აფხაზეთი: რუსეთის მიმართ ნდობა დღითიდღე იკლებს

25-09-2023 18:43:26 კონფლიქტები

სექტემბერში აფხაზეთში ახალი პოლიტიკური სეზონი საკმაოდ უჩვეულოდ დაიწყო. ხელისუფლებამ, ნაცვლად იმისა, რომ თავად გააქტიურებულიყო, ინიციატივა მოქალაქეებს დაუთმო - და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმაც რიგით მოქალაქეებთან ერთად იგი სიამოვნებით აიღეს ხელში.

მთელი ზაფხულის განმავლობაში გრძელდებოდა საპროტესტო აქციები აპარტამენტების მშენებლობის წინააღმდეგ, მოწინააღმდეგეთა ხელმოწერების შეგროვების პროცესი კი ამ დრომდე არ შეწყვეტილა და უკვე აშკარაა, რომ საზოგადოებრივი აქტივობის ეს ტალღა არც შემოდგომის განმავლობაში შემცირდება.

სწორედ აპარტამენტების მშენებლობაა ყველაზე მწვავე თემა, რომლის ირგვლივაც რესპუბლიკაში საზოგადოებრივი დისკუსიაა გაჩაღებული. დაძაბულობამ იმ ზღვარს მიაღწია, რომ იმ პირობებში, როცა პარლამენტი ტექნიკური მიზეზებით საზაფხულო არდადეგებიდან ვერ დაბრუნდა, რიგითმა მოქალაქეებმა გადაწყვიტეს, თავად გაემართათ განხილვები. ასე, მაგალითად, გუდაუთის რაიონში ახალგაზრდობამ დააორგანიზა საზოგადოებრიობის შეკრება, რომლის მონაწილეებმა უკონტროლო მშენებლობის პრობლემა წამოსწიეს და ხელისუფლებას მოქალაქეთა აზრის პატივისცემა მოსთხოვეს. ანალოგიური განწყობებია აფხაზეთის სხვა რაიონებშიც და სულ უფრო ნათელი ხდება, რომ ხელისუფლების პოლიტიკა რიგითი მოქალაქეების ინტერესებს მნიშვნელოვნად ასცდა.

ახალი პოლიტიკური სეზონის დასაწყისში საზოგადოებას საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ მიმართა და „რუსეთთან კავშირის კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობაზე“ საუბრისას „ასოცირებული ურთიერთობების“ იდეა ახსენა. აქ იგი აპელირებდა კონცეფციაზე, რომელიც პირველ პრეზიდენტ ვლადისლავ არძინბას რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ბლოკადის ურთულეს პერიოდში აქვს გაჟღერებული. თუმცა ბოლომდე გაურკვეველი რჩება, კონკრეტულად რა ჰქონდა მხედველობაში მინისტრს - „საკავშირო სახელმწიფო“, რომელში გაწევრიანებაც აფხაზეთს მოსკოვიდან უკვე არაერთხელ შესთავაზეს, თუ რუსეთის ფედერაციასთან კიდევ უფრო მჭიდრო „ინტეგრაცია“.

ყველა შემთხვევაში, მსგავსი განცხადებები საზოგადოებაში შეშფოთებას იწვევს, რადგან კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს აფხაზეთის სუვერენიტეტს. ამასთან, ბევრმა აღნიშნა ის ფაქტი, რომ აქამდე ხელისუფლება რუსეთთან მიმართებაში პირველი პრეზიდენტის იდეებზე არასოდეს აპელირებდა. გამოითქმის ვარაუდები, რომ ახლა მმართველ ძალს მსგავსი რიტორიკა მოსკოვზე სულ უფრო მეტი დამოკიდებულების გასამართლებლად დასჭირდა. ფაქტი კი ისაა, რომ ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო ეროვნულ ინტერესებთან.

ფაქტია ისიც, რომ ხელისუფლების ამჟამინდელი საჯარო პოლიტიკა წინააღმდეგობაში მოდის აფხაზი ხალხის პოლიტიკურ კულტურასთან, რომელიც მრავალწლიანი ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის განმავლობაში საკმაოდ მკაფიოდ ჩამოყალიბდა. კერძოდ, ფხაზებს გააჩნიათ პოლიტიკური ცხოვრების გარკვეული ტრადიციები, განსაკუთრებული რიტორიკა, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის სტილი. ამჟამინდელი ჩინოსნების ქმედებები კი ხშირად წინააღმდეგობაში მოდის ამ დაუწერელ კანონებთან. მათი საჯარო განცხადებები თუ პოლიტიკური სვლები უცხოა აფხაზი ხალხის პოლიტიკური კულტურისთვის. ამ ყველაფერს კი, საბოლოო ჯამში, ხელისუფლების ავტორიტეტის ვარდნისკენ და როგორც შედეგი, საზოგადოებაში დაძაბულობის ზრდისკენ მივყავართ. მოქალაქეები არ აღიქვამენ მსგავს პოლიტიკას „თავისად“, თუნდაც ვინმე მას აფხაზი ხალხის სახელით აჟღერებდეს, ახალგაზრდა მინისტრის მხრიდან ინტელიგენციის მიმართ დამამცირებელი გამოხტომები კი ხელისუფლების ავტორიტეტს კიდევ უფრო დიდ ზიანს აყენებს.

ხელისუფლების წარმომადგენლები აპარტამენტების ლეგალიზაციის მიმართულებით საკუთარ გეგმებს რეგიონში რუსეთის „სტრატეგიული ინტერესებით“ ხსნიან. თუმცა მსგავსი განმარტებები საზოგადოებაში სკეპსისს იწვევს.

„აქ აშკარად იკვეთება რუსული ბიზნესისა და მასთან დაკავშირებული აფხაზი პოლიტიკოსების ეკონომიკური ინტერესი, მსგავსი განცხადებები კი მხოლოდ რეალური მოტივების შენიღბვის მცდელობაა. გეოპოლიტიკაზე ყალბი აპელირებით საზოგადოებრივი პროტესტის შემცირებას ცდილობენ“, - თვლის ჩვენი რესპონდენტი არტური.

აფხაზურ საზოგადოებაში უკვე სერიოულ შეშფოთებას იწვევს ხელისუფლების ნებისმიერი სადავო გადაწყვეტილების „რუსეთის ინტერესებით“ გამართლების გაუთავებელი მცდელობები. ჩინოსნების მისამართით ნებისმიერი კრიტიკა მომენტალურად ცხადდება „ანტირუსულად“, ხოლო მოქალაქეებს, რომლებიც ეროვნული ინტერესების თემაზე საკუთარ აზრს აფიქსირებენ, „რუსოფობებად“ ნათლავენ. ეს ყველაფერი მხოლოდ მანიპულაციად, დაშინებისა და შანტაჟის მცდელობად აღიქმება.

არ არსებობს არავითარი საფუძველი, ვიფიქროთ, რომ რუსეთის რეალური ინტერესი აფხაზეთში აპარტამენტების უკონტროლო მშენებლობაში ან აფხაზური ხელისუფლების სხვა საეჭვო წამოწყებებში მდგომარეობს. მსგავსი რიტორიკა მხოლოდ დისკრედიტირებს რუსეთს რიგითი მოქალაქეების თვალში და მოსკოვის მიმართ ნდობას ასამარებს. იგი ასევე ამცირებს თავად აფხაზეთის ხელისუფლების ლეგიტიმაციას, რომელსაც, როგორც ჩანს, არ ძალუძს აფხაზეთის ჭეშმარიტი ეროვნული ინტერესების დაცვა.

ამგვარად, აფხაზური საზოგადოების გააქტიურება მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმურობის კრიზისზე მეტყველებს. ამ უკანასკნელის მოქმედებები არაერთი მიმართულებით საგრძნობლად სცდება საზოგადოებრივ განწყობებს, სადავო გადაწყვეტილებების „რუსეთის ინტერესებით“ გამართლების მცდელობები კი არასანდოდ გამოიყურება და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მოქალაქეთა მხარდაჭერას არ ჰპოვებს.

აფხაზეთის ხელისუფლებას ჰმართებს, საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების მცდელობებს თავი დაანებოს და დაიწყოს აფხაზი ხალხის პოლიტიკური ტრადიციების, ინტელიგენციისა და რიგითი მოქალაქეების აზრის პატივისცემა. წინააღმდეგ შემთხვევაში ნდობის კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება, ეს კი გამოიწვევს სერიოზულ პოლიტიკურ რყევებს, რაც საბოლოოდ აფხაზეთის სუვერენიტეტის დაკარგვით შეიძლება, დასრულდეს.

წყარო: სააგენტო «АИАШАРА»

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები