19-09-2022 13:20:46 კომენტარი
საქართველოს ბედი ახლა უკრაინაში წყდება, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ექს-პრემიერმა ვანო მერაბაშვილმა განაცხადა.
მერაბიშვილმა, რომელიც ბოლო პერიოდში იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში, მიმდინარე წლის სექტემბერში მონაწილეობა მიიღო ვილნიუსში გამართულ „თავისუფალი რუსეთის კონგრესში“ და ინტერვიუ მისცა ლიეტუვურ პორტალ Delfi-ს.
ის დარწმუნებულია, რომ „პუტინის რუსეთის იზოლაცია გარდაუვალია და ადრე თუ გვიან ამას დადებითი შედეგები მოჰყვება“.
მერაბიშვილი ამბობს, რომ უკრაინაში რუსული სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ ჩავიდა და სამი თვის განმავლობაში ეხმარებოდა „ყოფილ თანამშრომლებს, რომელთაც ბრძოლა სურდათ“.
მისი თქმით, ამჟამადაც უმეტესწილად უკრაინაში იმყოფება და მუშაობს „ჰუმანიტარულ დახმარებაზე, კოორდინაციაზე და სხვა საკითხებზე“.
როგორც მერაბიშვილმა ინტერვიუში აღნიშნა, მას "ძალიან რცხვენია", რომ საქართველო უკრაინასთან დაკავშირებით არ იკავებს იმგვარ "პოზიციას, რომელიც უნდა ეკავოს“.
”არათუ პროუკრაინულს, ნეიტრალურ პოზიციასაც არ იკავებს. უმეტეს შემთხვევაში, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა უფრო მეტად არის ორიენტირებული რუსეთზე, ვიდრე უკრაინაზე“,– ამბობს მერაბიშვილი და დასძენს, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების მხრიან არაშორსმჭვრეტელობაა, რადგან მომავალი უკრაინას და დასავლეთს ეკუთვნის: „პუტინი უკვე გასული დღეა, ისტორიულად წარსულია, უბრალოდ, ამას დრო სჭირდება. ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველო ახლა ასეთ ცუდ მდგომარეობაშია, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო დონეზე. და ძალიან ვწუხვარ, რომ რამდენიმე წლით გადავადეთ ჩვენი სრული ინტეგრაცია ევროკავშირში, რადგან ეს უარი ჩვენს ხალხს ძვირად დაუჯდება“.
მან ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავირში გაწევრიანება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხს მაქსიმუმ, ერთ წელიწადში გადაჭრიდა:
„სიმბოლურია, რომ საქართველო ითხოვს რუსული ჯარების გაყვანას სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან და ეს ჯარები დე ფაქტო გაყვანილია – ახლა იბრძვიან უკრაინაში. იქ ფაქტობრივად არც ერთი სამხედრო არაა. და თუ საქართველო ახლა ნორმალურ პოლიტიკურ პოზიციას დაიკავებდა, მაშინ აფხაზეთის ინტეგრაცია ერთიან ქართულ სახელმწიფოში გაადვილდებოდა, რადგან იქ სიტუაცია ძალიან შეიცვალა. მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამ ტერიტორიების ინტეგრირებისთვის და არაფერს აკეთებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. რადგან ყველაზე მარტივი გზა სწორედ ევროკავშირში ინტეგრაციაა: თუ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი რამდენიმე თვეში, მაქსიმუმ ერთ წელიწადში გადაწყდება, რადგან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ორიენტაცია რუსეთისკენ ეკონომიკურ მიზეზებზე იყო დაფუძნებული. როცა რუსეთი საქართველოზე მდიდარი იყო, სეპარატისტულად განწყობილი მოქალაქეები რუსეთს შესცქეროდნენ“.