"ახალი რეალიების გათვალისწინებით აგებული სახელმწიფოებრიობა" - როგორად ესახება საქართველო რუსეთს

31-03-2023 20:20:05 პოლიტიკა

"ქართული ოცნება" ბოლო პერიოდში მოსკოვიდან ქებას ლამის ყოველდღიურ რეჟიმში იმსახურებს. ამასთან, რუსეთის დანაშაულებრივი რეჟიმი, სამწუხაროდ, ერთადერთია, ვინც საქართველოს ხელისუფლებას ბოლო თვეების განმავლობაში აქებს.

ზახაროვას საქართველო

"საქართველო თავის სახელმწიფოებრიობას ახალი რეალიებიდან გამომდინარე აშენებს" - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარიამ ზახაროვამ დღეს აფხაზ ავტორ ედგარ გვაზავას პროექტისთვის «Многополярность" მიცემულ ინტერვიუში და საქართველოს უწოდა "თანამედროვე, ახალგაზრდა, დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც ჩამოყალიბების არცთუ მარტივ ისტორიას გადის".

იგი აგენტების შესახებ რუსული კანონის საწინააღმდეგო ამასწინანდელ საპროტესტო აქციებსაც გამოეხმაურა, ისინი, ტრადიციულად, "დასავლეთის გავლენას" დაუკავშირა და მიმართა კრემლის ცნობილ სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტულ ნარატივებს:

"დასავლეთი სამხრეთ კავკასიას თავისი ექსკლუზიური ინტერესების სფეროდ განიხილავს, მაგრამ ამავდროულად, თუ ვისაუბრებთ ხალხებზე, საზოგადოებებზე, ესაა ხალხი უდიდესი, უგრძესი, ძალზე საიტერესო, მდიდარი ისტორიით, რომელსაც სკუთარი კულტურა ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ ჩამოუყალიბებია - იგი ასობით და ათასობით წელს ითვლის. და ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, ბევრისთვის დასავლეთში არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს, არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებენ, განსხვავებით ჩვენგან - რუსეთისაგან. საქართველო თავის სახელმწიფოებრიობას ახალი რეალიების გათვალისწინებით აყალიბებს და სრულიად დაუშვებელია უხეში გარე მცდელობები, არათუ ჩაერიონ ქვეყნის შიდა საქმეებში, არამედ შიდა ვითარების მოდერირებას ახდენდნენ ე.წ. საზოგადო მოღვაწეებისა და NGO-ების გამოყენებით. ნათელია, რომ საქართველოში მცხოვრები ხალხების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე დასავლეთში ნაკლებად ფიქრობენ. მადლობა ღმერთს, მრავალი მიზეზით ბევრნი უკვე უწევენ წინააღმდეგობას ქვეყანაში ვითარების არევის ამ მცდელობებს, ბევრს უკვე გამოუმუშავდა ერთგვარი იმუნიტეტი ე.წ. ფერადი რევოლუციებისაგან".

თბილისისა და მოსკოვის ერთი ენა

მსგავსი ანტიდასავლური რიტურიკა ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, "ქართული ოცნების" სატელიტი "ხალხის ძალის" წევრებისგან და სახელისუფლებო ტროლ-ბოტებისგანაც ლამის ყოველდღიურ რეჟიმში გვესმის.

"მოსკოვთან ერთი ენით საუბარზე" დღეს მთავრობას საპარლამენტო ტრიბუნიდან პრეზიდენტმა სალომე ზრაბიშვიმაც მიუთითა.

„რაც არ უნდა ეცადოთ და გაავრცელოთ ეს მეორე ფრონტის კონსპირაციული თეორიები, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ ევროკავშირის შექმნის იდეა სწორედ მშვიდობას ემსახურება და არა ომს. ევროკავშირი საქართველოში პირდაპირ ემსახურება ჩვენი ქვეყნის მშვიდობას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სახით და მშვიდობიან განვითარებას. ამდენად, რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ეს მოდელირებული სცენარები, რომლებიც წინა ხელისუფლებას სჩვეოდა და საეჭვოდ ემთხვევა რუსეთისა და სეპარატისტების გზავნილებს, თავს მოახვიოთ ხალხს, შედეგს ვერ მიაღწევთ. ფაქტია, რომ თბილისი და მოსკოვი ამ მეორე ფრონტის თემაზე ერთ ენაზე საუბრობს. რაც არ უნდა ეცადოთ, რომ დაამტკიცოთ თითქოსდა ევროპული და ჩვენი ეროვნული ინტერესი ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია, რეალობას ვერ გაექცევით, რადგან ტერიტორიის დაცვა, დეოკუპაცია, თავდაცვითი ძალების გაძლიერება, მოსახლეობის უსაფრთხოება, ეკონომიკისა და განათლების განვითარება - ეს ყველაფერი წარმოუდგენელი და შეუძლებელია ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კავშირისა და თანამშრომლობის გარეშე. [...] საქართველოს ეროვნული ინტერესის დაცვა იზოლაციაში ყოფნით შეუძლებელია და ჩვენს ევროპულ პერსპექტივას ალტერნატივა არ გააჩნია!“- განაცხადა პრეზიდენტმა.

„მეორე ფრონტის“ აბსურდი

სადეზინფორმაციო ნარატივი დასავლეთის მხრიდან საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობისა და რუსეთის წინაამდეგ "მეორე ფრონტის" გახსნის იძულების თაობაზე, რომელიც ფართოდ გამოიყენება როგორც მოსკოვის, სოხუმისა და ცხინვალის, ისე საქართველოს ხელისუფლების რიტორიკაში, დღეს კატეგორიულად უარყო ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმაც.

"ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია „მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს უბრალოდ აბსურდია! სრულიად გვესმის საქართველოს ძალიან რთული გეოპოლიტიკური სიტუაცია, ვიცით საქართველოს ტრაგიკული ისტორია, მათ შორის - რამდენიმე ომი, ბოლო - 2008-ში. გვესმის, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ქვეყნის მთავრობის კონტროლს მიღმაა, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ, ევროკავშირმა, ნათლად ავირჩიეთ მხარე და მტკიცედ ვდგავართ უკრაინასთან თანამოაზრე ქვეყნებთან ერთად. საქართველო ერთ-ერთი მათგანია. ევროკავშირთან დაახლოების პროცესი მიმდინარეობს და ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ვეცდებით, ამას დავეხმაროთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, არჩევანი ქართველების გასაკეთებელია" - აღნიშნა მან.

საქართველო და რუსეთის ახალი საგარეო პოლიტიკური კონცეფცია

მარია ზახაროვას ზემოთხსენებული განცხადება დროში დაემთხვა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფციის გამოქვეყნებას, რომელშიც, მათ შორის, სოხუმსა და ცხინვალთან "სამომავლო ყოველმხრივ მჭიდრო თანამშრომლობაზე", საქართველოს ამ ოკუპირებული რეგიონების "საერთაშორისო აღიარებისა და განვითარების მხარდაჭერაზე", ასევე "რუსეთთან ინტეგრაციის კუთხით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოების ხალხების საერთაშორისო სამართლის ნორმებზე დაფუძნებული ნებაყოფლობითი არჩევანის რეალიზების ხელშეწყობაზეა" საუბარი.

ამასთან, უშუალოდ საქართველო დოკუმენტში ნახსენები არაა, თუმცა აღნიშნულია, რომ მოსკოვი "გეგმავს ურთიერთობას ქვეყნებთან, რომლებიც რუსეთისადმი კონსტრუქციულ პოლიტიკას ატარებენ" და "უზრუნველყოფს სტაბილურობას სამეზობლოში, მათ შორის - ე.წ. ფერადი რევოლუციების ინსპირირების აღკვეთის გზით".

მოსკოვური ქების ფასი

ზემოთთქმულის გათვალისწინებით, ძნელი მისახვედრი არაა, რომ

  • სიტყვიერი ქება ერთადერთია, რასაც კრემლი საქართველოსთვის "ქართული ოცნების" არგაღიზიანების პოლიტიკისთვის მადლიერების ნიშნად იმეტებს;
  • რუსეთისთვის "კარგები" მხოლოდ ვასალის მდგომარეობაში ვიქნებით;
  • საქართველოში მოქმედი პრორუსული ჯგუფების მიერ გავრცელებული სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული ნარატივის საპირიპისროდ, მოსკოვი "ოცნებელთა" ლოიალურობის სანაცვლოდ საქართველოსთვის არავითარი ოკუპირებული რეგიონების დაბრუნებას არ გეგმავს - პირიქით, ამ ტერიტორიების მიერთებაზეა ორიენტირებული;
  • შესაფერის მომენტში რუსეთი არც დანარჩენი საქართველოს შთანთქმაზე იტყვის უარს.

იხილეთ ასევე:

"თბილისში მოვლენები ანტიაფხაზურ ხასიათს იძენს": როგორ ზრდის "ქართული ოცნების" პროპაგანდა აფხაზეთში ანტიქართულ განწყობებსა და პროვოკაციების რისკს

"თბილისიც, სოხუმიც, მინსკიც უნდა შევიკრათ" - ლუკაშენკო აფხაზეთს "ქვეყნად" მოიხსენიებს და საქართველოს სსრკ-2-ზე მიანიშნებს

უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, ბელარუსი... - შთანთქმის რა გეგმები დევს კრემლში

ხოლო ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ნათელი უნდა იყოს ისიც, რაოდენ დაუცველი აღმოჩნდება ჩვენი ქვეყანა, თუკი "ქართული ოცნების" მიერ ლამის ყოველდღიურ რეჟიმში ნალანძღი და არაერთი შეუსრულებელი დაპირებით გაწბილებული დასავლელი პარტნიორები საქართველოს ზურგს შეაქცევენ. სწორედ ესაა მოსკოვის სურვილი, სწორედ ამაზე აკეთებენ გათვლას ადგილობრივი პრორუსული ჯგუფებიც, რომლებიც პუტინის დანაშაულებრივი ოკუპანტი რეჟიმისთვის "პირის მობანვის" მცდელობების პარალელურად, გამიზნულად თესავენ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაში ანტიდასავლურ განწყობებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები