28-06-2023 16:50:48 ინტერვიუ
შიდა პოლიტიკურ პროცესებზე ინტერვიუ ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილან.
– ბატონო ზაზა, ერთის მხრივ, საზოგადოებას უწევს, თვალი ადევნოს საგნობრივი დისკუსიისგან დაცლილ პოლიტიკურ დისკუსიებს, მეორეს მხრივ, მივიღეთ ქუჩაში გახშირებული ძალადობრივი ინციდენტები: მხოლოდ ბოლო ერთი თვე, მინიმუმ 7 ძალადობრივ ინციდენტს ითვლის. რა ფაზაში შევედით თქვენი დაკვირვებით?
– თუ მხოლოდ ჩვენი რეალობით შემოვიფარგლებით, გასაგებია, რომ ხელისუფლებამ ამოწურა თავისი მორალური, ფსიქოლოგიური, ინტელექტუალური რესურსები (ეს აშკარაა) და მეორეს მხრივ, ოპოზიცია ვერანაირად ვერ ახერხებს, ეს ვითარება გამოიყენოს, რადგან არც მას აღმოაჩნდა პოლიტიკური, არც მორალური რესურსები. ეს წარმოშობს დაპირისპირებას, რასაც ჩვენ ვუყურებთ.
– ღრმად პოლარიზებული გარემო, რომელიც „კუნთების თამაშში“ გადაიზარდა...
– რა თქმა უნდა. ეს უკანასკნელი არგუმენტია ხოლმე ინტელექტუალურად ღატაკი ადამიანებისთვის – გადადიან ძალადობაზე. გარდა ამისა, ჩვენზეც ახდენს გავლენას ის, რაც ხდება უკრაინაში, მსოფლიოიში – ომი ჩვენს ფსიქიკაზეც აისახება.
– ეს დამატებითი ფაქტორია, რაც ზოგადად ქმნის დაძაბულობას და ადამიანი უფრო მოწყვლადი ხდება...
– დიახ. ველი, რომ აქ კიდევ უფრო მეტად გააქტიურდებიან ფსევდო ტრადიციონალისტური ჯგუფები. ვერასდროს დავიჯერებდი, რომ ქართველები პრიგოჟინისგან პუტინის გადარჩენას აღნიშნავდნენ! ამასაც მოვესწარი! ჩვენს საზოგადოებას ისედაც უჭირს პოლიტიკურად, მოძებნოს დისკურსი, რომელიც სახელმწიფოებრიობას ჩამოაყალიბებს. ამას ემატება საგარეო ფაქტორებიც.
– და ამ ფონზე მნიშვნელოვანია (თქვენ „ტრადიციონალისტების“ გააქტიურება ახსენეთ), მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს შესთავაზონ „თემები“, რათა გაუჩინონ განცდა, თითქოს რაღაცას იცავენ...
– რა თქმა უნდა. ეს ადამიანები თავისთავად ცუდი ადამიანები კი არ არიან, უნდათ ემსახურონ იდეალებს, იცოდნენ კონკრეტული მტერი, რომელიც დასამარცხებელია, ვის წინააღმდეგაც უნდა წარმართონ თავიანთი ენერგია. და აი, ამ ადამიანების ენერგიას იყენებენ მავანი და მავანი ძალები. რამდენიმე წლის წინ ერთ–ერთი პროდასავლური პარტიის კონფერენციაზე მთხოვეს სიტყვის თქმა. მაშინ ვთქვი: დიდი საფრთხე გველის საქართველოში პუტინისტური იდეოლოგიის გაღრმავებით! საფრთხე ძალიან სერიოზულია, გადახედეთ გამოკითხვებს და ნუ აარიდებთ თვალს პუტინისადმი გამოთქმულ სიმპათიებს – მეთქი. მაშინ პუტინისადმი სიმპათია გამოკითხულთა დაახლოებით 31%–მა გამოთქვა. ხომ ხედავთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ კონვერტირდა პოლიტიკურ იდეოლოგიად?! ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი ტრადიციული პოლიტიკური კლასი, რომელიც პოლიტიკურ რელიეფს ქმნიდა, ინტელექტუალურად უმწეო აღმოჩნდა და ამას წინააღმდეგობა ვერ გაუწია. უმწეო აღმოჩნდა მორალურადაც. სამწუხაროდ, ეს ასეა!
– და შემდეგ უკვე მუშაობს იდეოლოგია: მაგალითად, ნუ ვახსენებთ ოკუპანტს, რადგან ის ძლიერია, მაგრამ ღირსება რომ შინარჩუნოს ერმა, გვთავაზობენ, დავიცვათ, პირობითად, „ქართველობა“, რომელსაც თითქოს ვიღაც გვართმევს...
– ეს ყველაფერი ერთ ავღანურ იგავს ჰგავს: ავაზას სპილოებმა შვილი მოუკლეს. როდესაც შინ დაბრუნებულმა ავაზამ გათელილი შვილი ნახა, მეზობლებს ჰკითხა, „რა მოხდაო?“, მათ უპასუხეს, სპილოებმა „გადაუარესო“. ავაზა დაფიქრდა და თქვა, „სპილომ კი არა, თხამ გადაუარაო“, გაიქცა და თხა დაგლიჯა.
რუსეთის ეშინიათ, თან ეს არ არის რაციონალური შიში. იცით, შიში რაციონალურიც შეიძლება, იყოს, როდესაც საფრთხეს ელი და მას ერიდები, მაგრამ კუდამოძუებული და მფრთხალი დამოკიდებულება უკვე სრულიად გაუგებარია! შენს მიმართ პატივისცემა ხომ უნდა შერჩეთ საერთაშორისო აქტორებს? რუსების თავგამოდებულ მომხრე ირანელებსაც კი არ ექნებათ შენს მიმართ პატივისცემა კუდის ამოძუების გამო! სწორედ ესაა აქ პრობლემა. პრობლემაა არა ის, ვის უჭერ მხარს, არამედ ღირსების შენარჩუნება. რასაც ისინი ღირსებას არქმევენ, ეს არის ევფემიზმი, ცუდად შენიღბული...არ მინდა, ცუდი სიტყვა გამოვიყენო.
– ამას თან ახლავს სახიფათო შედეგები: ერთის მხრივ, ვსაუბრობთ ერის ცნობიერებაზე ზემოქმედებაზე, დეზორიენტირებაზე, მეორეს მხრივ, ეს გადადის ძალადობრივ ინციდენტებში და კიდევ უფრო საშიში ხდება...
– დიახ, აშკარად გადადის, რადგან სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებას ახდენენ. დაახლოებით, 30 წლის წინ ვთქვი ერთ–ერთ ჩემს ინტერვიუში და ახლა იმავეს გავიმეორებ, რუსეთს სჭირდება ჩვენთან სრულიად შეურიგებელი გარემო, სადაც კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია, შეუძლებელია რაღაც საერთო პლატფორმის შემუშავება სახელმწიფოს მომავლის შესახებ – რაღაც იდეების ირგვლივ კონსოლიდაცია. რა თქმა უნდა, ისინი ისარგებლებენ ჩვენი დაბნეულობით, ჩვენი თავქარიანობით, მუშტი–კრივისა და შეურიგებელი პოზიციისადმი სიყვარულით და ამას დიდებულად გამოიყენებენ.
– რუსეთის ინტერესი გასაგებია, მაგრამ ვისაუბროთ შიდა აქტორების ინტერესებზე. ცხადია, არც ერთი მხარე აკლებს, შეიტანოს „წვლილი“ პოლარიზების გაღრმავებაში, მაგრამ ხელისუფლებას, რომელიც ფლობს ძალაუფლებას, ინსტიტუციებს, ცნობიერებაზე ზემოქმედების საშუალებებს, მეტი წილი პასუხისმგებლობა აქვს საზოგადოების წინაშე...
– მაშინ უნდა ვილაპარაკოთ ხელისუფლებაზე, რომელიც მიხვდა, რომ თავადაა ხელისუფლება: უბრალოდ ძალაუფლების მქონე კი არ არის და ის, ვინც ფლობს ძალოვან უწყებებს და ა.შ., არამედ ქვეყნის ბედი აბარია, იაზრებს თავის პასუხისმგებლობას, კონკრეტული ადამიანების, ისტორიის და თუნდაც საკუთარი ამომრჩევლის მიმართ.
– თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლება მხოლოდ ინსტრუმენტებად განიხილავს ძალაუფლების წყაროებს პასუხისმგებლობის მიღმა...
– დიახ. ვერ იაზრებენ, რა ისტორიული პასუხისმგებლობა აკისრიათ აქ და ახლა, ამ ისტორიულ მომენტში და შედეგებსაც ვიღებთ.
– მაგრამ მეორეს მხრივ, რატომ უნდა შედიოდეს მათ ინტერესში თუნდაც ძალადობის წახალისება? წახალისებული ძალადობა შემდეგ უკონტროლო ხდება და ამ ქვეყანასაც აქვს მსგავსი მძიმე გამოცდილება...
– არსებობს ერთგვარი ძალაუფლების ჰიპნოზი, რომელიც ძალაუფლების მქონეებს აბრმავებს და ვერაფრით ხვდებიან, რომ ის, რაც წინამორბედებს მოუვიდათ ან სხვებს, შეიძლება მათაც მოუვიდეთ და აუცილებლად მოუვათ, თუ შეცდომებს დაუშვებენ. გარდა ამისა, არსებობს ერთი ბანალური მიზეზიც: ყოველი ხელისუფლების ირგვლივ იქმნება ხოლმე გაუვალი კედელი ადამიანებისა, რომლებიც ძალაუფლების მფლობელს ამარაგებენ სწორედ იმგვარი ინფორმაციით, რომელიც მას მოსწონს, იოლად და სიხარულით მიიღებს და სხვა ცნობების ბლოკირებას ახდენს.
– კიდევ ერთი ფაქტორი – ძალაუფლების ფლობის ხანგრძლივობა...
– რა თქმა უნდა. იგივე პუტინის შეცდომების კასკადს რომ უყურებ, ფიქრობ, როგორ შეეძლო ამ შეცდომების დაშვება?! მაგრამ საქმე ისაა, რომ ის უკვე სხვა სამყაროში ცხოვრობს, სხვა განცდა აქვს. ჩვენს ხელისუფლებებსაც იგივე მოსდით.
– ეს ჩვენს რეალობაში უიმედოდ გამოიყურება...
– გულახდილად გეტყვით, არ მაქვს დიდი იმედი, რომ ჩვენი ამჟამინდელი პოლიტიკური კლასი შეიძლებს იმგვარ მოძრაობას, რომელიც ქვეყანას ამ ჩიხური მდგომარეობიდან გამოიყვანს. უბრალოდ გულუბრყვილო იმედს ვინარჩუნებ, იქნებ გამოჩნდეს ვინმე, რომელიც პოლიტიკურ ალტერნატივას შექმნის – არა მითიური „მესამე ძალა“, არამედადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ჩვენ პოლიტიკურ ალტერნატივას შემოგვთავაზებენ. ალტერნატივას იმისა, რასაც დღეს ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად ქმნიან. მესმის ისიც, რომ რეალურ პოლიტიკურ ვითარებაში ალბა გადამწყვეტს როლს შეასრულებს, თუ როგორ დასრულდება უკრაინის ომი. შესაძლოა, ამან ჩვენთვის ხელსაყრელი პირობები შექმნას.
– მანამდე კი ელით, რომ ეს ძალადობრივი გარემო უფრო საშიშ ფაზაში გადავა?
– კი, აუცილებლად გადავა, რადგან საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც სურს, თავისი ენერგიით და ფიზიკური ძალით მიიღოს მონაწილეობა იმაში, რაც ხდება კონკრეტულად საქართველოში და ზოგადად, მთელს მსოფლიოში. და ვერ ვხედავ მმართველ გუნდში რესურსს, დაფიქრდნენ, რამდენად საშიშია ეს ტენდენცია. ცდილობენ, რომ ეს ახალგაღვიძებული წიაღის განწყობილებები და წიაღის ხალხი როგორმე მიიმხრონ. სწორედ ამან გამოიწვია მათი „კონსერვატიზმი“. უკაცრავად და მათი უდიდესი ნაწილი ევროპაში კონსერვატიზმზე ევროპული ლიბერალიზმის კონტექსტშია განსწავლული და კონსერვატიზმი მათთვის იმთავითვე მიუღებელი იყო, ხოლო ნაწილისთვის სულ ერთია როგორც კონსერვატიზმი, ისე ლიბერალიზმი, უბრალოდ ხედავენ, რომ ეს აქ და ახლა შეიძლება, კარგი ინსტრუმენტი იყოს და იყენებენ.
– ანუ ვემზადებით „ველური დასავლეთისთვის“...
– ველურ დასავლეთს კიდევ რა უჭირს, მანდ ადამიანებს თვითორგანიზების უნარი ჰქონდათ ძალიან მაღალი და ჩვენ...
შეიძლება, უკიდურესად მოგეჩვენოთ ჩემი შეხედულებები, მაგრამ სერიოზულად მადარდებს ჩვენი ბედი: აშკარაა, რომ სიტუაციაში, როდესაც მსოფლიო კრიზისში შევიდა, რომელიც ასე აისახება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, არ აღმოგვაჩნდა რაციონალიზმი, ის ფონეზისი (პრაქტიკული სიბრძნე), რომლითაც ჩვენს ბედს წავუძღვაბოდით. ისედაც მუდმივად დარწეული ნავი ვიყავით და ახლა მით უმეტეს!