BBC: „ირანელები საქართველოსკენ მიეშურებიან“

2017-03-21 21:42:56
1166

ირანელები 20 მარტს ნოვრუზის დღესასწაულს და სპარსულ ახალ წელს ზეიმობენ. აღნიშნულ თემას BBC–მ რეპორტაჟი მიუძღვნა და როგორც ავტორი აღნიშნავს, ირანელებს აქვთ ტრადიცია, ახალ წელს სხვა ქვეყანაში შეხვდნენ, რათა საკუთარ ქვეყანაში არსებულ აკრძალვებს გაექცნენ. საქართველო კი ამ მხრივ, მათთვის ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა, მითუმეტეს, მას შემდეგ, რაც ირანის მოქალაქეებისთვის გასულ წელს სავიზო რეჟიმი გაუქმდა.

„საქართველო ავირჩიეთ, რადგან ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა. ქართველები სტუმართმოყვარე, კეთილი ხალხია. ტურისტებს კარგად ექცევიან. იმ ირანელ მომღერლებს, რომლებსაც სამშობლოში არ უშვებენ, აქ თავისუფლად შეუძლიათ კონცერტის გამართვა“, - ამბობს BBC –ის რესპონდენტი ირანელი გოგონა, რომელიც თბილისს ოჯახის წევრებთან ერთად ესტუმრა.

ცნობისთვის: თბილისის საკონცერტო დარბაზში 23 და 28 მარტს ირანული პოპმუსიკის მომღერლების კონცერტები გაიმართება. ირანელი ტურისტების უმრავლესობა კონცერტებზე დასასწრებად ჩამოვიდა, რადგან ირანში პოპმუსიკა აკრძალულია.