ბაიდენმა უკრაინის $61-მილიარდიანი დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა

24-04-2024 19:25:23 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა. ამის შესახებ მან თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბაიდენმა პირობა დადო, რომ ამ კვირაში განაახლებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას.

მანამდე მედია წერდა, რომ საბოლოო დამტკიცების შემდეგ აშშ სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს, რომელშიც შემავალი იარაღის დიდი ნაწილი უკვე გერმანიის და პოლონეთის საცავებშია.

24 აპრილს აშშ-ის სენატმა საბოლოოდ დაამტკიცა გადაწყვეტილება უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის სამხედრო დახმარების ასიგნებების შესახებ. ექვსთვიანი შეფერხების შემდეგ კანონპროექტი სენატმა მიიღო ფართო უმრავლესობით სამშაბათს. მანამდე ის პალატამ დაამტკიცა.

პაკეტის ჯამური მოცულობა 95 მილიარდი დოლარია, აქედან 61 მილიარდი უკრაინაზეა გათვლილი. გადაწყვეტილება ძალაში სწორედ პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ შედის.

პაკეტი ასევე მოიცავს 26 მილიარდ დოლარს ისრაელისთვის და ღაზას მოქალაქეების ჰუმანიტარული დახმარებისთვის, 8 მილიარდ დოლარს ჩინეთის საფრთხეების დასაძლევად ტაივანსა და ინდო-წყნარ ოკეანეში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები