უნგრეთმა და სლოვაკეთმა რუსული ნავთობის უკრაინის გავლით ტრანზიტის საფასური გადაიხადეს

10-08-2022 15:57:57 ევროპა

უნგრულმა ნავთობკომპანიამ MOL-მა და სლოვაკურმა Slovnaft-მა განაცხადეს, რომ თავად გადაიხადეს რუსული ნავთობის ტრანზიტის საფასური უკრაინის „დრუჟბას“ მილსადენის გავლით და მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში განახლდეს მიწოდება. ნავთობის გატარება იმის გამო შეჩერდა, რომ რუსეთმა მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე ტრანზიტის მომსახურების გადახდა ვერ შეძლო.

ტრანზიტი 4 აგვისტოს შეწყდა, რადგან უკრაინის მაგისტრალური მილსადენების სახელმწიფო ოპერატორს Ukrtransnaft–ს რუსული კომპანიისგან მომსახურების თანხა არ მიუღია. ამ ფონზე ნავთობის ფასი 9 აგვისტოს გაიზარდა. ხოლო გადახდის შესახებ ცნობის გავრცელების შემდეგ ფასმა კლება დაიწყო.

ივნისში ევროკავშირი დათანხმდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტს, რომელიც რუსული ნავთობზე უარის თქმას ითვალისწინებს. აკრძალვა არ მოიცავდა ნავთობის მიწოდებას „დრუჟბას“ სამხრეთ ფილიალით, რადგან როგორც უნგრეთმა და სლოვაკეთმა განაცხადეს, ჩანაცვლებას ბაზარზე სწრაფად ვერ მოახდენენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები