მასწავლებელი ლადო აფხაზავა ამბობს, რომ თავს დაესხნენ: "ჩემს სადარბაზოსთან გააჩერეს მანქანა, 3 ადამიანი მოგვსდევდა, ჩემს ბიჭსაც დაარტყეს ხელი"

06-05-2024 12:05:00 საზოგადოება

მასწავლებელი ლადო აფხაზავა ამბობს, რომ ლანჩხუთში თავს დაესხნენ.

"საღამოს შვიდ საათზე მე და ჩემმა ბიჭმა გადავწყვიტეთ, სოფელში ჩემს დასათან წავსულიყავით. სადარბაზოდან რომ ჩამოვედით, ეზოში მანქანა შემოვიდა, სადარბაზოსთან გააჩერეს, გინებები დამიწყეს, შე ნაციონალო, პოლიტიკური კუთხით. არ მინდოდა პასუხი გამეცა მაგრამ საბარგულიდან ამოიღეს კომბალივით დიდი ხის ჯობხები. პირველი, რაც მოვახერხე, არასოდეს ადამიანისთვის ხელი არ დამირტყამს და ცოტა ნასვამები იყვნენ, ხელი არ დამერტყა, და ეს დიდი ხე, კომბალი თუ რაღაც, ბეისბოლის ჯოხებივით, წავართვი და, ცუდი რაც ვქენი, ისევ საბარგულში ჩავუდე. წავედით, გზა გავაგრძელეთ, თუმცა ეს ბეისბოლის ჯოხები ამოიღეს... თუ მანამდე 2 დაგვესხა თავს, უკვე 3 ადამიანი მოგვსდევდა. ერთადეთი რაც მოვახერხე, ვიდეოს გადაღება", - ამბობს აფხაზავა "მთავარ არხთან" საუბრისას.

მისივე თქმით, თავდამსხმელები ლანჩხუთელები არიან, მის უბანში მცხოვრები ადამიანები.

ჟურნალისტის კითხვაზე, "ხომ არ იყო თუ არა ეს წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია", აფხაზავა პასუხობს: "არ ვიცი, ვერ დავადასტურებ, მაგრამ საბარგულიდან გამზადებულად ამოიღეს ეს ხის ჯოხები. აწია საბარგული, გამოიღო ადამიანის საცემრად გამზადებული ჯოხი რომ აქვს. სხვანაირად ვერ ვფიქრობ ხო?".

"ჩემთვის დაერტყათ, არანაირი პრობლემა არ იყო. მე მყავს სახლში ლევანი, რომელმაც მცირე საოჯახო სახლი რომ დატოვა, მან გადაწყვიტა, ჩემთან ცხოვრება. მედიკამენტებზეა, ემოციური ბავშვია, წამლებს ვასმევთ. ჩემ ბიჭსაც დაარტყა ხელი... ლევანი რომ წაიქცეოდა, იმაზეც ცუდად ვხდებოდი და ხელს რომ ურტყამდა...", - ამბობს აფხაზავა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

აფხაზავა მონაწილეობდა „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო დემონსტრაციებში: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს“.

მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომ, რომლის მფლობელიც არის ლადო აფხაზავა, პედაგოგზე თავდასხმა დაგმო.

„ვგმობთ ლადო აფხაზავაზე თავდასხმას და სოლიდარობას ვუცხადებთ მას. ლადო არა მხოლოდ გამორჩეული მასწავლებელი, არამედ გამორჩეული მოქალაქეა. მასზე განხორციელებული თავდასხმა განსაკუთრებით საეჭვოა მისი სამოქალაქო აქტიურობის ფონზე. ველით, რომ გამოძიება დროულად და ეფექტიანად განხორციელდება. ლადოს ვესაუბრეთ და საბედნიეროდ, ის და მისი ბავშვები კარგად არიან“, - ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები