CNN: იარაღის უმეტესობა, რომელსაც აშშ მალე გადასცემს უკრაინას, უკვე გერმანიისა და პოლონეთის საწყობებშია

23-04-2024 15:39:21 მსოფლიო

იარაღის უმეტესობა, რომელსაც აშშ უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში გამოყოფს შესაბამისი კანონის საბოლოოდ დამტკიცების შემდეგ, უკვე გერმანიისა და პოლონეთის საწყობებშია. ამის შესახებ CNN ამერიკულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები ამაზე ღიად არ საუბრობენ, წყაროს თქმით, ამ დახმარების დიდი ნაწილი უკვე ინახება გერმანიისა და პოლონეთის საწყობებში, რაც, როგორც ჩანს, შეამცირებს ამ იარაღის უკრაინაში გადატანის დროს.

წყარომ ასევე განაცხადა, რომ საარტილერიო ჭურვები იქნება ერთ-ერთი პირველი საბრძოლო მასალა, რომელიც უკრაინას მიეწოდება.

აღინიშნა, რომ საზღვრის გადაკვეთის შემდეგ უკრაინელი ოფიციალური პირები შეეცდებიან მასალების საჭიროებისამებრ გადანაწილებას, რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ ეს მაინც მნიშვნელოვან ლოგისტიკურ პრობლემას შექმნის იარაღის უზარმაზარი რაოდენობის გათვალისწინებით. ამიტომ, CNN-ის თანახმად, ახალი დახმარების პაკეტის სწრაფი დამტკიცების შემთხვევაშიც კი, უპირატესობა, რომელიც ახლა რუსეთს აქვს, დაუყოვნებლივ არ აღმოიფხვრება.

მანამდე Politico წერდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაფართოებულ პაკეტს ამზადებს, რომელიც არტილერიისა და საჰაერო თავდაცვის საშუალებების გარდა ჯავშანტექნიკას მოიცავს.

გამოცემის ცნობით, "ბრედლის" ქვეითი საბრძოლო მანქანები შესაძლოა, მიწოდების ნაწილი იყოს. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ პაკეტში შევა სამხედრო ავტომობილები HMMWV, M113 ჯავშანტრანსპორტიორები და რაკეტები.

მოსალოდნელია, რომ სენატი კანონს დღეს, 23 აპრილს მიიღებს და ბაიდენს ხელმოწერისთვის გაუგზავნის.

20 აპრილს კანონპროექტმა, რომელიც მოიცავს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას, მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში.

Новости

Другие новости