ტერორიზმის საფრთხე:“ საქართველო არ არის ერთადერთი მარშრუტი“

2017-04-12 20:33:52
959

ინტერვიუ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტ გიორგი გობრონიძესთან. 

- ბატონო გიორგი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აზრით,  „საქართველო არ განეკუთვნება ტერორისტული თავდასხმის მაღალი რისკის ქვეყანათა რიცხვს, თუმცა აღნიშნული მიმართლებით არსებობს გარკვეული გამოწვევები“. იზიარებთ მსგავს შეფასებას?

- სიმართლეა, რომ ტერორისტული თავდასხმების თვალსაზრისით სერიოზული რისკის ქვეყნების ჯგუფს არ განვეკუთნებით გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არ არის ტერორისტებისთვის მიმზიდველი სახელმწიფო რიგ მიზეზთან გამო.

ერთ–ერთი მიზეზი ისაა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების განხორციელება არ გამოიწვევს იმ მასშტაბის თუნდაც საინფორმაციო რეზონანსს, როგორსაც, მაგალითად, დასავლეთ ევროპის სახელმწიფოების ტერიტორიაზე ჩადენილი, ტერორისტულ ორგანიზაციებს კი მოუწევთ დაახლოებით იგივე, ან შესაძლოა, მეტი რესურსის დახარჯვაც კი, რომ მიიღონ მათთვის სასურველი შედეგი საქართველოში.

ამასთანავე, თუ გადავხედავთ საქართველოს დემოგრაფიულ სტრუქტურას, ჩვენ არ გაგვაჩნია რესურსი საიმისოდ, რომ ქვეყანაში სერიოზული ტერორისტული დასაყრდენი შეიქმნას. მაგალითად, საფრანგეთში ძალიან დიდია ადგილობრივი  ნატურალიზებული ისლამური თემი. თუ დააკვირდებით საფრანგეთში ტერორისტული აქტების დინამიკასაც, კარგად იკვეთება, რომ უმეტესობა ტერორისტული აქტებისა ჩაიდინეს ნატურალიზებულმა საფრანგეთის მოქალაქეებმა, ან მეორე–მესამე თაობის იმიგრანტებმა არაბული ქვეყნებიდან და ჩრდილოეთ აფრიკის სახელმწიფოებიდან. ჩვენ ეს მოცემულობა არ გვაქვს და ეს არის მეორე ფაქტორი, რატომაც არ განვეკუთვნებით მაღალი რისკის ქვეყნებს.

თუმცა არის სხვა რისკი, რომ ცალკეულმა სახელმწიფოებმა განახორციელონ გარკვეული თავდასხმები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ამას მიეცეს გარკვეული ისლამისტური მოძრაობების მიერ ჩადენილი ტერაქტის ელფერი.  მაგრამ ამ ეტაპზე ამის ალბათობაც ნაკლებია.

- როგორც სუს–ის ანგარიშში ვკითხულობთ, „შემცირდა ტერორისტულ საქმიანობაში ჩართვის მსურველი, რადიკალიზებული მოქალაქეების რაოდენობა“. როგორ ფიქრობთ, აქვს ოპტიმიზმის საფუძველი უსაფრთხოების სამსახურს ამ კუთხით და თუ აქვს, რის ხარჯზე შემცირდა მსგავსი განწყობების მქონე მოქალაქეების რაოდენობა?  

- თუ გადავხედავთ ახლო აღმოსავლეთში ანტიტერორისტული კამპანიის ფარგლებში მიმდინარე პროცესებს, ცხადი ხდება, რომ ეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც გამოიწვევდა ნაკლებ დაინტერესებას ტერორისტულ ორგანიზაციებში ჩართულობის თვალსაზრისით. უპირველესად, როდის არის ტერორისტული ორგანიზაცია ადამიანებისთვის მიმზიდველი? - როდესაც ის არის წარმატებული. იგივე „ისლამური სახელმწიფოს“ ბოლო მარცხმა და გართულებებმა აჩვენა, რომ მან ვერ შეძლო, შეექმნა წარმატების მაგალითი, რომელიც ძალიან მიმზიდველი გახდებოდა ქართველებისთვის. ამაზე გარკვეული გავლენა იგივე თარხან ბათირაშვილის დაღუპვამაც იქონია, იმანაც, რომ თავად „ისლამური სახელმწიფოს“ შესახებ მეტი ინფორმაცია შემოვიდა საზოგადოებაში და კარგად გამოჩნდა, თუ რა არის რეალურად „ისლამური სახელმწიფო“, რომელიც არც სახელმწიფოა და მით უმეტეს არც ისლამური, რადგან ის, რასაც ეს ორგანიზაცია აკეთებს, რეალურად არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება ისლამური რელიგიის თვალსაზრისით. გავიხსენოთ, ბზობის დღესასწაულზე ეგვიპტეში მოწყობილი ტერორისტული აქტები, რომელიც ალ–აზჰარის მთავარმა შეიხმა უდანაშაულოთა მკვლელობად შეაფასა, ხოლო ისლამში უდანაშაულოთა მკვლელობასთან დაკავშირებით არის დათქმა, რომ ის, ვინც კლავს ერთ უდანაშაულოს, კლავს მთელს სამყაროს. ანუ, თავად ისლამური რელიგიისთვისაც კი წარმოუდგენელი და მიუღებელია ის სისასტიკე და ბოროტება, რასაც ზოგადად ეს ორგანიზაცია სჩადის. მცდარი სტერეოტიპია, თითქოს ისლამი არ არის მშვიდობიანი რელიგია. რეალურად, ეს ასე არაა და იდეის რადიკალიზაციის თეოლოგიური ფაქტორები თანდათან კარგავს თავის დასაყრდენს. ნათელი ხდება, რომ სინამდვილეში არც მუსლიმი მოსახლეობის ინტერესების დაცვას ემსახურება რადიკალური ნაბიჯები და არც არაფერს. თავისთავად ესეც განაპირობებს იმას, რომ მცირდება იმ ადამიანთა რაოდებობა, ვინც თვლის, რომ ამ ორგანიზაციაში რაიმე ფორმით ჩართულობით შესაძლებელია რაიმე მიზნის მიღწევა. როგორც წესი, რელიგიურ ნიადაგზე მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციები ცდილობენ, რაღაც მაღალი მორალური გამართლება მოუძებნონ საკუთარ ტერორისტულ აქტივობას და ამისთვის იყენებენ რელიგიური დოგმების დამახინჯებულ ინტერპრეტაციებს. მეორე მხრიდან სწორი ინტერპრეტაციის მიწოდებამ და განათლების ზრდამ შესაძლოა, განაპირობოს ის, რომ სულ უფრო ნაკლები ადამიანი დაინტერესდეს ამ ორგანიზაციებში ჩართვით.

ცალკე უნდა აღინიშნოს ის ღონისძიებები, რომლებიც სახელმწიფოში ამ მიმართულებით გატარდა. გარკვეული ღონისძიებების უკეთ გატარებაც შეიძლებოდა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეალურად მიექცა ყურადღება რისკის ჯგუფებს. ბოლო სტატისტიკას თუ დავხედავთ, საქართველოდან სირიაში ემიგრირებული ადამიანების რაოდენობა ნულამდე დავიდა.

- გასაგებია, მაგრამ ალბათ, გასათვალისწინებელია ის ხარვეზები, რომელიც დაფიქსირდა და რის შესახებაც საჯაროდ გახდა ცნობილი. გავიხსენოთ  თუნდაც დავით ბორჩაშვილის ირგვლივ გავითარებული მოვლენები, ან ერთ–ერთი არასრულწლოვანის საქმე, რომელმაც ქვეყნიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით მოახერხა გაღწევა...

- ხარვეზები თავიდანვე ძალიან ბევრი იყო. ამასთან, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რთულია, გააკონტროლო მსგავსი ნაკადი. შუბლზე არავის აწერია, რომ ტერორისტია, ყველა ლეგალურად გადადის თურქეთის ტერიტორიაზე. თურქეთში გადასვლა შესაძლებელია ID ბარათით, ხოლო თუ მშობლის ნებართვას გააყალბებს, არც არასრულწლოვანისთვის წარმოადგენს საზღვრის გადაკვეთა პრობლემას. სირიაში გადასვლა თურქეთის ტერიტორიიდან ხდება და აქ უკვე რთულია და სამომავლოდაც რთული იქნება ქართული სპეცსამსახურებისთვის ამგვარი მიგრაციული ნაკადის აღკვეთა. წინააღმდეგ შემთხვევაში საჭიროა სერიოზული ოპერატიული ღონისძიებების გატარება. საუბარია ძალიან დიდი რაოდენობით, ძალიან ბევრი ადამიანის შესახებ ინფორმაციის შეგროვებაზე, რასაც არა მხოლოდ ქართული, არამედ გაცილებით დიდი და ძლიერი ქვეყნების სპეცსამსახურიც კი შეიძლება, ვერ გასწვდნენ. თუმცა ეს არ არის კონტრტერორისტული და ანტიტერორისტული პოლიტიკის მთავარი მსაზღვრელი ეფექტურობის თვალსაზრისით. მაგალითად, იგივე პანკისის ხეობაში დაიწყო გარკვეული ღონისძიებები და ძვრები იმ მიმართულებით, რომ საზოგადოებისთვის გაეჩინათ თუნდაც სხვა ალტერნატივები; უფრო გაიხსნა დიალოგი ისლამურ თემთან და გამოჩნდა, რომ თავად ისლამურ თემში არაა ბევრი ადამიანი მსგავს აქტივობებში ჩართვის მომხრე. კარგი იქნება, თუ ამაზე სწორი შეხედულებების ჩამოყალიბება იქნება უზრუნველყოფილი, რადგან ხშირ შემთხვევასში, რასაც ვისმენდი თუნდაც იგივე პანკისის ხეობაზე, თავიდანვე გადაჭარბებული იყო. თავად ხშირად მიწევს იქ ყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, ახლო აღმოსავლეთში საქართველოდან ძალიან ცოტა ადამიანი გადავიდა, ადამიანები, რომლებსაც რაიმე სახის კავშირი ჰქონდა საქართველოსთან ან იყვნენ საქართველოდან წასულები, აღმოჩნდნენ ცალკეული საბრძოლო დანაყოფების ან თვითონ ტერორისტული ორგანიზაციის ე.წ. ტოპ–მენეჯმენტში და ამანაც შექმნა ერთგვარი წარმატების პირველადი ისტორია, რაც ასევე მიმზიდველს ხდიდა ცალკეული ადამიანებისთვის ორგანიზაციას: თითქოს იქ მოხვედრით შესაძლებელი იყო, მოეხვეჭათ რაღაც დიდება, გაეუმჯობესებინათ მატერიალური მდგომარეობა, აემაღლებინათ სოციალური სტატუსი და ა.შ. მას შემდეგ, რაც ეს საკითხები დღის წესრიგიდან მოიხსნა, საქართველოდან მიგრაცია შემცირდა და ეს შეიძლება, მოვიაზროთ ქართული სახელმწიფოს ერთ–ერთ წარმატებად.

- ბრძანეთ, გაიხსნა დიალოგი მუსლიმ თემთანო. ეს სამოქალაქო საზოგადოების აქტივობის შედეგი უფრო ხომ არ არის, ვიდრე თავად სახელმწიფოს ჩართულობის?...

- მე ვსაუბრობ საქართველოს სახელმწიფოს და არა მთავრობის, როგორც ასეთის წარმატებაზე...

- მე მაინტერესებს, თავად სახელმწიფოს აქტივობას როგორ აფასებთ, გარდა იმ პოლიციური ღონისძიებებისა, რომელსაც ახორციელებს, ვინაიდან ამ საკითხს სჭირდება სიღრმისეული კვლევა და შესაბამისი მიდგომა.

- ეს გარკვეულწილად მართლაც პრობლემაა. როდესაც ვსაუბრობთ სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ ანტიტერორისტულ პოლიტიკაზე, კი ბატონო, გვაქვს მთელი წყება ღონისძიებებისა, რომელიც განხორციელდა სოციალურ–კულტურულ–ეკონომიკური ენტეგრაციის თვალსაზრისით. მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ღონისძიებები უფრო მეტად ფრაგმენტულია და სჭირდება მეტი სისტემატიზაცია, რათა საზოგადოებაში არსებული რადიკალიზაციის ფაქტორები, რომელიც, სამწუხაროდ, დღემდე არსებობს საქართველოში, შემცირდეს და ბოლოს საერთოდ მოიხსნას. ამას კი განსხვავებული ტიპის მიდგომა სჭირდება, ვიდრე ის, რომელიც დღეს ხორციელდება სახელმწიფო მიერ. მხოლოდ უსაფრთხოების სტრუქტურისა და რეპრესიული აპარატის გაძლიერებით ეფექტური დაპირისპირება ვერ მოხერხდება იმ ძალებსა და სოციალურ ინტერესთა ჯგუფებთან, რომლებიც შესაძლებელია, იყვნენ დაინტერესებულნი საქართველოშიც რადიკალური ფონის ზრდითა და შემდგომში უკვე გარკვეული ტერორისტული ღონისძიებების განხორციელებით. და აქ მნიშვნელოვანია ჩავრთოთ სხვა დაწესებულებებიც.

როდესაც ვსაუბრობთ ე.წ. ისლამურ ტერორიზმზე და მუსლიმ თემში რადიკალიზაციის პრობლემებზე, ძალიან მნიშვნელოვანია, შევხედოთ ისეთ საკითხებს, როგორიც არის რელიგიური განათლების პრობლემა, რომელიც არ არის დაკავშირებული მხოლოდ მუსლიმ თემთან, ეს არის ზოგადად ქვეყანაში არსებული რელიგიური განათლების პრობლემა. ძალიან დაბალია ამ ტიპის განათლების რეგულირების ხარისხი სახელმწიფოს მხრიდან და პრაქტიკულად სრული დისკრეცია რელიგიური ორგანიზაციებისთვის არის დათმობილი. მე არ მაქვს ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ლეგალური ფორმით ფუნქციონირებდეს რომელიმე მედრესე, ამ მიმართულებით არსებობდეს საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც თუნდაც განათლების სამინისტროს მიერ არის მოწონებული და ავტორიზებული. ასევე პრობლემას წარმოადგენს თავად უმცირესობათა უფლებების დაცვა. ისევ გვახსოვს ელას, სამთაწყაროს, მოხეს და ა.შ ინციდენტები. მსგავსი ქმედებები ხელს უწყობს საქართველოში ფონის დაძაბვას და საზოგადოებრივი დაპირისპირება შესაძლოა, ისედაც მოხდეს. შესაძლოა, გარკვეული სახელმწიფოების სპეცსამსახურებიც იყვნენ დაინტერესებულები, რომ საქართველოში მოხდეს რელიგიური ტიპის კონფლიქტების პროვოცირება.

ასევე მნიშვნელოვანია, რამდენად იცნობს ქართული სახელმწიფო, სპეცსამსახური სხვა ქვეყნების ფონდების საქმიანობასა და მუშაობის სპეციფიკას, რომლებიც უცხო ქვეყნებში რელიგიური განათლების მიღების მიზნით ქართველი ახალგაზრდების მივლენას ახდენენ. გვაქვს თუ არა ინფორმაცია, რას სწავლობენ? შემდეგ ისინი ქვეყანაში ბრუნდებიან.

ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა კი ისაა, რომ უნდა არსებობდეს კონკრეტული პოლიტიკა, როგორ ეკიდება სახელმწიფო თავის მოქალაქეებს, ჩვენ კი, სამწუხაროდ, კვლავ გვაქვს უმცირესობებთან დაკავშირებული პრობლემები და ამ მიმართულებით ბევრია სამუშაო.

ამდენად, ვერ ვიტყვი, რომ სახელმწიფოს ეფექტური პოლიტიკა აქვს. პირადადაც მიჩნდება კითხვა, რა საჭირო იყო პრემიერ-მინისტრის აპარატში რელიგიის საკითხთა სააგენტოს შექმნა? როგორია მათი პოლიტიკა მუსლიმ თემთან მიმართებაში? თავად მუსლიმი თემი უკმაყოფილოა  მისი საქმიანობით. ზოგადად, რა ხარისხით უნდა ერეოდეს სახელმწიფო რელიგიური ორგანიზაციების ადმინისტრაციულ საქმიანობაში, ცალკე თემაა. ერთია განათლების რეგულირების საკითხი და მეორე  – დაუნიშნო თემს მუფტი და გააკეთო განცხადება – „ჩვენ საქართველოში ისლამის სუნიტური და შიიტური მიმართულებები გავაერთიანეთო“, რაც ნონსენსია. ამას მოჰყვა კიდეც კომენტარი „რაკი ახერხებს რელიგიური დენომინაციების, იქნებ ჯერ კათოლიკე და მართლმადიდებენ ეკლესიებს შორის არსებული დიდი სქიზმა გადაგეწყვიტათ და ეს დიდი ქრისტიალური ეკლესია გაგეერთიანებინათო“. მთლიანობაში ესეც პრობლემაა ხო? სახელმწიფოს აქვს სტრუქტურა შექმნილი და მსიი ხელმძღვანელი ამ ტიპის განცხადებას აკეთებს. ძალიან ბევრი საკითხია, რაზეც სამუშაო გვაქვს და ეს მხოლოდ უსაფრთხოების სამსახურის პრეროგატივა არაა.

- საგანმანათლებლო ნაწილში ალბათ საინტერესოა თავად მედრესეების თემაც. უმეტესი ნაწილის საგანმანათლებლო პროგრამა არაა შეთანხმებული შესაბამის უწყებებთან...

- სწორედ ამას ვამბობ. და ეს არ ეხება მხოლოდ მუსლიმ თემს. ანალოგიური პრობლემა გვაქვს ქრისტიანული პროფილის სასწავლებლებშიც. საპატრიარქოსთან არსებულ სასწავლებლებში არსებობს რაღაც პროგრამები, მეტ–ნაკლებად რეგულირებული, მაგრამ იგივე საპატრიარქოს სკოლებში რელიგიის სწავლება როგორაა რეგლამენტირებული, რა ღირებულებებს უნერგავენ მოქალაქეებს, ვიცით? სამწუხაროდ, ამ მიმართულებითაც იკვეთება პრობლემები და ნამდვილად არ ეთქმის თუნდაც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ერთ–ერთი შემწყნარებელი და ტოლერანტიიმ ფონზე, როცა გავხდით არაერთი ფაქტის მომსწრე, როდესაც თავად სასულიერო პირები იყვნენ მაპროვოცირებლები რადიკალიზმისა. გავიხსენოთ თუნდაც გურიის ინციდენტი – მუსლიმ ბავშვებს სკოლაში ლოცვას აიძულებდნენ. შემოქმედის მიტროპოლიტმა კი განაცხადა, რომ მასწავლებელი ამ ბავშვის სულის ხსნაზე ზრუნავდა. ცოტა არ იყოს, უცნაურია...

- და ბოლოს, თქვენ ახსენეთ „ისლამური სახელმწიფოს“ ირგვლივ მიმდინარე პროცესები. რაც მეტი იქნება ზეწოლა ამ ტერორისტულ ორგანიზაციაზე, ალბათ, უნდა ველოდოთ ნაკადის სირიიდან გადინებას და პროცესების სხვადასხვა ტერიტორიებზე გადანაცვლებას. ვიცით, რომ სირიაში რუსეთის მოქალაქეების საკმაოდ დიდი რაოდენობაა წარმოდგენილი, რომლებმაც თავის დროზე სავარაუდოდ, გამოიყენეს საქართველოს ტერიტორია სატრანზიტოდ, ასევე იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეებიც. მსგავს ვითარებაში რამდენად უნდა ველოდოთ ამ მოქალაქეების მხრიდან საფრთხეს?

- ამ კუთხით საინტერესოა ორი საკითხი: სად მოხდება ამ მოქალაქეებიც გაწოვა, ან მოხდება თუ არა საერთოდ. და ვისი მხრიდან უნდა გაიზარდოს სირიაზე ზეწოლა? ალბათ, დასავლური კოალიციის და არაბული ქვეყნების მხრიდან, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების ირგვლივ არიან გაერთიანებული ანტიტერორისტულ კოალიციაში. ამ ფონზე შესაძლებელია, საფრთხეები უპირველესად, ევროპის მიმართულებით გაიზარდოს. ჩვენ პრაქტიკულად ყოველდღიურად ვიგებთ ევროპის სხვადასხვა ქალაქებში განხორციელებული ახალი თავდასხმების შესახებ.

მეორე მიმართულებაა რუსეთის ფედერაცია. მას ეს შეუქმნის და უკვე უქმნის პრობლემებს. რაც უფრო აქტიურად იქნება რუსეთის ფედერაცია სირიაში წარმოდგენილი, მით უფრო გაიზრდება მის წინააღმდეგ ე.წ. ჯიჰადისტური პროტესტის ტალღაც და უკვე გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგაც განხორციელდა გარკვეული მოქმედებები.

რაც შეეხება საქართველოს, სხვადასხვა ინფორმაციით, საუბარია საქართველოს დაახლოებით 100 მოქალაქეზე, რომელიც წასულია სირიაში საბრძოლველად. მათი ნაწილი დაიღუპა საბრძოლო მოქმედებების დროს, ზოგს წამოსვლა უნდოდა, არ გამოუშვეს და ამ ამბავს შეეწირა. შესაბამისად, აქედან ის მასა არ არის წასული, რომელიც დაბრუნების შემდეგ რეალურ საფრთხეს შექმნის. მნიშვნელოვანია, რომ დაბრუნების შემთხვევაში ამ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

ამდენად, არ მგონია, ეს დიდ პრობლემას წარმოადგენდეს ჩვენთვის, განსხვავებით რუსეთის ფედერაციისგან, საიდანაც, ოფიციალური ინფორმაციით, 4300–5000–მდე ადამიანი გადავიდა სირიაში სხვადასხვა ისლამისტურ ორგანიზაციებთან ერთად საბრძოლველად, არაოფიციალური წყაროების ინფორმაციით, მათი რაოდენობა შესაძლოა, 8000–9000–საც აღემატებოდეს, რიგი წყაროების ცნობითკი, 11 000–სსაც აღწევს. ამ შემთხვევაში უნდა ველოდოთ, რომ გარკვეული რადიკალური ჯგუფები გაძლიერდებიან ჩრდილოეთ კავკასიაში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო არ არის ერთადერთი მარშრუტი. აზერბაიჯანის ტერიტორიის გამოყენებითაც შესაძლებელია დაღესტანში გადასვლა. საქართველოდან მაინც უფრო რთულია საზღვარზე გასვლა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მესაზღვრეს ვერ მოქრთამავ ადვილად. ვისაც დოკუმენტები წესრიგში ექნება, მათ კი შესაძლოა, გამოიყენონ და ამის ალბათობაც არსებობს. თურქეთიდან ლეგალურად შემოსულ მოქალაქეს შუბლზე არაფერი აწერია, საქართველოსა და რუსეთს შორის კი არცთუ კარგი ურთიერთობაა, არ ხდება ამ ტიპის ინფორმაციის გაცვლა და ეს ამ შემთხვევაში უპირველესად რუსეთის ფედერაციის პრობლემაა. აქ თავს ვერაფრისგან დავიზღვევთ და უნდა ველოდოთ რუსეთის ფედერაციისგან კიდევ ერთ ბრალდებას ტერორიზმის მხარდაჭერაში, რაც მას ახასიათებს: პერიოდულად გვადანაშაულებს ტერორიზმის მხარდაჭერაში, რაც, საბედნიეროდ, ვერ დაასაბუთა და ვერ დაასაბუთებს, რადგან საქართველო არათუ მხარდამჭერი, ერთ–ერთი ყველაზე აქტიური წევრია ანტიტერორისტული კოალიციისა.

ავტორი: დიანა მუსელიანი

ახალი ამბების სააგენტო „აქცენტი“