"სააკაშვილს უკრაინა აინტერესებს, აგვისტოს ომის თემამ ისე ჩაიარა, განცხადება არ გაუკეთებია"

10-08-2022 16:59:19 პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, როგორც კი ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის ნებართვას გასცემს, აშშ-დან და შვეიცარიიდან სასამართლო და სამედიცინო ექსპერტები ჩამოვლენ სააკაშვილის მდგომარეობის შესაფასებლად. ამის შესახებ მან დღეს ექს–პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.

„ამერიკიდან ჩამოვლენ ფსიქიატრი, ნევროლოგი და გასტროენტეროლოგი, კიდევ ერთი ექსპერტი ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი და შვეიცარიიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი. შეიძლება კიდევ ვინმე დაემატოს. როგორც კი ჯანდაცვის სამინისტროსგან ნებართვას მივიღებთ, ჩათვალეთ, მეორე დღეს გამოფრინდებიან“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, სააკაშვილი ეს დღეები ძალიან ცუდად იყო, მას ანთებით პროცესები ჰქონდა.

რაც შეეხება საააკაშვილის ქართული პოლიტიკიდა გასვლის საკითხს, ხაჭაპურიძის თქმით, ამას მოწმობს ისიც, რომ ექსპრეზიდენტს აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია.

„ნეტარ არიან მორწმუნენი „ნაციონალურ მოძრაობას“ რაც შეეხება. რაც შეეხება სააკაშვილს, ამ თემაზე თითქმის არ გვილაპარაკია. უკრაინის თემები აინტერესებს და საქართველოს აგვისტოს ომის თემამ ისე ჩაიარა, ერთი განცხადება არ გაუკეთებია. ამის თაობაზე თვითონ გააკეთებს განცხადებას“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

დღეს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის ქართული პოლიტიკისგან განცალკევება წამოუდგენელია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები