პროკურატურა: ლადო აფხაზავას მიმართ ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა

08-05-2024 16:13:26 სამართალი

საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, უწყებამ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ ლადო აფხაზავასა და კიდევ ერთ პირზე განხორციელებულ თავდასხმაზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

„საქართველოს პროკურატურამ ორი პირის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე კ.ფ.-ს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 5 მაისს, ქალაქ ლანჩხუთში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა კ.ფ.-მ მეზობლად მცხოვრები ორი პირის მიმართ ფიზიკურად იძალადა, კერძოდ, ორივე მათგანს სახის არეში ხელი დაარტყა.

კ.ფ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარედგინა, რაც ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

ცნობისთვის: მასწავლებელი ლადო აფხაზავა თავდასხმის შესახებ 5 მაისს იუწყებოდა.

აფხაზავა მონაწილეობდა „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო დემონსტრაციებში: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს“.

მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომ, რომლის მფლობელიც არის ლადო აფხაზავა, პედაგოგზე თავდასხმა დაგმო.

„ვგმობთ ლადო აფხაზავაზე თავდასხმას და სოლიდარობას ვუცხადებთ მას. ლადო არა მხოლოდ გამორჩეული მასწავლებელი, არამედ გამორჩეული მოქალაქეა. მასზე განხორციელებული თავდასხმა განსაკუთრებით საეჭვოა მისი სამოქალაქო აქტიურობის ფონზე. ველით, რომ გამოძიება დროულად და ეფექტიანად განხორციელდება. ლადოს ვესაუბრეთ და საბედნიეროდ, ის და მისი ბავშვები კარგად არიან“, - ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები