ანატოლი ხრულიოვი: „ამჯერად მშვიდობისთვის იძულებას ბოლომდე მივიყვანთ...“

2017-08-11 13:45:23
566

2008 წლის აგვისტოს ომის მე–9 წლისთავზე „კომსომოლსკაია პრავდას“ სამხედრო მიმომხილველი 58–ე არმიის ყოფილ მეთაურ ანატოლი ხრულიოვს ესაუბრა. „აქცენტი“ ამ ინტერვიუს ქართულ თარგმანს გთავაზობთ.

„მეგონა, ყოფილ მეთაურს მოსკოვის რომელიმე ელიტურ რაიონში,  ან ფეშენებელურ აგარაკზე ვიპოვიდი, ის კი... აფხაზეთში აღმოჩნდა – უკვე გენერალ–პოლკოვნიკის წოდებაში, რომელიც მას იქაურმა ხელმძღვანელობამ მიანიჭა. დღეს ხრულიოვი შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაური, აფხაზური თავდაცვის უწყების მინისტრის მოადგილეა.

მშვიდობისთვის იძულება

ვახსენე თუ არა „ომის მორიგი წლისთავი“,  ანატოლი ნიკოლაევიჩმა შემისწორა:

– წლისთავი კი არა, 9 წელი სააკაშვილის მშვიდობისთვის იძულებიდან.

– შეიცვალა თუ არა თქვენი წარმოდგენები 2008 წლის აგვისტოში ქართულ ჯარებთან ბრძოლის მიზეზებისა და მიმდინარეობის შესახებ? იქბნებ ზოგჯერ გეფიქრებათ: „ეჰ, იმ დროს სხვაგვარად უნდა მოვქცეულიყავითო“?

– ყველაფერს ზუსტად ისე გავაკეთებდი, როგორც მაშინ. რა თქმა უნდა, იმ მოვლენებს ხშირად აანალიზებ, ფაქტებს უსადაგებ... ის აგვისტო არ მიშვებს. თუმცა არანაირი ეჭვი არ მაქვს: იმხანად არსებული ვითარების კვალობაზე ჩვენ სწორად ვმოქმედებდით.

– რუსეთის გენშტაბის იმჟამინდელი ხელმძღვანელობა მიანიშნებდა, რომ 58–ე არმიის ხელმძღვანელობა საბრძოლო მოქმედებებისთვის მზად არ იყო. არაერთხელ ითქვა, რომ საბრძოლო ტექნიკა საშინლად იყო მომზადებული...

–ნათქვამია: ახლობელს გადააბრალე, ფონს ის გაგიყვანსო. საკუთარი შეცდომები გენშტაბის იმჟამინდელ ხელმძღვანელს ვიღაცისთვის უნდა გადაებრილებინა. და გადააბრალეს ტექნიკის მოუმზადებლობას. მოდით დავფიქრდეთ: თუ მანქანა მზად არაა მასში ვინ ჯდება სამგზავროდ?... ტექნიკას მუდმივად უნდა ამზადებდე, აკომპლექტებდე. ვადასტურებ, ის ძველი იყო – 15-17 წლის, გავლილი ჰქონდა ჩეჩნეთის ორი კამპანია, თუმცა ტექნიკურად გამართული და დაკომპლექტებული იყო. პირადი შემადგენლობა დარწმუნებული იყო თავის ტექნიკაში – ყველა წვრთნა მისი გამოყენებით ტარდებოდა. ოფიცრებმა იცოდნენ საკუთარი ამოცანები, კარგად იყვნენ გაწვრთნილები. ამიტომაც გაართვეს თავი დასახულ მიზნებს. უბრალოდ როდესაც შენ თვითონ - მოსკოვში მჯდომი ჩაფლავდი, საკუთარი გენშტაბისეული კაბინეტის სიმაღლიდან საჭირო გადაწყვეტილებების ოპერატიულად მიღება ვერ შეძელი, განტევების ვაცი უნდა ეძებო. ვინ იპოვეს მაშინ გენშტაბში? – 58-ე არმია. მაგრამ გეკითხებით, ვინ აიძულა ქართველები, მოეკურცხლათ?– 58–ე არმიამ. მე კი იმ დროს გენშტაბის ხანგრძლივი დუმილის ან გაუგებარი ბრძანებების გამო არაერთხელ მომიწია, რისკისა და შიშის ფასად თავად მიმეღო გადაწყვეტილებები. ხშირ შემთხვევაში სწორედ ასეთ - „რეზინის“ ბრძანებებს მაძლევდნენ – „იმოქმედე ვითარების მიხედვითო“. ანუ, მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეო. და  ვიღებდი. რა უნდა მექნა?

– როგორ ხედავდა გენშტაბი იმხანად 58-ე არმიაში არსებულ ვითარებას, ცნობილია. 58-ე არმიის ხელმძღვანელს რა წარმოდგენა ჰქონდა 2008 წლის აგვიტოში გენშტაბის მხრიდან ჯარებისა და მათი საბრძოლო მოქმედებების მართვის სისტემაზე?

–რუსეთის შეიარაღებული ძალების მართვის იმჟამინდელ სისტემაზე პასუხი ნიკოლაი მაკაროვმა (არმიის გენერალი, 2008 წლის აგვისტოში – რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელი) აგოს. მე პასუხს 58–ე არმიაზე ვაგებდი. ამდენად, ვიმეორებ: ჩემს არმიაში მართვის სისტემა გამართული იყო, პირადი შემადგენლობა – გაწვრთნილი, ტექნიკა – მწყობრში. ამოცანა შევასრულეთ. ხოლო ის, რომ მაკაროვმა მაშინ მართვა სრულად დაკარგა, მისი პრობლემაა. დაე, მისი მმართველობა მისმა იმჟამინდელმა ხელმძღვანელობამ შეაფასოს, რომელიც მან 2008 წლის აგვისტოში დარტყმის ქვეშ დააყენა.

 – ვის გულისხმობთ?

– თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელ სერდიუკოვსა და მთვარსარდალს. სერდიუკოვი და მაკაროვი შემდგომში, აგვისტოს ბოლოს თავს იმართლებდნენ: აქაოდა, 58-ე არმიაში ახალი გენერლები მოვიდნენ და 5 დღეში ყველაფერი გააკეთეს, ძველები კი ვერაფერს გახდნენო. მაგრამ ვინ იყო იქ ახალი? მე ასეთები არ მინახავს. 58–ე არმიას ჯარების მართვა არ დაუკარგავს, აი მოსკოვის მართვა კი დაკარგული იყო. სწორედაც რომ „ძველმა გენერლებმა“ გააკეთეს ყველაფერი, მოიპოვეს გამარჯვება – ბრძოლის ველზე და არა გენშტაბის გალაკულ იატაკზე...

რატომ არ წავიდნენ თბილისზე?

– ომის დაწყებიდან 5 დღის შემდეგ ქართული არმია მშვიდობისთვის აიძულეს. რატომ შეჩერდა 58-ე არმია, რატომ აღარ განაგრძო გზა თბილისისკენ?

– იმიტომ, რომ ქვეყნისა და არმიის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღო.

– ამის შესაძლებლობა არსებობდა?

– არსებობდა. 8-9 აგვისტოს ჯარებმა დამრტყმელი დაჯგუფება შექმნეს, 10–ში კი შეტევაზე გადავიდნენ და მოქმედებდნენ ზედმიწევნით დასახული ამოცანის, საკუთარი მიმართულების მიხედვით. თუმცა გენშტაბმა მაკაროვის ინიციატივით ეს შეაჩერა.

– რატომ?

– ნების არარსებობისა და პოლიტიკური შედეგების შიშის გამო. გარდა ამისა, ჩემი აზრით, აქ საქმე გვქონდა პირად გაუბედავობასთან...

– თბილისიდან რამდენ კილომეტრში იმყოფებოდნენ ჩვენი ჯარები, როდესაც საქართველოში შევიდნენ?

–22-28 კმ–ში, ახლა ზუსტად არ მახსოვს... იქ პოლკოვნიკ შტონდენკოს მოწინავე რაზმი იყო. მას შეეძლო, პირველი მისულიყო თბილისამდე. შეაჩერეს.

– იყო თუ არა 2008 წლის აგვისტოში სტრატეგიულ ბომბდამშენ „ტუ-22“–ის გამოყენების აუცილებლობა, რომელიც ქართველებმა ჩამოაგდეს?

–ეს რთული საკითხია. საჰაერო–კოსმოსური ძალების სპციალისტებს უნდა ჰკითხოთ. მე კი იმ მომენტში საჯარისო ავიაცია მჭირდებოდა.

– თქვენ ის გაგაჩნდათ?

–დიახ და თავის ამოცანას, შესაძლოა, არა სრული მოცულობით, მაგრამ ასრულებდა. საფრონტო ავიაციაც გვქონდა. სერგეი კობილაშის პოლკიდან ავიარეიდერები წინა ხაზზე მოქმედ თითოეულ ჩვენს ქვედანაყოფში მუშაობდნენ. ჩვენს დონეზე სისტემა გამართულად მოქმედებდა. ჯერ კიდევ ომამდე ალექსანდრე ბარანოვმა (ჩრდოლეთ კავკასიური სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი) ჩვენი მონაწილეობით წვრთნები ჩაატარა. 2008 წლის 13 მაისს ბარანოვს 60 წელი შეუსრულდა და მან სამხედრო სამსახური დატოვა. სწორედ მის ადგილზე დაინიშნა სერგეი მაკაროვი – საოლქო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი, მაშინ მემკვიდრეობითობა იყო.

– 2008 წლის ომის შემდეგ დაიწყო საუბრები, რომ აუცილებელი იყო შეარაღებული ძალების სასწრაფო რეფორმირება...

– ჩვენ რეფორმების კუთხით ყოველთვის გვქონდა პლიუსები და მინუსები. თუ იმ ომს დავუბრუნდებით, ვადასტურებ, იმ პერიოდში ტექნიკა და შეიარაღება მართლაც იყო ფიზიკურად მოძველებული, უნდა აღდგენილიყო და შექმნილიყო ახალი ნიმუშები. ამას სათანადო ყურადღება არ ექცეოდა. ამდენად, დიახ, ქართველებთან ომმა რეფორმირების კუთხით სერიოზული ბიძგის როლი შეასრულა.

– ყველაზე მეტად რა დაამახსოვრდა კომანდარმ ხრულიოვს იმ დღეებიდან?

– გარკვეული დროის განმავლობაში ბრძოლის ველზე ვრჩებოდი. თან მახლდა ოფიცრებისა და სამხედრო კორესპონდენტების ჯგუფი. როდესაც დამჭრეს, იგორ უკლეინმა, რომელიც ალექსანდრე სლადკოვის ჯგუფში ხმის ოპერატორად მუშაობდა, გადახვევა გამიკეთა და კიდევ სადღაც ერთი საათის განმავლობაში არ შეგვიწყვეტია ცეცხლი – ქართველების ჯგუფს უნდა გავმკლავებოდით, რომელიც ყველა მხრიდან გვიტევდა... მაშინ ქართული ტანკი ჩავიგდეთ ხელში... თან მახლდა ინალ ვაზაევი, მეამბოხე – და ეს ტანკი ქართველების საწინაარმდეგოდ მოვაბრუნეთ. მხოლოდ მაშინ მივიღე საოლქო ჯარების ხელმძღვანელობისგან თანხმობა ევაკუაციაზე. სხვა დაჭრილებთან ერთად ჩემი ევაკუაციაც განხორციელდა. ჩემს ნაცვლად მართვა პოლკოვნიკმა გოსტევმა განაგრძო.

საბძოლო ოფიცრები– თადარიგში!

– იმ ომის დასრულების შემდეგ განაცხადეთ, რომ არმიიდან საბრძოლო გამოცდილების მქონე ოფიცრების გაშვება დაიწყეს. მაშინ გენერლები ვლადიმირ ბოლდირევი და სერგეი მაკაროვი დასახელდნენ. რა ხდებოდა?

–თავის დროზე, ომის შემდეგ სტალინმა ჟუკოვზე თქვა: ასეთი ხალხი განსაკუთრებით გვჭირდება რუსეთისთვის რთულ პერიოდში, მაგრამ მშვიდობიან დროს ისინი ხელისშემშლელები არიანო... სად არიან ახლა გენერლები პირველი ჩეჩნური კამპანიიდან? ან თუნდაც მეორედან?... აქაც იგივე მოხდა. ყველა, ვინც ომში თავი გამოიჩინა, ხელისშემშლელი და არასაჭირო აღმოჩნდა მათთვის, ვინც გალაკულ პარკეტზე დააბიჯებს...

– ბევრი ოფიცერი წავიდა მაშინ თქვენი არმიიდან?

– რუსეთის ორი გმირი – უხვატოვი და ტიმერმანი - ბატალიონის მეთაური და მზვერავი საკუთარი ნებით წავიდნენ, დაინახეს რა შექმნილი ვითარება. უამრავი ოფიცერი უმიზეზოდ გაუშვეს.

– თქვენ რატომ წახვედით?

– ასაკის და, ასე ვთქვათ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

– ერთგვარ წყენას ვგრძნობ თქვენი მხრიდან...

– სამშობლოს არასოდეს ვუნაწყებდები. მან ყველაფერი მომცა: განათლება, ცოდნა, მდგომარეობა. უბრალოდ საწყენია, რომ ადამიანები, რომლებიც გარკვეულ მომენტში გარკვეულ პოსტებზე მოდიან, თავისი გადაწყვეტილებებით სახელმწიფოს ზიანს აყენებენ, მიუხედავად იმისა, რომ სამშობლომ მათ მაღალი თანამდებობები ანდოთ. ხოლო ის, რომ არ დამაჯილდოეს... ხომ მითხრეს – „მადლობა, ყოჩაღო!“? ...

– მეტისმეტად მკაცრად ხომ არ აფასებთ თქვენს ყოფილ ხელმძღვანელებს, მათ, ვინც საქარველოსთან ომის დროს გმართავდათ?

–როდესაც არმიის მართვის სადავეებთან მოდის ხალხი, რომელიც ჯარის ნგრევას იწყებს, ეს ნამდვილად დასანანია. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ შემდეგ მათ ამისთვის პასუხს არავინ სთხოვს. შესაძლებელია, იმჟამინდელი მინისტრი არ იყოს დიდად დამნაშავე შეიარაღებული ძალების განადგურებაში? დიახ, ის ფინასისტია, ვაჭარი – არა სამხედრო. მას თავისი ამოცანა ჰქონდა. მთავარი პრობლემა გენშტაბის ხელმძღვანელ მაკაროვში მდგომარეობდა, რომელიც იზნიქებოდა, როგორც ნიკოლაი უგოდნიკი. როგორც სამხედრო პირი, იგი ვალდებული იყო, საკუთარი პოზიცია გაემყარებინა, ციფრებში გაეთვალა ყველაფერი. მაგრამ ის, რასაც ის ამტკიცებდა და უჩვენებდა პროფესიონალ სამხედროებს, მათი მხრიდან ცუდ სიტყვებს იწვევდა...

შემდგომში, სერდიუკოვისა და მაკაროვის შემდეგ, როდესაც რეფორმებში დაშვებული უამრავი შეცდომა გამოაშკარავდა, ყველასთვის გასაგები გახდა, რომ დაგვჭიდებოდა ბევრი დრო და ძალა, რათა აღმდგარიყო ბრძოლიუნარიანობაც და მორალური შემართებაც. სერდიუკოვისა და მაკაროვის დროს გამოსცეს ბრძანებები, რომელიც საუკეთესოებს დიდ პრემიებს ჰპირდებოდა. ფულზე ოფიცრები დასვეს. სადაა აქ მორალი, პატრიოტიზმი? ჩვენ რა, სამშობლოს ფულის გამო ვემსახურებით?

–რამდენიმე წლის წინ ყურებს არ დავუჯერე, როცა შევიტყვე, რომ ისე გაგათავისუფლეს, საცხოვრებელი არ გამოგიყვეს. ახლა როგორაა ამ მხრივ თქვენი სამქე?

–არანაირად. ისევ იმ მდგომარეობაში ვარ.

აფხაზური გზაჯვარედინი

–როგორ მიგიღეს სოხუმში გენშტაბის ხელმძღვანელის როლში?

–არაჩვეულებრივად. იქ თავდაცვის მინისტრად მერაბ ქიშმარია ჰყავთ – პატივცემული, ავტოიტეტული დამიანი რესპუბლიკაში. მან გულთბილად მიმიღო, დამისახა ამოცანები. ჩვენ მასთან ისე ვმუშაობთ, როგორც ერთი მთელი.

–როგორ აფასებთ აფხაზური არმიის ამჟამიდელ მდგომარეობას?

–ჯერ–ჯერობით დამაკმაყოფილებლად.

–ბევრია სამუშაო?

–მთავარი ისაა, რომ საქმე არის. ცუდი მაშინ იქნება, როცა ის აღარ გვექნება. წელიწადნახევრის განმავლობაში რუსულ ბაზასთან გაერთიანებული დაჯგუფება ჩამოვაყალიბეთ. დოკუმენტები რატიფიცირებულია. ამჟამად მიმდინარეობს დაგეგმვა, ერთობლივი წვრთნები. ოფიცრებს თვალები უბრწყინავთ, ისე უნდათ მუშაობა.

–რა ხდება აფხაზეთთან საზღვრის იქითა მხარეს?

–წვრთნები, ამერიკელები, შტატების სამხედრო ტექნიკა... რიგითი მოვლენაა, ბიძია სემის პოლიტიკის გაგრძელება. ყველაფერი – საკუთარი საზღვრებიდან რაც შეიძლება, შორს და მოსისხლე მტრების საზღვრებთან რაც შეიძლება, ახლოს. რუსეთი კი ერთ–ერთი მათგანია. ხდება დაძაბვა. ქართველებს ესმით, რომ ახლა აქ გაერთიანებული დაჯგუფებაა, რუსეთის შეიარაღებული ძალები და თუ ფეხს შემოდგამენ, სხვანაირ წინააღმდეგობას წააწყდებიან – არა ისეთს, როგორსაც 2008 წლის აგვისტოში. ახლა „მშვიდობისთვის იძულებას“ ბოლომდე მივიყვანთ...".