"თურმე, ცივილიზებულ სამყაროს ვუცხადებთ ომს": რა მოლოდინები გააჩინა "ოცნების" თავყრილობამ

30-04-2024 18:27:08 პოლიტიკა ,ინტერვიუ

რა უნდოდათ და რა გამოუვიდათ

პოლიტიკის კომენტატორი ვახტანგ ძაბირაძე, რომელსაც პოლიტიკურ პროცესებზე ხალგრძლივი დაკვირვების გამოცდილება აქვს, „აქცენტთან“ აფასებს ხელისუფლების მიერ 29 აპრილს ორგანიზებულ კონტაქციას, სადაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პირადად გააჟღერა მმართველის ძალის ხედვა და შეთქმულების თეორიები, რომელთაც მანამდე „ხალხის ძალისა“ და „ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან ვისმენდით:

· 2004-12 წლებში საქართველოს მართავდა „უცხოური აგენტურა“, რომელსაც „გლობალური ომის პარტია“ აკონტროლებდა;

· „გლობალური ომის პარტია“ აკონტროლებს ევროკავშირს და ნატოს;

· წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ლიდერებად „ენჯეოების ხელით მოწყობილი რევოლუციის შემდეგ დაინიშნნენ“;

· მათ დღემდე ამოძრავებთ სურვილი, „საქართველოში იგივე ადამიანების არაჰუმანური, სადისტური დიქტატურა დააბრუნონ“;

· "გლობალური ომის პარტიისთვის“ საქართველოსაც და უკრაინასაც „მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს“ და სწორედ ამ ძალამ დააპირისპირა რუსეთთან ჯერ საქართველო, ხოლო შემდეგ - უკრაინა.

· ივანიშვილის განმარტებით, „აგენტების“ და „ლგბტ პროპაგანდის“ საწინააღმდეგო კანონპროექტების ინიციირებისთვის დრო „იდეალურად არის შერჩეული“ და ერთ-ერთი მიზანია - „აგენტურას“ ძალები გამოაცალოს შემოდგომის არჩევნებისთვის - „ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნების“ კიდევ ერთი მცდელობის მოლოდინში.

რა იყო ნიშანდობლივი?

ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა აქციამ და განსაკუთრებით, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლამ,– ამბობს „აქცენტთან“ ძაბირაძე და ურთიერთწინააღმდეგობრივ გზავნილებზე, შეთქმულების თეორიებზე გაამახვილა ყურადღება:

„მთელს სამყაროს რომ ვუცხადებთ ომს, ხომ უნდა ვიცოდეთ მაინ?! თუმცა გაგვაფრთხილა, რომ ცივილიზებულ სამყაროს ომს ვუცხადებთ. მე არ ვიცი, ვინ არის „გლობალური ომის პარტა“, რომელიც მსოფლიოს „კარნახობს“ თამაშის წესებს, მათ შორის ევროკავშირს აკონტროლებს და თუ აკონტროლებს, ან იმ ევროკავშირში რა გვინდა?! თურმე ამ „ომის პარტიამ“ გვაიძულა ცალკე ჩვენ და ცალკე უკრაინა, რომ რუსეთისთვის იქეთ გამოგვეცხადებინა ომი – დამნაშავე ის ყოფილა და არა რუსეთი. დაგვიანონსა, რომ თუ გავიმარჯვებ, არჩევნების შემდეგ რეპრესიებს დავიწყებო! ივანიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარში რომ ედგა, მე მაშინ ვაკრიტიკებდი მათ, ღია წერილებს ვწერდით აშშ–ის პრეზიდენტს და ა.შ. თუ უნდოდათ ენმ–ის გნებავთ იდეოლოგიური თუ სამართლებრივი გასამართლება, 12 წელი რაში სჭირდებოდათ?“.

ის რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას: ახლო წარსულზე, მომიტინგეთა ასაკობრივ შემადგენლობაზე, ღონისძიებაზე ადამიანების ნების საწინააღმდეგოდ გაყვანის ნეგატიურ ეფექტზე:

  • „უახლოესი წარსული მაინც ხომ უნდა გახსოვდეს? ენმ–ის დროს სამი თვე იყო რუსთაველზე და თავისუფლების მოედანზე კარვები გაშლილი. მაშინდელი მომიტინგეების და ამჟამინდელის ასაკობრივი შემადგენლობა მნიშვნლოვნადაა განსხვავებული. დღეს ჩემთვის სასიამოვნოა, რომ ძალიან გაახალგაზრდავდა შემადგენლობა. 4–5 წლის წინ მანიფესტანტებს შორის შუახნის და უფროსი ასაკის ადამიანები ჭარბობდნენ. დღეს პირიქითაა. და როდესაც სტუდენტობა გამოდის, როდესაც „ჯენზის“ თაობა მონაწილეობს პროცესებში, რა დაღლაზეა საუბარი? ან ვის უპირისპირდები?“
  • როდესაც ხელისუფლებებს უჭირთ, მაშინ იწყებენ ამგვარი აქციების ჩატარებას. 2020 წელს და მით უფრო 2016 წელს არ მოსვლიად აზრად, მსგავსი რამ გაეკეთებინათ. ანალოგიური გააკეთა სააკაშვილმაც 2012 წელს, მაგრამ არჩევნები წააგო!
  • ხელისუფლება ვერ ხვდება (ვერც სააკაშვილი ხვდებოდა, ვერც შევარდნაძე), ასე ძალად შეკრებილი ხალხი ორიოდ კვირის შემდეგ შენს საწინააღმდეგოდ იწყებს მუშაობას: ყველა მათგანი თავის სოციალურ გარემოში იწყებს დეტალებზე საუბარს, ზოგიერთი თავს იმართლებს და პრინციპში, ნებსით თუ უნებლიეთ, ანტისახელისუფლებო პროპაგანდისტი ხდება“.

რა იყო მოულოდნელი?

ძაბირაძე ამბობს, რომ არ ელოდა ივანიშვილის მხრიდან ღიად საუბარს, მათ შორის ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებასა და რესპრესიებზე:

„ველოდი რბილ გამოსვლას, როგორც აქამდე ჰქონდა – მოზომილს, მაგრამ როგორც ჩანს, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია“.

რა ითქვა ახალი?

სიახლის შეთავაზების რესურსი რომ ჰქონდეთ, რადიკალიზაციის გზას არ დაადგებოდნენ,– ამბობს ძაბირაძე და განაგრძობს, „ახლა მიმდინარეობს სრულმასშტაბიანი პოლარიზაცია. ხელისუფლება ეცდება, ერთ ქავაბში „მოხარშოს“ მთელი ოპოზიცია და წინა პლანზე წამოწიოს ენმ.

რას უნდა ველოდეთ?

ძალიან მძიმე მოლოდინები მაქვს საარჩევნოდ,– წუხს ძაბირაძე და განმარტავს: „როგორც ვხედავთ, იქნება ძალიან ბინძური კამპანია; ალბათ, ვიქნებით სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე. მიუხედავად ამისა, ოპოზიცია არჩევნებზე უნდა ორიენტირდეს. პროტესტის დღესვე გადაჭრა შეუძლებელია.

ხელისუფლებას სურდა ძალის, თავდაჯერებულობის დემოსნტრირება, ამომრჩევლის გამხნევება, მაგრამ საზოგადოება არც ისე გულიბრყვილოა, რომ ასე მარტივად მოტყუვდეს. ჩამოყვანილი ხალხი არაა გარანტია მხარდაჭერის. ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ ამგვარმა მოქმედებამ არც ერთ ხელისუფალს არ გაუმართლა, არც ივანიშვილს გაუმართლებს, დარწმუნებული ვარ. ორიოდ დღე პიარისთვის ეყოფათ, მაგრამ ორი კვირის შემდეგ აქ ჩამოსული მომიტინგეები რეალურად ანტისახელისუფლებო პროპაგანდის გამტარებლები გახდებიან სამეზობლოში – დღეს დიდად საამაყო აღარაა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ხარ და მეზობლებთან იწყებენ თავის მართლებას, რაც ქმნის განწყობას. გარდა ამისა, როდესაც ქუჩაში ახალგაზრდები გამოდიან, ეს სერიოზული პრობლემაა ხელისუფლებისთვის. მშობელიც იძულებული ხდება, შვილს დაუჭიროს მხარი და ღმერთმა ნუ ქნას, იქ რამე მოხდეს... მერე არავინ იცის, როგორ განივითარდება პროცესები“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები