პრემიერი: სალომე ზურაბიშვილს მორალური უფლება არ აქვს, ხვდებოდეს კალანდარიშვილს და საერთოდ, საუბრობდეს არჩევნებზე

29-03-2024 15:58:58 პოლიტიკა

"სალომე ზურაბიშვილს მორალური უფლება არ აქვს, ხვდებოდეს ცესკო-ს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს და საერთოდ, საუბრობდეს არჩევნებზე", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის მიერ დღეს ორგანიზებულ შეხვედრას, რომელიც არჩევნებში დიასპორის მაქსიმალური ჩართულობის საკითხის განხილვას ეძღვნება.

მისი თქმით, ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი „კოლექტიური ნაცმოძრაობის სპეკულაციური კამპანიაა”, რომელსაც ზურაბიშვილის შეუერთდა.

„სალომე ზურაბიშვილს არ აქვს არავითარი მორალური უფლება ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს. თქვენ გახსოვთ, რომ მიუხედავად კომისიის გადაწყვეტილებისა, მან კალანდარიშვილი არ წარადგინა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად, იმიტომ, რომ კალანდარიშვილს თავის დროზე მხარი არ დაუჭირეს ხაბეიშვილმა, სამადაშვილმა, ვაშაძემ და სხვებმა. შესაბამისად, ზურაბიშვილს მორალური უფლება არ აქვს, ხვდებოდეს კალანდარიშვილს და მეორე, მას საერთოდ არ აქვს მორალური უფლება საუბრობდეს არჩევნებზე, იმიტომ, რომ ის პირდაპირ თავისი ვეტოთი მხარს უჭერდა ჩიხის შენარჩუნებას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ყველა კარგად ხედავს, რომ სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი მიზანია საბოტაჟი, ერთადერთი მიზანია, რომ არჩევნებს რაღაცნაირად შეექმნას საფრთხე, პრობლემა. რა თქმა უნდა, ამას ვერ მიაღწევს სალომე ზურაბიშვილი და ეს სპეკულაციებიც, რომელსაც ის შეუერთდა ამ ემიგრაციასთან დაკავშირებით, არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სპეკულაციური კამპანია. ესეც აჩვენებს კიდევ ერთხელ იმას, რომ სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი მიზანი და თვითმიზანი არის, რომ ჩრდილი მიაყენოს არჩევნებს, რასაც ის ვერ მიაღწევს“, - განაცხადა კობახიძემ.

ამავე თემაზე: პრეზიდენტი – არჩევნებში დიასპორის მონაწილეობაზე: მნიშვნელოვანი ხარვეზია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო არ მონაწილეობს შეხვედრებში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები