ბლინკენმა უკრაინის სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტის შესახებ განაცხადა

21-12-2022 22:58:31

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინისთვის დამატებით 1.85 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ განაცხადა. აღნიშნული პაკეტი მოიცავს „პეტრიოტის“ თავდაცვით სისტემებსაც, რომელსაც უკრაინა პირველად მიიღებს.

„ეს მილიარდი დოლარი უკრაინას უზრუნველყოფს გაფართოებული საჰაერო თავდაცვისა და ზუსტი დარტყმების შესაძლებლობებით ისევე, როგორც დამატებითი საბრძოლო მასალითა და კრიტიკული აღჭურვილობით, რომელსაც უკრაინა ეფექტურად იყენებს ბრძოლის ველზე თავის დასაცავად“, – ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში.

მისი თქმით, უკრაინისთვის დამატებით, 850 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების შესახებ განცხადებას პენტაგონიც გააკეთებს.

სახელმწიფო მდივნის თქმით, აშშ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება, რათა „კიევმა შეძლოს თავდაცვის გაგრძელება და მტკიცე პოზიციებით იყოს წარმოდგენილი მოლაპარაკების მაგიდასთან, როდესაც ამის დრო მოვა“.

ამასთან, აშშ-ის სენატში რესპუბლიკელთა პარტიის ლიდერის მიჩ მაკკონელის თქმით, უკრაინის დახმარება ამერიკის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად რჩება.

„დღეს უკრაინის დახმარებით, ამერიკა აჩვენებს მის ერთგულებას ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების მიმართ“, – განაცხადა მაკკონელმა სენატში გამოსვლისას და უკრაინის პრეზიდენტი შთამაგონებელ ლიდერად მოიხსენია.

მისი თქმით, „მიზეზს, რის გამოც ამერიკელთა უმეტესობა, ორივე პოლიტიკური პარტიიდან და კონგრესის ორივე ფრაქციის უმრავლესობიდან მხარს უჭერს უკრაინისთვის დახმარების გაგრძელებას, კავშირი არ აქვს შთამაგონებელ სიტყვით გამოსვლებთან ან ფილანტროპობასთან. უკრაინელი ხალხი უდანაშაულოა და იმსახურებს ჩვენს დახმარებას“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები