23-09-2022 18:55:12 ევროპა
ყოველდღიურად, დაახლოებით 50 სამხედრო მოსამსახურეს ვკარგავთ, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგულ გამოცემებთან ინტერვიუში.
„ჩვენ გვაქვს ყოველდღიური დანაკარგების შეფასებები. ისინი ზუსტი არაა. ეს თითქმის 50 ადამიანი დღეში. მაგრამ ეს არ არის ზუსტი რიცხვები, რადგან უცნობია, რამდენი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დარჩა ტერიტორიაზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის თქმით, მას გააჩნია ზუსტი მონაცემები უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგების შესახებ, მაგრამ არ სურს მათი გამხელა.
„მთავარი საკითხი ზუსტი მონაცემებია. მე მაქვს მონაცემები, რომლებსაც ვიღებ და რომლებსაც მაწვდიან. ციფრებთან ძალიან ფრთხილად უნდა იყო, რადგან ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი. ჩვენი სამხედროების პოზიცია იმაში არ არის, რომ დაღუპული და დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების ზუსტი რაოდენობა დასახელდეს“, - თქვა ზელენსკიმ და დასძინა, უკრაინელი სამხედროების დანაკარგები რუსებთან შედარებით ხუთჯერ ნაკლებია.
***
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა დღეს განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შედეგ 9000 ჯარისკაცი დაკარგა.
„თუკი მათ [რუსებს] უკვე 50 000-ზე მეტი დაღუპული ჰყავთ, ჩვენი დაღუპულების რაოდენობა დაახლოებით 9 000-ია“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
ანა მალიარმა განმარტა, რომ ომის დროს სამხედრო ინფორმაციის გავრცელების სპეციალური რეჟიმი მოქმედებს. გარდა ამისა, მისი თქმით, მოწინააღმდეგე ინფორმაციას უკრაინული ღია წყაროებიდან იღებს.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ სამხედროებისთვის მოწინააღმდეგის მოკლული პერსონალის რაოდენობა არის ინდიკატორი, რომლითაც იზომება ომის გარკვეული ტექნოლოგიების ეფექტურობა.