31-03-2023 15:52:54 ევროპა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირის მიერ უკრაინაში სამშვიდობო კონტინგენტის გაგზავნას აინიცირებს და ირწმუნება, რომ გაერთიანების ქვეყნები "ახლოს არიან ამ ინიციატივის განხილვის დაწყებასთან".
"ახლოს ვართ იმასთან, რომ ევროპელი ლიდერების საუბრებში ლეგიტიკური და მიღებული გახდეს საკითხი, შეიძლება თუ არა, ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინაში სამშვიდობოს მსგავსი კონტინგენტი გაგზავნონ. ომი სულ უფრო შეუბრალებელი ხდება, ორივე მხრიდან დანაკარგებმა 100 ათასს გადააჭარბა. რეალურია მესამე მსოფლიო ომის საფრთხეც, მაგრამ ევროპელ ლიდერებს შორის მშვიდობის მომხრეთა რაოდენობის ზრდას ვერ ვხედავ. ისინი უკრაინას სულ უფრო მეტ იარაღსა და ტექნიკას აწვდიან და უკვე საუბრობენ სამხედრო თვითმფრინავების მიწოდებაზეც. მაგრამ ევროპის ხალხი, ამის საწინააღმდეგოდ, სულ უფრო მეტად იხრება ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობისაკენ" - ირწმუნება ორბანი, რომელსაც ხშირად ადანაშაულებენ მოსკოვის ინტერესების გატარებაში.
როგორც ცნობილია, უნგრეთმა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ რამდენიმე სანქციის შემოღებაც კი დაბლოკა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მოსკოვისთვის, ამასწინათ ორბანის ქვეყანა "არამეგობრული სახელმწიფოების" სიაში შეეყვანა და ამ დრომდე მიღებულ დასავლურ სანქციებს მიერთებულ უნგრეთს "საპასუხო ზომებით" დაჰმუქრებოდა.
რაც შეეხება უკრაინაში რაიმე კონტინგენტის გაგზავნის საკითხს, ევროკავშირის ოფიციალურ წარმომადგენლებს არაერთგზის განუცხადებიათ, რომ ევროპის ქვეყნები უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში პირდაპირ ჩართვას არ აპირებენ. "ეს არ ხდება და არც მოხდება" - კიდევ ერთხელ განაცხადა ამასწინათ ევროპული დიპლომატიის ლიდერმა ჟოზეფ ბორელმა. იგივე დაადასტურა ნატო-ს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმაც.