ჩეჩნეთში სექსუალური უმცირესობების დასაცავად შედგენილ პეტიციას უკვე 145 ათასი ხელმომწერი ჰყავს

2017-04-14 12:40:23
383

რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვამ ჩეჩნეთში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირთა მასობრივი დაკავების, წამებისა და მკვლელობის შემთხვევების გამოძიების თაობაზე 4 დღის განმავლობაში 145 000 ხელმოწერა შეაგროვა. ე.წ. გეების დაცვის შესახებ მოწოდებით რუსეთის ხელისუფლებას ეუთოს და გაეროს ექსპერტებმაც მიმართეს.

აპრილის დასაწყისში «Новая газета»-მ გამოაქვეყნა პუბლიკაცია ჩეჩნეთში იმ მამაკაცთა მასობრივი დაკავების თაობაზე, რომელთა მიმართაც არსებობდა ეჭვები არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ. მოგვიანებით გამოცემამ ჩეჩნეთში დევნაში მყოფ პირებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არგუნში ორგანიზებულია «საიდუმლო ციხე» არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირებისთვის. კიდევ ერთი მსგავსი საპყრობილე კი, რომელშიც სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს აწამებენ და კლავენ, «რადიო თავისუფლების» მონაცემებით, სოფელ ცოცი-იურტში მდებარებს.

რუსეთის ხელისუფლება ვალდებულია, ჩაერიოს ჩეჩნეთში შექმნილ ვითარებაში, საიდანაც ჟონავს ცნობები გეების გატაცებისა და სიკვდილამდე წამების თაობაზე, - თვლის ეუთო.

«რუსეთის შესაბამისმა უწყებებმა უნდა გამოიძიონ ეს ამაზრზენი შემთხვევები, გამოავლინონ დამნაშავეები და კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯონ ისინი», - განაცხადა ეუთო-ს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ბიუროს დირექტორმა მიხეილ ლინკმა.

გაეროს რამდენიმე ექსპერტმა ასევე მიმართა რუსეთის ხელისუფლებას მოწოდებით ჩეჩნეთის რესპუბლიკაში სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლების უსაფრთხოების უზრუნველყოფის თაობაზე.