27-09-2023 15:12:18 საზოგადოება
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" (TI) მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევების განახლებულ სიას აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაციამ მსგავსი 144 საქმე შეისწავლა, რომლებშიც 160 მაღალი თანამდებობის პირი ფიგურირებს, მათ შორის 13 მოსამართლე, 27 პარლამენტარი, მთავრობის 28 წევრი ან მოადგილე და მუნიციპალური თანამდებობის 53 პირი.
არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, "კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო".
"საქართველოში კორუფციული დანაშაულის აღკვეთაზე პასუხისმგებელი ორგანოები (გენერალური პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) ქმედითი რეაგირების გარეშე ტოვებენ მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევებს. განსაკუთრებით, თუ მასში მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირები ფიგურირებენ. მაგალითად, პროკურატურისა და სუს-ის გასული წლების ანგარიშები აჩვენებს, რომ ყველაზე მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც კორუფციული დანაშაულისთვის დააკავეს - მერი და ყოფილი გუბერნატორია. რეაგირების გარეშე რჩება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ პერიოდულად გაგზავნილი შემთხვევები, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან გამოძიება დაიწყონ", - ნათქვამია ორგანიზაციის კვლევაში.
TI-ს კვლევა სრულად იხილეთ აქ.