ISFED – "უცნობის" კოორდინირებული ქსელი ანტიდასავლური პროპაგანდის სამსახურშია

10-08-2022 16:11:17 საზოგადოება

"სამართლიანმა არჩევნებმა" ( ISFED) ტელეწამყვანის გია გაჩეჩილაძის იგივე "უცნობის" კოორდინირებული ქსელი შეისწავლა, რომელიც მათი შეფასებით, ანტიდასავლური პროპაგანდის სამსახურშია ჩართული.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის პარალელურად, საქართველოში მომძლავრდა ანტიდასავლური და, რიგ შემთხვევებში, ღიად პრორუსული გზავნილები.

"რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის პარალელურად, საქართველოში მომძლავრდა ანტიდასავლური და, რიგ შემთხვევებში, ღიად პრორუსული გზავნილები. გავრცელებული ნარატივის მიხედვით, დასავლეთი საქართველოზე ახდენს ზეწოლას, რომ ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაერთოს. მსგავსი რიტორიკა და ირიბი მინიშნებები მმართველი გუნდის წარმომადგენლებისგანაც ისმის. დასავლეთთან ერთად, ქვეყანაში ე.წ. „მეორე ფრონტის“ გახსნის სურვილის შესახებ ბრალდებები ისმის ოპოზიციის, განსაკუთრებით კი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მისამართითაც.

საზოგადოებაში ომში ჩათრევის შიშების დასანერგად და დასავლეთის უარყოფითი როლის წარმოჩენის მიზნით დაგეგმილ საინფორმაციო კამპანიაში ჩართულნი არიან ხელისუფლებასთან დაკავშირებული, ექსპერტებად ცნობილი პირები, მმართველი გუნდის ამჟამინდელი თუ, უკვე, ყოფილი წევრები და სხვა აქტორები. მართველი პარტიის რიტორიკისა და ტრადიციულ პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებში გააქტიურებული კამპანიის პარალელურად, ანტიდასავლური გზავნილები მომძლავრდა სოციალურ ქსელებშიც. მათ შორის, თვალსაჩინო გახდა ფეისბუქზე გიორგი (გია) გაჩეჩილაძის (“უცნობის”) მიერ დაარსებულ მოძრაობასთან დაკავშირებული გვერდების ქსელი, რომლებიც ფეისბუქზე შექმნილი ინფრასტრუქტურის (გვერდები და არაავთენტური ანგარიშები) მეშვეობით ცდილობენ, ხელი შეუწყონ დასავლეთის საწინააღმდეგო ნარატივის პოპულარიზაციას. ამასთანავე, აღნიშნული ქსელი სცდება ფეისბუქის მასშტაბებს და მასთან ერთად, იუთუბის, ტელეგრამის, ტიკტოკისა და ინსტაგრამის პლატფორმებზეცაა წარმოდგენილი, რაც მისი საინფორმაციო კამპანიის ხასიათზე მიუთითებს და საზოგადოებაზე გავლენის გაზრდის ინტერესს ნათელს ხდის", – აცხადებს ISFED.

"გია გაჩეჩილაძის საზოგადოებრივ მოძრაობასთან დაკავშირებული გვერდები ფეისბუქზე

„აი ია“ საზოგადოებრივი მოძრაობაა, რომლის დაარსებაც გია გაჩეჩილაძემ 2021 წლის 9 აპრილს დააანონსა და მოძრაობის მიზნად ქვეყნის პოლიტიკური მოცემულობის შეცვლა გამოაცხადა. მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელია თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი და მანამდე „ქართული ოცნების“ წევრი, ვატო შაქარიშვილიც, რომელმაც განაცხადა, რომ მოძრაობას სამოქალაქო კონტროლის ფუნქცია ექნებოდა. შაქარიშვილი და გაჩეჩილაძე თავიანთ განცხადებებში ხშირად ესხმიან თავს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ მედიას და გამოირჩევიან ანტიდასავლური რიტორიკით. რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის დაწყებიდან თითქმის ორ თვეში გაჩეჩილაძემ ახალი საზოგადოებრივი ინიციატივა, „არ აგარევინებთ“ დააანონსა, რომლის მიზანიც საქართველოს ომში ჩათრევისგან თავის არიდებაა, რომელსაც, მისი თქმით, შიდა და გარე ძალები, მათ შორის, ოპოზიცია ცდილობს.

„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, ფეისბუქზე “აი ია”-სთან დაკავშირებულია ღიად ანტიდასავლური, ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედი ქსელი, რომელშიც 7 გვერდი შედის: „არ აგარევინებთ“, „არ აგარევინებთ • ar agarevinebt“, „აი უცნობი • i ucnobi“, „აი ია“, „ Vato Shakarishvili • ვატო შაქარიშვილი”, “Fun Politic“ და „მიშინგი“. გვერდების პოსტების უმეტესობა ჯგუფებში ყალბი ანგარიშების მიერ კოორდინირებულად ვრცელდება. ოპოზიციის წინააღმდეგ გამოქვეყნებული პოსტების ნაწილი რეკლამების სახითაც ვრცელდება.

ფეისბუქის მონიტორინგის ინსტრუმენტის, CrowdTangle-ის, მიხედვით, გვერდები „აი ია“, „არ აგარევინებთ“, „არ აგარევინებთ • ar agarevinebt”, „Vato Shakarishvili • ვატო შაქარიშვილი“ და „აი უცნობი • i ucnobi“ ერთმანეთის გვერდებიდან აქვეყნებენ ვიდეოებს ე.წ. ქროსფოსთინგის ფუნქციის მეშვეობით,[1] რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულია და შესაძლოა, საერთო ადმინისტრატორებიც ჰყავთ.

არაავთენტური ანგარიშების კოორდინირებული აქტივობა ფეისბუქ ჯგუფებში

“სამართლიანმა არჩევნებმა” აღმოაჩინა ფეისბუქზე მოქმედი ყალბი ანგარიშები, რომლებიც შესწავლილ გვერდებზე გამოქვეყნებულ პოსტებს ჯგუფებში კოორდინირებულად ავრცელებენ. მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული არაავთენტური ანგარიშები პოსტების ჯგუფებში გაზიარებას მათი გამოქვეყნებისთანავე იწყებდნენ, რაც მათი ადმინისტრატორების კოორდინირებულ მოქმედებაზე მიუთითებს. საყურადღებოა ისიც, რომ თითოეული ყალბი ანგარიში ჯგუფებში პოსტებს რამდენიმე გვერდიდან აზიარებდა.

ამასთან, ინტერაქციის გაზრდისა და დისკურსის განვითარების მიზნით, აღნიშნული არაავთენტური ანგარიშები პოსტებზე კომენტარებსაც ტოვებდნენ. ყალბი ანგარიშების გარდა, შესწავლილ გვერდებზე გამოქვეყნებული პოსტების ჯგუფებში გავრცელებაში ჩართული იყო მმართველ პარტიასთან აფილირებული პროპაგანდისტი, გია აბაშიძე.

ძირითადი გზავნილები

უცნობთან დაკავშირებული გვერდების ქსელი ღიად ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩევა. გვერდებზე, ძირითადად, ვრცელდება ვატო შაქარიშვილისა და მმართველი პარტიის მხარდამჭერი პირების (გოგა ხაინდრავა, ამირან სალუქვაძე, ზაზა შათირიშვილი და სხვ.) ანტიდასავლური განცხადებები. „არ აგარევინებთ“ და მასთან დაკავშირებული ქსელი ერთ-ერთი პლატფორმა გახდა „ქართული ოცნებიდან“ მიმდინარე წლის ივნისში წასული პარლამენტის დეპუტატებისთვისაც, რომლებიც ახლა უკვე ღიად აფიქსირებენ ანტიდასავლურ, უმეტესად ანტიამერიკულ, განწყობებს. ამასთანავე, გვერდებზე აქტიურად ქვეყნდება ნაწყვეტები “უცნობის” გადაცემიდან. გვერდებზე გავრცელებული მთავარი გზავნილი იმაში მდგომარეობს, რომ აშშ-სა და დასავლეთს საქართველოში საომარი მოქმედებების დაწყება და ე.წ. მეორე ფრონტის გახსნა სურს. გვერდებზე ღიად თავს ესხმიან საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და კელი დეგნანს, დასავლეთი კი წარმოჩენილია ძალად, რომლის მიზანიც საქართველოს მოქმედებების მართვა და ქვეყანაზე კონტროლის მოპოვებაა.

დასავლეთის გარდა, გვერდების დისკრედიტაციის სამიზნე უკრაინაცაა. ვრცელდება გზავნილები, რომ უკრაინას ომში ფულადი ინტერესი აქვს. ასევე, დასავლეთის მსგავსად, უკრაინის მაღალჩინოსნებს ადანაშაულებენ საქართველოში “მეორე ფრონტის” გახსნის სურვილშიც.

აღნიშნული გვერდები მმართველი გუნდის სასარგებლოდ მოქმედებენ და ეწევიან ოპოზიციის დისკრედიტაციას. მათი ძირითადი სამიზნე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია.

დასავლეთი, უკრაინა და ოპოზიცია ერთმანეთთან დაკავშირებულ ძალებად არის წარმოჩენილი, რომელთაც საქართველოს ომში ჩართვა და არეულობა სურთ. ოპოზიციის დისკრედიტაციის პარალელურად, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ მედიას საზოგადოების მოტყუებასა და ფაქტების ფაბრიკაციაში სდებენ ბრალს, რის მტკიცებულებადაც უცნობის მიერ გასაჯაროებულ ფარულ ჩანაწერებს იშველიებენ.

დარეკლამებული კამპანია

„უცნობსა” და ვატო შაქარიშვილთან დაკავშირებული გვერდების კავშირზე მეტას რეკლამების ბიბლიოთეკის მონაცემებიც მიუთითებს. გვერდებზე „არ აგარევინებთ • ar agarevinebt”, „აი ია“ და „Vato Shakarishvili • ვატო შაქარიშვილი“ რეკლამების განმთავსებლად მითითებულია ვინმე Davit Davitashvili, თუმცა საკონტაქტო ინფორმაციით მისი იდენტიფიცირება შეუძლებელია, შესაბამისად, დახარჯული თანხის წარმომავლობა გაუმჭვირვალეა. დარეკლამებული პოსტები, ძირითადად, ვატო შაქარიშვილის განცხადებები და ეთერებია. აღსანიშნავია, რომ გვერდზე „აი ია“ ივლისის შუა რიცხვებამდე რეკლამები ქვეყნდებოდა Tuna-ს სახელით, რაც, ასევე, არ იძლევა დამფინანსებლის იდენტიფიკაციის საშუალებას. ერთი და იმავე რეკლამების განთავსება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ გვერდები ერთმანეთთან არიან დაკავშირებული და ერთი ადმინისტრატორის/ჯგუფის მიერ იმართებიან. ბოლო ორი თვის განმავლობაში გვერდებზე სულ 42 რეკლამა გამოქვეყნდა. თითოეული მათგანი პოტენციურად 1 მილიონზე მეტ ფეისბუქმომხმარებლამდე აღწევს.

აქტივობა სოციალური მედიის სხვა პლატფორმებზე

ფეისბუქზე მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის პარალელურად, ტიკტოკზე აქტიურია არხი @aragarevinebt, რომელსაც 949 გამომწერი ჰყავს. არხზე გამოქვეყნებული კონტენტი ფეისბუქზე მოქმედი ამავე სახელწოდების გვერდებზე გავრცელებული პოსტების იდენტურია, თუმცა მორგებულია პლატფორმის სპეციფიკას. გამოქვეყნებული სატირული ხასიათის ვიდეოების ხანგრძლივობა, ძირითადად, 15 წამიდან 3 წუთამდეა.

ფეისბუქისა და ტიკტოკის გარდა, „არ აგარევინებთ“ ბოლო პერიოდში აქტიურად იყენებს ამავე სახელწოდების ტელეგრამის არხს, რომელში გაწევრებისკენაც აუდიტორიას ფეისბუქზე მოუწოდებს. არხი 2022 წლის 5 მაისს შეიქმნა და ამჟამად 561 გამომწერი ჰყავს. ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებული პოსტები ემთხვევა ფეისბუქზე გამოქვეყნებულ კონტენტს.

2022 წლის 8 მაისიდან მოქმედებს მათი იუთუბ არხიც, რომელსაც მხოლოდ 20 გამომწერი ჰყავს. არხზე აქტიურად ქვეყნდება მოკლე ვიდეოები, ე.წ. შორთები. სხვა პლატფორმების მსგავსად, კონტენტს აქაც დისკრედიტაციული ხასიათი აქვს.

მოძრაობა „აი ია“ ინსტაგრამის ანგარიშსაც იყენებს სახელწოდებით @aisazogadoeba. ანგარიშზე ბოლო პოსტი 2021 წლის 22 ივნისსაა გამოქვეყნებული. ანგარიშზე გვხვდება ოპოზიციისა და კრიტიკული მედიის მადისკრედიტირებელი პოსტები", – აცხადებს ISFED.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები