31-03-2023 20:45:59 ევროპა
უკრაინის ავიაცია უკვე იყენებს ამერიკულ JDAM-ის მართვად საბრძოლო მასალებს რუსეთის წინააღმდეგ ომში, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა.
„ჩვენ ასევე ვიყენებთ JDAM–ის ბომბებს. ეს არის დასავლური ტიპის ბომბები, რომლებითაც ჩვენი ავიაცია ახორციელებს წარმატებულ დარტყმებს მნიშვნელოვან სამიზნეებზე“, - თქვა მან და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას მეტი ეს საბრძოლო მასალა სჭირდება.
JDAM–ები არის Boeing–ის მიერ წარმოებული GPS-ით მართვადი ბომბები. მათ შეუძლიათ სამიზნეებზე დარტყმა 72 კმ მანძილზე. დაცემის დროს ბომბი ფრთებს ხსნის, რაც საშუალებას აძლევს, დაგეგმოს მანძილი 72 კმ-მდე და რეალურად გაასამმაგოს დიაპაზონი.
საბრძოლო მასალის გადაცემის შესახებ Washington Post-მა გასული წლის დეკემბერში დაწერა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელი სამხედროების 65-კაციანმა ჯგუფმა ამერიკის შეერთებულ შტატებში საჰაერო თავდაცვის სისტემის „პატრიოტის“ სწავლება დაასრულა და ევროპაში დაბრუნდა.