„დიდი შვიდეული“ რუსეთს მოუწოდებს, უკრაინას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სრული კონტროლი დაუბრუნოს

10-08-2022 17:05:53 მსოფლიო

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთს მოუწოდებენ, უკრაინას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სრული კონტროლი დაუყოვნებლივ გადასცეს.

"მოვითხოვთ, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ გადასცეს სრული კონტროლი მის კანონიერ სუვერენულ მფლობელს, უკრაინას, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურსა და უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ყველა ატომურ ობიექტზე, რათა უზრუნველყოს მათი უსაფრთხო და დაცული მუშაობა“, - აცხადებენ „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში აცხადებენ, რომ 6 აგვისტოს რუსეთის თავდასხმის შედეგად სადგურის გადამუშავებული ატომური საწვავის საცავის ზონაში დაზიანდა ელექტრომომარაგების სისტემა, კედლები, სახურავი, ფანჯრები, გაყვანილობა, რომელიც რადიაციული კონტროლის სისტემის ნაწილს წარმოადგენს, რამაც შესაძლოა, გავლენა მოახდინოს სამი სენსორის მუშაობაზე. მაგრამ გადამუშავებული ბირთვული საწვავის კონტეინერებზე ან ობიექტის დამცავ პერიმეტრზე თვალსაჩინო დაზიანება არ გამოვლენილა.

ამავდროულად, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო აღნიშნავს, რომ 5-6 აგვისტოს რუსეთის შეიარაღებულმა თავდასხმამ დაარღვია სადგურის ატომური უსაფრთხოების შვიდივე შეუცვლელი კომპონენტი, მათ შორის ატომური ელექტროსადგურის ფიზიკური მთლიანობა და დაცულობა, პერსონალი და კვების შიდა წყაროები.

გროსიმ აღნიშნა, რომ აუცილებელია ადგილზე საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების უსწრაფესად ჩასვლა, ბირთული უსაფრთხოების ვითარების სტაბილიზაციისთვის.

გაერო იმედოვნებს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებს სადგურზე წვდომის საშუალება მიეცემათ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები