარ სახლებში ვეღარ ხვდებიან. 23 ივლისს საქართველო-რუსეთის საზღვრიდან ოს მომლოცველთა დიდი ჯგუფის უკან გაბრუნების ფაქტმა ჩრდილოეთ ოსეთში ფართო რეზონანსი გამოიწვია. ვლადიკავკაზში ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თრუსოს ხეობაში ოსების შესვლასა და ყოფნაზე შეზღუდვები დააწესა. გამონაკლისს მხოლოდ სოფელი “ჩეტირსი” (ოსური სახელწოდება) წარმოადგენს, რომელიც ხეობის განაპირას, გზის პირასაა განლაგებული, უფრო ღრმად კი, სადაც ოსური სოფლების უმეტესობა მდებარეობს, უმრავლესობისთვის შესვლა შეზღუდულია. გზას მესაზღვრეები აკონტროლებენ, რომლებიც ამ ადგილების მკვიდრთ გასასვლელს არ აძლევენ. სოფლები პრაქტიკულად დაცლილია. არადა, თრუსოს ხეობასა და კობის ქვაბულში ბევრ ოსს სახლები აქვს დატოვებული, რომელშიც შეიძლება, ვეღარ მოხვდეს (https://www.ekhokavkaza.com/a/28695282.html).

“აქცენტმა” 23 ივლისის მოვლენების შესახებ ინფორმაცია ორიოდ დღის წინ ოსურ და შემდგომ რუსულ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით გაავრცელა (http://accent.com.ge/ge/news/details/38232). მასში ნათქვამი იყო, რომ წარმოშობით კობელმა ოსებმა გადაწყვიტეს, მათთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რელიგიური დღესასწაული - «Атынаег» (მოსავლის, მთებში თიბვის დაწყების დღე, რომელსაც კობსა და თრუსოს ხეობაში ოსები ოდითგანვე აღნიშნავდნენ) მშობლიურ სოფელში აღენიშნათ, თუმცა საზღვრამდე მოსული 50–მდე ადამიანი მესაზღვრეებმა უკან გააბრუნეს, ზოგიერთს კი პასპორტებში ჩაურტყეს შტამპი «canceled», რაც მათ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას სამომავლოდაც უზღუდავს.

„ჩვენი მხრიდან მსგავსი რადიკალური ნაბიჯების მიზეზების გარკვევის მცდელობას მესაზღვრეებმა ჯერ დუმილით უპასუხეს, მოგვიანებით კი ზემდგომების განკარგულებაზე დაყრდნობით მუქარანარევი ტონით გვითხრეს, რომ სოფელ კობის ტერიტორიაზე ამიერიდან ვერც ერთი ოსი ვეღარ შევა“, – განაცხადეს დეპორტირებულმა ოსებმა (https://sm-news.ru/news/vneshnyaya-politika/gruziya-deportirovala-rossiyan-ekhavshikh-na-prazdnik-v-rodnye-mesta/, http://gradus.pro/gruziya-deportirovala-osetin-ehavshih-na-prazdnik-v-rodny-e-mesta/).

ცნობისთვის: კობი ვლადიკავკაზიდან 60 კმ-ში, საქართველოს სამხედრო გზის გასწვრივ მდებარეობს. სიცივეების დადგომასთან ერთად აქ ხშირად 2-მეტრიანი თოვლი იდებოდა და აქაურები ხეობიდან ვლადიკავკაზში იხიზნებოდნენ გამოსაზამთრებლად. 2000-იანი წლების დასაწყისში საზღვარი ჩაიკეტა და ბევრი მათგანი უკან ვეღარ დაბრუნდა. ადგილობრივი ოსები უმეტესწილად ვლადიკავკაზში ჩარჩნენ და რუსეთის მოქალაქეობა მიიღეს. მათი სახლების უმრავლესობა კი ამ დროისთვის ნასახლარებადაა ქცეული. 2010 წელს საქართველომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა, ამიტომაც ამ მხრივ ადგილობრივ ოსებს სამშობლოში დასაბრუნებლად ხელს არაფერი უნდა უშლიდეთ. როგორც კობელები აცხადებენ, ბოლო დრომდე მათ პრობლემები არც ექმნებოდათ, თუმცა ახლა ვითარება კარდინალურად არის შეცვლილი.

ამ ცვლილების მიზეზები მათთვის არავის განუმარტავს, აქედან გამომდინარე, მხოლოდ ვერსიები გააჩნიათ: ზოგი თვლის, რომ კობისა და თრუსოს ხეობის მკვიდრთ, როგორც რუსეთის მოქალაქეებს, ვიზები გაუუქმეს; სხვების აზრით, აქ საქმე გვაქვს საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის 5-წლიან აკრძალვასთან; ზოგიერთს კი პასპორტში ზემოაღნიშნული შტამპის ჩარტყმის შემდეგ სამომავლოდ საქართველოში მოხვედრის იმედი საერთოდ აღარ აქვს.

ერთი-ერთი მათგანი 70 წლის გალინა ტუაევაა. იგი 1948 წელს თრუსოს ხეობაში დაიბადა, იქვე გაატარა ახალგაზრდობა, გათხოვდა და ცხოვრობდა 2005 წლამდე... 2005-ის ზამთარში გალინას ოჯახმაც ვლადიკავკაზში გადაწყვიტა გამოზამთრება, თუმცა გაზაფხულზე შინ ვეღარ დაბრუნდა -  საზღვარი ჩაიკეტა. სახლი მას შემდეგ თვალითაც აღარ უნახავს, მხოლოდ სმენია, რომ ახლა აქ მხოლოდ ნასახლარებია დარჩენილი. 2010 წელს რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებით არ უსარგებლია და მშობლიური სოფლის მონახულება არ უცდია – ამბობს, რომ მთელი ეს წლები “ძალას ვერ იკრებდა”. 23 ივლისს საქართველოში ბოლო 12 წლის განმავლობაში პირველად გამოემგზავრა, თუმცა “დარიალის” საკონტროლო-გამშვებ პუნქტს აქეთ ვეღარ გამოაღწია – არ შემოუშვეს:

«სადღესასწაულოდ კობში ბევრი ხალხი წამოვიდა, ჩემი ნათესავებიც იყვნენ – ტუაევებიც, კასაევებიც. მეც გადავწყვიტე, როგორც იქნა, საჭმელი მოვამზადე და გამოვემართე... როცა ხალხი მიყვებოდა, რომ საქართველოში არ უშვებდნენ, მიკვირდა. პირადად მე არშეშვების არანაირი მიზეზი არ მქონია: არანაირი კანონი არასოდეს დაგვირღვევია, ქართველებთან უსიამოვნება არასოდეს მოგვსვლია, მეტსაც გეტყვით, როცა ქართველ მწყემსებს პური დასჭირდებოდათ, ვუცხობდით და ვაწვდიდით; ხან სიგარეტი სჭირდებოდათ და ისიც მიგვქონდა... საზღვარგარეთის პასპორტი სრულიად სუფთა მქონდა – უკვე რამდენიმე წელია, ავიღე, მაგრამ მისით არასოდეს მისარგებლია. ერთი სიტყვით, წესით, შეფერხების მიზეზი არ არსებობდა და პრობლემებს არ ველოდი... ქართულ საბაჟოზე ბევრი ხალხი იყო, მეც რიგში ჩავდექი. საბაჟოს თანამშრომელმა პასპორტი შემიმოწმა და გვერდზე გადადო. მითხრა, «იქ დაჯექი, დაელოდე, დაგიძახებენო» და რაღაც ღილაკს დააჭირა. ერთ 5 წუთში ვიღაც ახალგაზრდა გამოვიდა და მიკითხა. მასთან მივედი და მითხრა, მას გავყოლოდი. რაღაც კაბინეტში შემიყვანეს, სადაც მათი კომპიუტერები უდგათ. კითხვების დასმა დამიწყო და გაარკვია, რომ დაბადებული და გაზრდილი ვიყავი თრუსოს ხეობაში, ახლა კი სადღესასწაულოდ კობში მივემართებოდი. შემდეგ მკითხა ოჯახის, ჩემი შვილების სამუშაო ადგილების შესახებ. ვლადიკავკაზში საცხოვრებელი მისამართიც იკითხა... ყველაფერს კომპიუტერში ინიშნავდა. რომ დაასრულა, მითხრა, დარბაზში გავსულიყავი და იქ დავლოდებოდი - “დაგიძახებთო».

გალინა ყვება, რომ ორი საათის განმავლობაში მოუწია ლოდინი. ამ ხნის განმავლობაში გამოჩნდა მომლოცველთა ავტობუსიც, რომლის მგზავრები მასავით კობში მიემართებოდნენ და ქართველმა მესაზღვრეებმა საბუთები მათაც ჩამოართვეს. კობის მაცხოვრებლები გიორგი, ბორის და სვეტლანა ტუაევები, გალინას მონათხრობის თანახმად, ასევე იძულებულები იყვნენ, უკან გაბრუნებულიყვნენ:

«ვზივარ, ველოდები ერთი საათი, ორი… ავტობუსი დგას, არც მათ უშვებენ. არც სვეტა კასაევა გაატარეს. მან უთხრა: «ნახეთ ჩემი პასპორტი, მასში სულ თქვენი ბეჭდებია დარტყმული – ქართული საბაჟოსი და თუ ადრე მიშვებდით, ახლა რატომ აღარ მატარებთო?”. მაგრამ ქართველები არაფერს განმარტავდნენ. მხოლოდ ის უთხრეს, “არ შეიძლება, ბრძანება გვაქვსო”. დაახლოებით ორ საათში მამაკაცი, რომელმაც კაბინეტში გამომკითხა, გამოვიდა, პასპორტი დამიბრუნა და მითხრა: «თქვენთვის საქართველოში შემოსვლა აკრძალულიაო». პასპორტში შტამპი ჩაურტყამთ. ორი მგზავრი, რომელიც ჩემთან ერთად იყო მანქანაში, გაატარეს, მე - არა. აღარც ჩვენი მძღოლი წავიდა კობში – აქ, საბაჟოზე მარტო ხომ არ დაგტოვებო?! მე ხომ ავადმყოფი ქალი ვარ, ჯოხით დავდივარ... ვიცი, რომ იმ ავტობუსიდან კიდევ 2 ახალგაზრდას არ მისცეს გადასვლის უფლება და პასპორტებში ყველას ასეთი შტამპები ჩაურტყეს».

კიდევ ერთი არშემოშვებული გიორგი კასაევია. კობში მისმა ოჯახმა დიდი 2-სართულიანი სახლი დატოვა. გალინასგან განსხვავებით, ამბობს, რომ ზოგადად, პრობლემები ჯერ კიდევ 1990-იანებში დაიწყო, თუმცა ადამიანურ დონეზე  ქართველებისა და ოსების ურთიერთობაში ამის გამო დიდად არაფერი შეცვლილა:

«მე კობში დავიბადე, 1945 წელს. ეს ჩვენი სამშობლოა, დასაბამიდან აქ ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები. ერთ-ერთმა მათგანმა - ბასა კასაევმა 147 წელი იცოცხლა და მის შესახებ აქ ყველამ იცის. დაბრმავდა, მაგრამ ახალი სახლის აშენება შეძლო. 37 კაცი ვიყავით ოჯახში... როცა მამაჩემი გარდაიცვალა, ყაზბეგიდან 150 მოხევე მაინც ჩამოვიდა, დაგვეხმარა დაკრძალვაში... ასე, რომ ყოველთვის მეგობრულად ვცხოვრობდით”.

ბოლო დროს, კასაევის თქმით, მოსახლეობის უმრავლესობას საზღვარზე აღარ უშვებენ:

“ერთს უშვებენ, 50-ს – არა, არც ასაკს ითვალისწინებენ, არც ადამიანის მდგომარეობას… 23 ივლისს შევიკრიბეთ, ხალხმა ავტობუსი იშოვა. ქართული მხრიდან პირობა გვქონდა მიღებული, რომ გაგვატარებდნენ დღესასწაულზე დასასწრებად. მივედით “დარიალამდე”, საბაჟომდე. იქ ყველა მიცნობს, უფროსობას გაუხარდა კიდეც ჩემი დანახვა და მითხრეს, რომ მალე ყველას გაგვატარებდნენ. ავტობუსში მოხუცებიც იყვნენ, ავადმყოფებიც. ნახევარ საათში ყველა კასაევს გვიხმეს, ოღონდ უფროსობა აღარ ჩანდა - დაიმალა, რიგითი თანამშრომელი გამოვიდა, პასპორტები დაგვიბრუნა და გვითხრა: «უკაცრავად, მაგრამ საქართველო ვერ მიგიღებთო». ძალიან დავღონდით. წნევა ისე ამივარდა, ლამის საავადმყოფოში მოვხვდი. ჩვენ – კობელები არ გაგვატარეს, არადა, ჩვენი გვარი იქ ძირეულია! მეც შტამპი ჩამირტყეს პასპორტში და ჩემს ძმას – ბორისსაც [...]”. 

გიორგის იმედი აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყოფილი თანამემამულეების მიმართ საკუთარ პოლიტიკას გადახედავს:

“ჩვენ არც ექსტრემისტები ვართ, არც ბოევიკები, არც რაიმე ტერიტორიული პრეტენზია გაგვაჩნია. უბრალო ხალხი ვართ. უკვე 73-ის ვარ, ვერ ვიქნები ბოევიკი, ხომ? რა საფრთხე შეიძლება, შევუქმნა საქართველოს?! ეხლა როგორ დავივიწყო სამშობლო?! ვერასოდეს დავივიწყებთ და ვერასოდეს მივატოვებთ! უნდა მოგვეცეს შესაძლებლობა, საკუთარ სახლებში ვიაროთ და მშობლიურ მიწაზე ვილოცოთ”.

თუმცა რიგითი მოქალაქეებისგან განსხვავებით, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია პრეტენზიები აღნიშნულ ტერიტორიებზე: 

კავკასიოლოგი გიორგი კანაშვილი არ გამორიცხავს, რომ თუ მსგავს ფაქტებს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მართლაც აქვს ადგილი, ეს შესაძლოა, პროვოკაციების თავიდან აცილების მიზანს ემსახურებოდეს:

“მოგეხსენებათ, ეს ხალხი აქედან არავის გაუყრია – ვიწრო გაგებით კონფლიქტის გამო არ წასულან, ნებაყოფლობით არიან გადასულები უმთავრესად ჩრდილოეთ ოსეთში და რუსეთის მოქალაქეობა აქვთ მიღებული, რის გამოც საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად შეუწყდათ. ფაქტია, რომ იქიდან ამ  ხნის განმავლობაში აქეთ დიდად არავინ მოისწრაფვოდა - ცალკეული პირები თუ ჩამოდიოდნენ იგივე დღესასწაულებზე, ან დროდადრო სახლების მოსანახულებლად. პირადად მე ამ კონკრეტული შემთხვევის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს და, შესაბამისად, დანამდვილებით იმის თქმა, რით შეიძლება, იყოს განპირობებული ქართული მხარის მსგავსი მოქმედება, გამიჭირდება, თუმცა ზოგადად, ვიცით, რომ თრუსოს ხეობა პრობლემური მიმართულებაა: ცხინვალის ხელისუფლებას მუდმივად აქვს ამ ტერიტორიაზე სრულიად გაუგებარი პრეტენზიები, რომელიც სხვადასხვა დროს ღიად გამოუთქვამს. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან თრუსოს ხეობა ჩაკეტილია, მის ბოლოში, საიდანაც უკვე დე ფაქტო რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები იწყება, ქართველი სამხედროები დგანან და ტურისტებისთვისაც კი აქ შესვლა მხოლოდ 1 დღითაა ნებადართული. ვფიქრობ, ეს ფაქტიც გარკვეული პრევენციული მექანიზმების კონტექსტში უნდა განვიხილოთ: ალბათ, მიღებულია რაღაც იმ ტიპის გადაწყვეტილება, ”ეხლა შარის თავი არ გვაქვს და მოდით, ვეცადოთ, ავიცილოთ თავიდანო”. შეიძლება, ამ მხრივ სიმპტომატურიც იყოს, რომ სწორედ დიდი ჯგუფი არ შემოუშვეს: ვიღაც ერთი რომ მოდიოდეს, ალბათ, შემოუშვებდნენ, მაგრამ რაკი დიდი ჯგუფი იყო, ვიღაცამ ალბათ, გადაწყვიტა, რომ პრევენციის მიზნით სჯობდა, არ შემოეშვათ. 

- “ვიღაცამ ალბათ, გადაწყვიტა”… - ეს ჩამოყალიბებულ, გამართულ სახელმწფო პოლიტიკას არ ჰგავს...

- სამწუხაროდ, ამ მიმართულებით მწყობრი, დახვეწილი პოლიტიკა არ გაგვაჩნია და არსებობს მხოლოდ მიდგომა “შესაძლო პროვოკაციების თავიდან არიდება”.

- ამ ხალხს ხეობაში სახლები აქვს დატოვებული. ის, რომ რუსეთის მოქალაქეობის მიღებისას საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ, საკუთრების ფლობის უფლების ავტომატურ დაკარგვას არ ნიშნავს და მინდა, გკითხოთ: დავუშვათ, ამ ხალხის ნაწილს მაინც სადღეისოდ გააჩნია საკუთრების უფლების დამადასტურებელი საბუთები. და თუ მათ საქართველოში არ ვუშვებთ, ქართული სახელმწიფო ამით კანონს არღვევს?

- აი, ამ მხრივ რა მდგომარეობა აქვს ამ ხალხს, გააჩნია თუ არა საკუთრების ფლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და რა მდგომარეობაშია იგი – ეს გასარკვევია. პრინციპში, ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განგიცხადოს მის ტერიტორიაზე შესვლაზე. ამგვარი რამ ხდება ბევრგან და საბუთდება იგივე უსაფრთხოების ინტერესებით. მაგრამ ზოგადად, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, კარგ ტონად არ ითვლება. ამდენად, ალბათ, მაინც უნდა გაირკვეს, ვინ არის ეს ხალხი, რა უნდა, რა მიზნებს ემსახურება მათი ჩამოსვლა და ა.შ. მე, სამწუხაროდ, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც სპეციფიური მუშაობა და ფიქრი ამ ხეობასთან და მის ყოფილ მოსახლეებთან მიმართებაში არ მიმდინარეობს”.

იმის გარკვევას, ჰქონდა თუ არა საერთოდ მსგავს ფაქტებს ადგილი და თუ ჰქონდა, რა პოლიტიკის ფარგლებში მოქმედებდნენ ქართული საგუშაგოს თანამშრომლები, “აქცენტი” სამი დღის განმავლობაში ყველა პროფილურ ძალოვან უწყებაში ცდილობდა, თუმცა ისინი ერთმანეთთან გვამისამართებდნენ: შსს – ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში, ეს უკანასკნელი - შსს-ში… მესამე დღეს – 25 აგვისტოს ორივე უწყებაში განგვიცხადეს, რომ “მსგავსი ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნიათ”. ამასთან, შსს-მ გვირჩია, სუს-ისთვის  მიგვემართა. სუს-ში კი განგვიცხადეს, რომ “შსს-დან მასთან არასწორად გადავუმისამართებივართ”.

ახალი ამბების სააგენტო „აქცენტი“

მასალა მომზადებულია პროექტის «ინტეგრირება ინფორმირებით» ფარგლებში, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მხარდაჭერით