თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილისა და მისი თანამშრომლის მხრიდან ჩადენილ სავარაუდო ადევნების დანაშაულთან დაკავშირებით შსს-ს მიმართა

31-03-2023 16:10:11 სამართალი

თათია სამხარაძემ ტელეკომპანია "პოსტვის" დამფუძნებლის შალვა რამიშვილისა და მისი თანამშრომლის მხრიდან ჩადენილ სავარაუდო ადევნების დანაშაულთან დაკავშირებით შსს-ს მიმართა. მის უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" იცავს.

მან ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ამ საქმეზე გამოძიება წარიმართება "ყველანაირი პოლიტიკური კომპონენტის გარეშე, სამართლიანად".

"უღრმესი მადლობა [სალომე ზურაბიშვილს] იმისთვის, რომ სანამ მან რეაგირება არ მოახდინა უმაღლესი პლატფორმიდან, მანამდე მე ვიყავი ტყვე ჩემს საკუთარ სახლში, ჩემზე მიმდინარეობდა ფსიქოლოგიური ტერორი. ეს არაა ჟურნალისტიკა, რასაც კონკრეტული ჟურნალისტი აკეთებდა. ჩემი აზრით, ესაა ადამიანზე ზეწოლა, მიუხედავად იმისა, რომ მას ვუთხარი, არ ვაპირებდი პოსტვ-სთან არანაირ ურთიერთობას და კომენტარის მიცემას, მან ღამის 12 საათზე ჩემთვის გაურკვეველი წყაროებიდან გაიგო ჩემი ადგილსამყოფელი, ცდილობდა ფაქტობრივად, ტყუილითა და მუქარით კერძო საკუთრებაში შემოვარდნას. ეს სცდება ჟურნალისტიკის ფარგლებს და გადადის სისხლის სამართლის დანაშაულში, რომლის შესახებაც ჩვენ დღეს შევიტანეთ განცხადება შსს-ში", -განუცხადა თათია სამხარაძემ ჟურნალისტებს.

თათია სამხარაძის განცხადებით, მას ტელეკომპანია "პოსტვის" თანამშრომლები ავიწროებდნენ. ეს არის არხი, რომლის ხელმძღვანელია შალვა რამიშვილი - კაცი, რომელსაც სამხარაძე სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა და ორი ინსტანციის სასამართლო მოუგო 2018 წელს.

24 მარტს ამ ტელეარხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თათია სამხარაძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრს დიმიტრი ჩიქოვანს გატაცებული შესაძლოა, ჰყოლოდა. დიმიტრი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტის ცრუ დასმენის საფუძველზე პროვოკაცია მოუწყვეს.

ტელეკომპანია ამტკიცებდა, რომ მისთვის ცნობილი გახდა „საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლისძმას დიმიტრი ჩიქოვანსა და თათია სამხარაძეს შორის მომხდარი კონფლიქტის შესახებ: „სამხარაძესა და ჩიქოვანს შორს კონფლიქტი თანხის ოდენობას უკავშირდება, რომელსაც კეზერაშვილის ცოლისძმა სამხარაძეს შალვა რამიშვილის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის ორგანიზების სანაცვლოდ დაჰპირდა. ... გადამღებ ჯგუფს წყარომ მიაწოდა დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა თათია სამხარაძე ყოფილიყო გატაცებული, რადგან ჩიქოვანსა და სამხარაძეს შორის დღეს მწვავე კონფლიქტი მოხდა“.

გატაცებისა და რაიმე სახის კონფლიქტის არსებობა უარყო როგორც დიმიტრი ჩიქოვანმა, ასევე თათია სამხარაძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები