წულუკიანი: გელათის ტაძარი გადახურეს კრამიტით, რომელიც ტყდებოდა და წყალს ატარებდა

22-09-2022 17:11:46

საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ დღეს გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში, სადაც გადახურვის ხარვეზების გამო წყალი ჩადიოდა, კედლის მხატვრობის ჩამოცვენის რისკები აღარ არსებობს. მან "მინისტრის საათის" ფარგლებში პარლამენტში საუბრის დროს აღნიშნა, რომ საიმედო გეგმებია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გადაიხუროს მთავარი ტაძარი.

"მე უარს ვამბობ პასუხი ვაგო იმაზე, რაც ხდებოდა 2021 წლის მარტამდე [ჩვენი სამინისტროს ჩამოყალიბებამდე]. რაზეც ვაგებ პასუხს, ჩაგაბარებთ ანგარიშს.

პირველი ამოცანა იყო, მეკვლია და მერკვია, რა იყო მომხდარი. არ არსებობდა სრულყოფილი დოკუმენტი, თორემ დოკუმენტები ეყარა 2008 წლიდან მოყოლებული. არაფერი არ იყო გაკეთებული... ვერ ვიგებდით პროექტის შესაბამისი სამუშაოები ჩატარდა თუ მიღმა, მაგრამ ვხედავდით, რომ 2008 წლის პროექტი იყო ხარვეზიანი...

შარშან ივნისში დავიწყეთ წყლის შეღწევის მიზეზების კვლევა, რაც არ იყო მანამდე გაკეთებული. აღმოვაჩინეთ კირკიტის და ბევრი მცდელობის საფუძველზე... ვკითხულობდით, ჩატარებული ჰქონდა თუ არა იმ კრამიტს ექსპერტიზა, რომელიც თქვენ დააგეთ გელათზე. პასუხი იყო "დიახ". ვითხოვდი ამ დასკვნას, არ მოდიოდა და აღმოჩნდა, რომ არცერთ კრამიტს ექსპერტიზა არ ჰქონია ჩატარებული - არც წყლის შეღწევაზე, არც სიმტკიცეზე და არც სხვა იმ პარამეტრებზე, რაც კრამიტს სჭირდება, სანამ ძეგლს დაახურავ. ეს არის რეალობა, რომელზეც მე არ ვაპირებ პასუხი ვაგო", - თქვა მინისტრმა.

მან აღწერა ძეგლის გადახურვისას გამოვლენილი ხარვეზები, რომლითაც გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარს საფრთხე შეექმნა:

"ჩვენ თვითონ ჩავატარეთ ექსპერტიზა, მოვხსენით რამდენიმე კრამიტი სახურავიდან - დაგებულია თეთრი და წითელი კრამიტი. თეთრი, ე.წ. ფაიფურის კრამიტი არანაირ სტანდარტს არ აკმაყოფილებს. ეს არის იგივე ფაიფური, რომლისგანაც მზადდება მაღალი ხარისხის ფაიფურის თეფში. რაც შეეხება წითელ კრამიტს, რომელიც თიხის არის და შეიძლებოდა ყოფილიყო ვარაუდი, რომ ეს უფრო გამძლეა, სამხარაულის ექსპერტიზამ, რომელიც ჩვენ მას შემდეგ ჩავატარეთ, რაც ის ასეულობით კვადრატზე დაგებული იყო, აღმოაჩინა, რომ ის დარტყმისადმი მედეგი არ არის - გელათის გუმბათზე ხშირად გვაქვს რამდენიმე კილოიანი ლოლოები, რომელიც ვარდება და სახურავს ეცემა, არ უძლებს და მეტიც, ის ატარებს წყალს".

მე-12 საუკუნით დათარიღებული გელათის კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს კოორდინაციით, წლებია მიმდინარეობს. რეაბილიტაციისას, სახურავის გამოცვლის დროს, ცენტრალურ ტაძარში წყალი რამდენჯერმე ჩავიდა - დაზიანდა ჭერი, კედლები და უნიკალური ფრესკების ნაწილი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები