პრეზიდენტი – არჩევნებში დიასპორის მონაწილეობაზე: მნიშვნელოვანი ხარვეზია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო არ მონაწილეობს შეხვედრებში

29-03-2024 15:44:51 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების საკითხთან დაკავშირებით საგარეო სამინისტროს მუშაობას აკრიტიკებს. ამის შესახებ მან ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სახალხო დამცველის, არასამთავრობოებისა და ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა.

"პირველი ძალიან მნიშვნელოვანი ხარვეზი არის, რომ საგარეო არ მონაწილეობს ამ შეხვედრებში და უარს ამბობს, პასუხისმგებლობას იხსნის, რაც ძალიან გაუგებარია, რადგან მთელი ეს პროცესი ძალიან დაკავშირებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობასთან", – განაცხადა მან.

მისი თქმით, როდესაც არ არსებობს მუშაობის ორმხრივი ინტერესი, ჩნდება ბევრი ხარვეზი, რომელიც, ზურაბიშვილის თქმით, ახლავე უნდა აღმოიფხვრას.

„დიასპორისთვის ხმის მიცემის საშუალების გაადვილება არის ის საკითხი, რომელიც სარგებლობს ძალიან დიდი ინტერესით საზოგადოებაში, არა მხოლოდ დიასპორაში მყოფი მოქალაქეების, არამედ აქაურ საზოგადოებაში, რამეთუ, პრაქტიკულად, ყველა ოჯახში არის ვიღაც, ვინც წასულია და ცხოვრობს საზღვარგარეთ. ჩვენ გვქონდა ამის შესახებ შეხვედრები - 2 შეხვედრა იყო „სკაიპით“ დიასპორის წარმომადგენლებთან და ამას გავაგრძელებთ. საჭიროა, რომ განვიხილოთ, რა სიტუაციაა ამის ირგვლივ. პირველი ძალიან მნიშვნელოვანი ხარვეზი არის, რომ საგარეო არ მონაწილეობს ამ შეხვედრებში და უარს ამბობს, პასუხისმგებლობას იხსნის, რაც ძალიან გაუგებარია, რადგან მთელი ეს პროცესი ძალიან დაკავშირებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობასთან. საკონსულოებში ტარდება, პირველ რიგში, საკონსულო რეგისტრაცია, რომელიც არის წინა პირობა იმისთვის, რომ მოთხოვნა იყოს უბნის გახსნისთვის, საკონსულოებიდან საგარეოში უნდა გადაიცეს ინფორმაცია ამ უბნების გახსნის შესახებ და საგარეომ უნდა გადასცეს ცესკოს. ეს არის პირველი ეტაპი, ასევე, საგარეო არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ საარჩევნო და სარეგისტრაციო კამპანია ჩატარდეს და ეს კამპანია განთავსდეს საელჩოების საიტებზე. ჩვენ გადავხედეთ და ამ კუთხით ჯერ კიდევ გაკეთებული არაფერი არ არის. ყველამ ვიცით, რომ რეგისტრაცია ახლა არის მნიშვნელოვანი და არა 4-5 თვეში. ასევე, საგარეოზე არის დამოკიდებული შემდეგ ეტაპზე საარჩევნო აღრიცხვა, ადმინისტრაცია, რომელიც ტარდება საარჩევნო პერიოდში, როცა იხსნება, სიების გადაცემა, ასევე ცესკოსთვის - მთელი ეს პროცესი გადაჯაჭვულია საგარეოსა და ცესკოზე. ერთი მეორეს გარეშე წარმოუდგენელია და აქედან იბადება ძალიან ბევრი ხარვეზი. თუ არ არსებობს ერთობლივი სურვილი მუშაობის, მერე ყოველთვის შეიძლება „პინგ-პონგი“- „ჩემი ბრალი არ არის, მე ამაში არ ვმონაწილეობ, მათი პასუხისმგებლობაა“- და ეს დღეს უკვე გვესმის, ამიტომ სანამ დრო არის, ეს უნდა გამოსწორდეს და ამ შეხვედრების მიზანია, რომ მაქსიმალურად გამოსწორდეს ყველა ხარვეზი“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, როგორ აწესრიგებს კანონმდებლობა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის საკითხს და აღნიშნა, რომ საგარეო უწყება ამ კანონს უგულებელყოფს:

„კანონი არსებობს, უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს აქვთ უფლება, რომ თუ არიან საკონსულო აღრიცხვაზე და 50 ადამიანზე მეტი ცხოვრობს ერთ ქალაქში, მოითხოვონ და მიიღონ საშუალება, რომ საარჩევნო უბანი გაიხსნას. კანონი არსებობს, მაგრამ მეორე მხრივ, პარლამენტში, საგარეო საქმეთა მინისტრი და ბევრი სხვა, ოფიციალურად აცხადებს, რომ „არა, ვერ და არ შევასრულებთ ამ კანონს“. იმას კი არ გვეუბნებიან, რომ ნაწილობრივ მაინც, რამდენი უბანიც შესაძლებელი იქნება, იმდენს გავხსნით. კატეგორიულად არის გაცხადებული, რომ "არა, შეუძლებელია", ხან "რესურსები არ გვაქვს", ხან "ყოველ „პადიეზდში“ არ გავხსნითო". ჩემთვის გაუგებარი ტერმინებია. არანაირი პასუხი არ არის გაცემული, რა შეიძლება, რომ გაკეთდეს.

კიდევ ერთი მიზეზი, რაც გამოყენებულია, არის ის, რომ ეს მოითხოვს პროცედურების ჩატარებას უცხო ქვეყნებთან, რაც მართალია იმისთვის, რომ საკონსულომ სხვადასხვა ქალაქში, მის დაქვემდებარებაში სივრცეები გახსნას, რომლებიც უბნის გახსნისთვის იქნება გამოყენებული. თუმცა ეს სრულად შესაძლებელია. ჩვენ გვქონდა აქ და გვექნება კიდევ მომავალ კვირას შეხვედრები ელჩებთან, რომელთანაც ეს შეიძლება, მოგვარდეს.

მე, რამდენადაც ვიცი, და თუ ასე არ არის, მზად ვარ, მოვისმინო ამის შესწორება – არანაირი საუბარი არ ყოფილა ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ჩვენ აქ მყოფ ელჩებთან იმისთვის, რომ სწორედ ეს საკითხი წინ წაიწიოს და მოვნახოთ გზები“.

მისი თქმით, დაუშვებელია საქართველოს საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების დისკრიმინაცია:

„მოგიწოდებთ, დიასპორას მივცეთ საარჩევნო უფლება და არ გამოვიყენოთ მათ მიმართ არც დისკრიმინაცია და არც შეურაცხმყოფელი რაღაც გზავნილები, რაც ჩემთვის არის სრულიად გაუგებარი და მე მგონი, მთელი ჩვენი საზოგადოებისთვისაც. არ არის საკმარისი, რომ ჩვენ ვამაყოფდეთ ჩვენი დიასპორით, როცა ჩამოდიან ევროპული ქვეყნებიდან, ჩვენი ფეხბურთელები და ასეთ დიდ სიამოვნებას და პატრიოტულ გრძნობებს გვანიჭებენ. საჭირო არის, რომ ჩვენც ვიცოდეთ დროზე, იმ ადამიანებისთვის, ვინც იქ მოღვაწეობენ ან წვალობენ კიდევაც, მივცეთ ის საშუალება, რაც ეკუთვნის ყოველივე მოქალაქეს“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები