"რუსეთი გრძელვადიან რეცესიაში შედის": ქვეყნის მთავრობა ეკონომიკის განგრძობად ვარდნას კონსტატირებს

31-03-2023 10:07:30 მსოფლიო

ომითა და დასავლური სანქციებით ტრავმირებული რუსული ეკონომიკა ვარდნას განაგრძობს, - ნათქვამია რუსეთის მთავრობის 2023 წლის იანვარ-თებერვლის ოპერატიულ მოხსენებაში.

"The Moscow Times"-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველი ორი თვის შედეგებით, რუსული მშპ გასული წლის 2,1%-იანი წლიური ვარდნის შემდეგ უკვე 3,2%-ითაა შემცირებული და გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკა "გრძელვადიანი რისკების დაგროვებაზე" მიუთითებს.

კერძოდ, სამრეწველო წარმოების მოცულობები წლის პირველი ორი თვის განმავლობაში 2%-ით შემცირდა. და ეს - სამხედრო მრეწველობის ქარხნების სადღეღამისო მუშაობის მიუხედავად, რომელთა წარმოება, ირიბი მონაცემების თანახმად, თითქმის 40%-ითაა გაზრდილი.

აჩქარდა ვარდნა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების კუთხითაც (იანვრის 3,1%-იანი კლების შემდეგ თებერვლის 3,2%-მდე). ავტომრეწველობამ და ფარმაცევტულმა დარგმა კი წელი ორნიშნა (შესაბამისად, -69,9% და -22%) კლებით დაიწყეს.

"რუსი მომხმარებლები, რომელთაც უკრაინასთან ომმა რეალური შემოსავლების ვარდნის ახალი ტალღა მოუტანა, "ქამრების შემოჭერას" აგრძელებენ და განგრძობადი კრიზისისთვის ემზადებიან", - წერს გამოცემა.

მისივე ინფორმაციით, საცალო ვაჭრობაში ბრუნვის კუთხით იანვრის 6,6%-იანი კლება თებერვალში 7,8%-მდე აჩქარდა და მოიცვა როგორც კვების პროდუქტები (-2,4%), ისე არასასურსათო საქონელი (-12,3%). რეალურ გამოხატულებაში, ინფლაციის გათვალისწინებით, საცალო ბრუნვა 12 წლის წინანდელ ნიშნულეამდეა შემცირებული, - აღნიშნავს გამოცემა.

"რუსეთი გრძელვადიან რეცესიაში შედის", — ამბობს ქვეყნის ცენტრალური ბანკის ყოფილი ჩინოსანი, ეკონომიკის ექსპერტი ალექსანდრა პროკოპენკო, რომელმაც ომის დაწყების შემდეგ რუსეთი დატოვა. - "სტატისტიკას "ამშვენებს" მონაცემები ტანკებისა და ჭურვების სამ ცვლად წარმოების შესახებ, მაგრამ ეს მხოლოდ შენიღბვაა პროლემებისა: ეს არაა რეალური პროდუქტიული ზრდა და ეკონომიკის განვითარება".

ამასთან, მისივე თქმით, ვითარება კიდევ უფრო მძიმე იქნებოდა, რომ არა ეკონომიკაში მასშტაბური შედინებები ბიუჯეტიდან, რომლის ხარჯები გასულ წელთან შედარებით, 1,5-ჯერ გაიზარდა. თუმცა მთავრობას მსგავსი მასშტაბური ხარჯების გაგძელება გაუჭირდება, რადგან მარტის ბოლოსთვის ფედერალური ხაზინის დეფიციტი უკვე 4 ტრლნ რუბლს აღწევდა, მაშინ, როცა ნავთობისა და გაზის რეალიზებიდან მიღებული შემოსავლები ორჯერაა შემცირებული.

რაც შეეხება ბიზნესის შემოსავლებს, იანვარში ისინი, გასულ წელთან შედარებით, 21%-ით იყო შემცირებული. შესაბამისად, ბიუჯეტის შევსება ექსტრემალური ნაბიჯებით უწევთ: 300 მლრდ რუბლის შეგროვებას მთავრობა მსხვილი კომპანიებისგან "ნებაყოფლობით"-იძულებითი წესით გეგმავს, რუსეთიდან მიმავალი უცხოური კომპანიებისთვის კი იგი აქტივების გაყიდვაზე 10%-იან გადასახადს აწესებს.

"მიუხედავად იმისა, რომ "როსსტატმა" გასულ წელს ეკონომიკის პროგნოზირებულზე ნაკლებით ვარდნის შესახებ განაცხადა, მომავალი არასახარბიელოდ გამოიყურება: რუსეთი გაცილებით უფრო ჩაკეტილი და გაცილებით მეტად ხდება დამოკიდებული ჩინეთზე", - ამბობს "International Institute for Strategic Studies"-ის უფროსი მეცნიერ-თანამშრომეი მარია შაგინა.

ეკონომიკური განვითარების სამინისტრო პრეზიდენტ პუტინს უკვე წელს ეკონომიკის ზრდას ჰპირდება, თუმცა ამ პროგნოზის მხოლოდ უმცირესობას სჯერა: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი რუსეთის მშპ-ის 3%-იან ზრდას ელის, Reuters-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები კი - საშუალოდ 1,9%-იან კლებას.

"თუმცა "როსსტატი", მაღალი ალბათობით, საბოლოოდ იმ ციფრს წარმოადგენს, რომლის ხილვაც პტინს სურს. ეკონომიკური სტატისტიკა ხომ რუსეთში პროპაგანდის ნაწილადაა ქცეული. მიზანი ნათელია: დაარწმუნონ მოსახლეობა, თითქოს დასავლური სანქციები არაეფექტურია და რუსეთის აგრესიას ვერ შეაჩერებს" - ასკვის "Economist Intelligence Unit"-ის დირექტორი პროგნოზირების საკითხებში აგათ დემარაისი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები