14-09-2022 12:21:50 კავკასია ,კომენტარი
რუსეთმა გადაგვაგდო!– ამგვარი განცდა აქვს სომეხ პოლიტოლოგ სტეფან გრიგორიანს, რომელიც 13 სექტემბრის ღამეს სომხეთ–აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონაში მომხდარ სამხედრო შეტაკებებს აფასებს.
მისი შეფასებით, სახეზეა რეალური ომი.
„აზერბაიჯანმა სომხეთის ტერიტორიის სიღრმეში წამოიწია. იმ სამ ლოკაციაზე განახორციელა შეტევა (საკმაოდ ფართო ფრონტით), სადაც ჯერ კიდევ გასულ წელს შემოვიდა – ეს კლასიკური აგრესიაა. უკვე გამოგვიცხადეს, რომ სასაზღვრო სოფლებში სკოლები და საბავშვო ბაღები დაიკეტა. მიმდინარეობს მობილიზაცია. ეს ნამდვილი ომი და ნამდვილი აგრესიაა სომხეთის წინააღმდეგ“.
პოლიტოლოგი წუხს, რომ სომხეთი სადღეისოდ მოკავშირეების გარეშეა:
„ОДКБ [კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია]2020 წლის ომის დროს და შემდეგაც, როდესაც შეტაკებები იყო უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე (ყარაბაღზე არ ვსაუბრობ), შემოიფარგლა გაურკვეველი განცხადებებით და ამჟამადაც ანალოგიურად მოიქცა. ჩვენ ОДКБ–ში მოკავშირეები არ გვყავს, ამიტომაც, ყოველთვის გამოვდიოდი შეთავაზებით, რომ ამ ორგანიზაციაში ჩვენი წევრობა უნდა გავყინოთ. ОДКБ–მ ამ ჯერზეც დაადასტურა, რომ განცხადების გაკეთების უნარიც არ აქვს, არათუ დახმარების. უნდა გამოვყო რუსეთის განსაკუთრებული როლიც – ის აზერბაიჯანთან ერთად მოქმედებს. უკანასკნელ შეტაკებებზე გადაჭრით ვერ ვიტყვი, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში რუსეთი ბევრი საკითხის შემთხვევაში კოორდინაციაში იყო აზერბაიჯანთან: სამშვიდობოები „უცნაურად“ იქცევიან. მაგალითად, როდესაც ჩვენი სამხედროები გარკვეული პოზიციებიდან უკან იხევდნენ, რუსი სამშვიდობოები მოდიოდნენ, გვეუბნებოდნენ, „წადითო“ და შემდეგ იწვევდნენ აზერბაიჯანელ მებრძოლებს. რუსეთი არ ასრულებს საკუთარ ფუნქციას სომხეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაში! ვიტყოდი, რომ რუსეთმა გადაგვაგდო, ამიტომ, მარტონი ვართ“,– ამბობს პოლიტოლოგი.
მისი ხედვით, „გამოვიდა ისე, რომ დღეს თურქეთი რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია – ჰპირდება სანქციების გვერდის ავლაში დახმარებას“ და აძლიერებს რეგიონში, „უზრუნველყოფს მის კავშირს ცენტრალურ აზიასთან“, ანკარა კი ეხმარება ბაქოს, ხოლო სომხეთი მარტოა. ამიტომ, პოლიტოლოგი სომხეთის ხელისუფლებას სთავაზობს, სხვა მოთამაშეებთან დაიწყოს მუშაობა, მათ შორის, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაიტანოს უკანასკნელი შეტაკებების საკითხი.
„როგორც იქნა, ბოლოს და ბოლოს მოგვისმინეს, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენს ხელისუფლებას აშინებს რუსეთის წინააღმდეგ მკვეთრი მოქმედება, ამიტომ, თავს იკავებს და აქედან მომდინარეობს ჩვენი დანაკარგებიც. ამიტომ, კარგს არაფერს ველი. აზერბაიჯანი კი სარგებლობს ვითარებით და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი წაგვართვას ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. საერთაშორისო საზოგადოებამ არ იცის ვითარების შესახებ, რადგან სომხეთი ენდობა რუსულ პოზიციას, ამიტომაც არ არის სანქციები აზერბაიჯანის წინააღმდეგ“.
***
13 სექტემბრის ღამეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება გამწვავდა.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლი გაიხსნა საზღვრისპირა ქალაქების: სოტკის, ვარდენისის, გორისის, კაპანის, არტანიშის და იშხანასარის მიმართულებით. ამასთან, უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ გამოიყენა უპილოტო საფრენი აპარატები და ყუმბარმტყორცნები, დარტყმები კი მათ შორის სამოქალაქო ობიექტებზე განხორციელდა.
თავის მხრივ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სახელმწიფო საზღვარზე "მასშტაბური დივერსია" განახორციელეს, კერძოდ, ღამის საათებში აზერბაიჯანული არმიის მომარაგების გზები დანაღმეს, რასაც ბრძოლა მოჰყვა. ბაქო უარყოფს ერევნის ინფორმაციას სომხეთის ტერიტორიაზე შეჭრის შესახებ.
კონფლიქტის გამწვავებასთან დაკავშირებით ერევანმა დახმარებისთვის რუსეთის ფედერაციას, გაეროს უშიშროების საბჭოსა და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას (ОДКБ) მიმართა.
რუსეთმა ერევანს საპასუხოდ განუცხადა, რომ "სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ყველა სადავო საკითხი მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით უნდა გადაწყდეს".
დღეს ცნობილი გახდა, რომ ОДКБ-ის სომხეთში გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით სპეციალური მისია ჩავა და სიტუაციას ადგილზე შეისწავლის.
ამასთან, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო 14 სექტემბერს იწუეყბა, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე დაპირისპირება ღამის განმავლობაშიც გაგრძელდა, დღეს დილიდან კი აზერბაიჯანმა სომხეთის დაბომბვა განაახლა.
სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრეს–სპიკერის თქმით, "წუხელ აზერბაიჯანმა უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა ჯერმუკის არეალში, ხოლო დღეს 08:00 საათიდან ჯერმუკისა და ვერინ შორჟას მიმართულებით არტილერიის, ნაღმტყორცნებისა და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით დაიწყო სროლა". ერევანში აცხადებენ, რომ თავადაც მიმართეს საპასუხო ზომებს.
აზერბაიჯანი კი დაპირისპირების განახლებაში სომხეთს ადანაშაულებს. ბაქოში აცხადებენ, რომ "ლაჩინისა და ქელბაჯარის მიმართულებით ცეცხლი სომხურმა მხარემ გახსნა არტილერიისა და ნაღმტყორცნების გამოყენებით“, მათ კი „საპასუხო ზომებს მიმართეს".