პარლამენტთან სოლიდარობა გამოუცხადეს ლაზარე გრიგორიადისს, აქცია 1 აპრილსაც გაიმართება

31-03-2023 21:39:40 საზოგადოება

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად მოქალაქეები შეიკრიბნენ. დემონსტრანტების განცხადებით, მათი მიზანია, ლაზარეს გათავისუფლება. აქციის მონაწილეები შიშობენ, რომ დაკავებები გაგრძელდება და მიაჩნიათ, რომ რუსთაველის გამზირზე შეკრებები უნდა გაგრძელდეს.

აქციაზე იმყოფებოდა პარტია „ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე. მას მიაჩნია, რომ ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებულ საკითხებზე პროტესტის რადიკალური ფორმით გამოხატვა მისაღებია.

„ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ ახალგაზრდა თაობას დაადოს კბილი, უბრალოდ ისინი დააშინოს, დაიჭიროს, გამოკეტოს ციხეში 7-დან 11-წლამდე, იმიტომ, რომ თუნდაც რადიკალურად იცავდნენ ქვეყნის მომავალს და არ უნდათ, რომ იცხოვრონ რუსეთის გუბერნიაში, - აღნიშნა კუპრაძემ და განაგრძო, - შეკითხვას სვამენ ხოლმე, რადიკალური, რომ იყო [პროტესტი], კარგია? კი, როცა ეხება ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან საგარეო ვექტორს, რომელიც განსაზღვრავს საგარეო ვექტორს, უნდა იყო რადიკალური. ამაზე დგას დასავლური ქვეყნების უმრავლესობა, რომლებიც ინარჩუნებენ მათ მონაპოვარს სწორედ რადიკალური პროტესტის ფასად... პასუხი ძალიან მარტივია, თუ აპირებენ სამართლებრივ დეტალებზე საუბარს, ჯერ გვაჩვენონ ის პოლიციელები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე, მაღაზიებთან წიხლებით სცემდნენ უდანაშაულო გოგო-ბიჭებს, ძირს აგდებდნენ და უბრალოდ უმოწყალოდ უსწორდებოდნენ, ჯერ ეს ადამიანები გვაჩვენონ ბორკილდადებული".

"ლაზარეს თავისუფლებისთვის" - ამ სახელწოდებით აქცია ხვალაც გაიმართება. მოქალაქეები 1 აპრილს, 20:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან შეიკრიბებიან.

ორგანიზატორები ევროპული საქართველო, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება და თავისუფლების ინსტიტუტი არიან.

"ლაზარე გრიგორიადისი ხელისუფლებამ შეარჩია იმ ნიშნით, რომ მისი სტილის გამო, მისი დემონიზება იოლი იქნებოდა. ლაზარეს დაკავება მინიმუმ შერჩევითი სამართალია იმ რეჟიმისგან, რომელიც პუტინისტური ძალადობის ორგანიზატორებს არ სჯის და პუტინისტ მოძალადეებს, რომელიც პოლიციას ქვებს ესვრის ხოლმე, უბრალოდ აჯარიმებს. მარტის აქციების დროს ქართველმა ხალხმა წარმატებას მიაღწია და ხელისუფლებას, ამ ეტაპზე მაინც, ხელი ააღებინა უცხო გავლენის შესახებ რუსული კანონის მიღებისგან, არ შეიძლება ამ უკანდახევით გამოწვეული ბრაზი ლაზარეზე გადავატეხინოთ. ყველამ უნდა გადავარჩინოთ ის, ვისაც რუსეთის გამო მსხვერპლად სწირავენ ! მისი დაჩაგვრა არ უნდა დავუშვათ ! შაბათს, 1 აპრილს, 20:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან"- ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „აგენტების“ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას, პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლაზარე გრიგორიადისს, 7-9 მარტის აქციების მონაწილეს, ბრალად ედება სამართალდამცველებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა. პარალელურად სახელმწისუფლებო მედიარესტურსები და თავად მმართველი გუნდის წარმომადგენლები აქტიურად შეუდგნენ ახალგაზრდა კაცის დისკრედიტაციას.

ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" ანტიკონსტიტუციური კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული. მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში, რაც ვლადიმირ პუტინის რეჟიმის ხელში ალტერნატიული აზრის ჩახშობის ინსტრუმენტია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები