ადა მარშანიამ დიმიტრი ხუნდაძეს ინტერვიუ შეაწყვეტინა: "ხალხი მოატყუეთ და გააბითურეთ! თქვენი ყოფნაა პარლამენტში ქვეყნისთვის ხელის შეშლაა"

27-09-2023 18:40:26 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა ადა მარშანიამ საპარლამეტოს უმრავლესობის წარმომადგენელს, „ხალხის ძალის“ წევრ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძეს ინტერვიუ შეაწყვეტინა.

ხუნდაძე სოხუმის დაცემიდან 30–ე წლისთავზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან იყო მისული, როდესაც მას მარშანია მიუახლოვდა და შემდეგი სიტყვებით მიმართა:

„არაფერს არ აკეთებთ თქვენ იმისათვის, რომ ჩვენ აფხაზეთში დავბრუნდეთ. პარლამენტი ქვეყნისა, სადაც ორი რეგიონი ოკუპირებულია, არც ერთხელ თავის სხდომაზე არ იხილავს აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხს. ეს ნორმალურია, ხალხო?! არ გაცლით ინტერვიუს ჩაწერას იმიტომ, რომ თქვენი ინტერვიუ სისულელეა. არავის არ სჭირდება თქვენნაირი დეპუტატების ინტერვიუ. მე არ დავმშვიდდები მანამ, ვიდრე აფხაზეთში არ დავბრუნდები. დარწმუნებული ვარ, თქვენი ყოფნა პარლამენტში ქვეყნისთვის ხელის შეშლაა. ხალხი მოატყუეთ და გააბითურეთ! თქვენ ხართ მატყუარა პოლიტიკური ძალა. არც თქვენ უნდა იყოთ ხელისუფლებაში და რასაკვირველია, არც "ნაციონალური მოძრაობა" არ უნდა იყოს".

გარდა აღნიშნული ინციდენტისა, აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალთან ხმაური იყო. კერძოდ, ომში დაღუპულების ოჯახის წევრებს პრემიერ-მინისტრთან მისვლის უფლება მისმა დაცვამ არ მისცა. როგორც დაღუპულების ოჯახის წევრებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, მათ პრემიერთან მისვლა სურდათ, რათა მისთვის დაღუპულთა გადმოსვენებაში დახმარება ეთხოვათ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები