„სადისტი ვიპოვეთ“: იდენტიფიცირებულია პირი, რომელმაც უკრაინელი სამხედრო ტყვე აწამა

10-08-2022 15:06:28 საზოგადოება ,მსოფლიო

The Insider-მა და Bellingcat-მა იპოვეს ჯარისკაცი, რომელმაც უკრაინელ სამხედრო ტყვეს გენიტალიები მოკვეთა და შემდეგ მოკლა. შემზარავი ვიდეო ინტერნეტში ივლისის ბოლოს გამოჩნდა, რასაც მწვავე საერთაშორისო რეაქცია მოჰყვა.

გამომძიებლების თქმით, ეს იყო „ახმატის“ ბატალიონის დაქირავებული მებრძოლი, ტუვაში მცხოვრები ოჩურ-სუგე მონღუშ. ჟურნალისტებმა მასთან ტელეფონით დაკავშირება მოახერხეს, თუმცა მამაკაცი ამ სასტიკ დანაშაულში მონაწილეობას უარყოფს.

Bellingcat-ის ხელმძღვანელი ხრისტო გროზევი ყვება, პირის იდენტიფიცირებაში მათ ფაქტობრივად თავად რუსი პროპაგანდისტები დაეხმარნენ.

„ის მარტო არ იყო – მინიმუმ, სამნი იყვნენ (მეორეს იდენტიფიცირებაც მოვახერხეთ, ჩვენამდე უკრაინელმა ჟურნალისტებმა ამოიცნეს), მაგრამ ადამიანი, რომელმაც უშუალოდ ჩაიდინა ეს საშინელება და შემდეგ მკვლელობა, ნამდვილად სამხედროა, რომელიც მსახურობს რამზან კადიროვს და როსგვარდიას დაქვემდებარებულ ბატალიონ „ახმატში“. გარდა იმისა, რომ ბევრი დეტალი ემთხვევა სახის და სამოსის მახასიათებლების კუთხით, არსებობს სხვა ფაქტორებიც“,– ამბობს გროზევი და ყურადღებას ამახვილებს თეთრი მანქანაზე, რომელიც წამების ამსახველ ვიდეოზე ჩანს. მისი თქმით, ხსენებული მამაკაცი იმავე მანქანის წინ პოზირებდა რუსული პროპაგანდისტული რესურსებისთვის გადაღებულ ვიდეოებშიც.

„მისმა აღიარებამ, რომ თავად მონაწილეობს პროპაგანდისტულ ვიდეოში, მოგვცა თავდაჯერება. გარდა ამისა, მისი განმარტება, რომ მალევე, როგორც კი გამოჩნდა ეს საშინელი ვიდეო [წამების ამსახველი], მას დაუკავშირდნენ რუსი ჟურნალისტები, რომლებიც იღებდნენ ხსენებულ პროპაგანდისტულ ვიდეოებს და უთხრეს, „მისმინე, შენს შესახებ ეს რა გამოაქვეყნეს?!“, ნიშნავს, რომ იმ ჟურნალისტებმაც ამოიცნეს. ისინი მას ჩვენზე უკეთ იცნობენ, რადგან ერთად მუშაობდნენ. თავად ირწმუნება, რომ ამ ვიდეოთი მივიდა ეფესბეში, რათა ეთქვა, რომ ვიდეოზე თავად არ არის. მისივე მტკიცებით, ოთხი დღის განმავლობაში დაყო პატიმრობაში, ვიდრე ეფესბემ „გაარკვია“, რომ ვიდეოზე ის ნამდვილად „არ არის“ და რომ ვიდეო ყალბია. მისი მეორე ვერსიით კი თავად უკრაინელებმა აწამეს ჯარისკაცი, „კონტრშეტევის დროს დააკავესო“ (არეულია თავის განმარტებებში და ძალიან უსიამოვნო იყო მასთან საუბარიც კი). და ძალიან მნიშვნელოვანი – მან თავად დაასახელა ადგილი (როგორც თქვა, ეფესბეს ვერსია), სადაც იქნა ჩადენილი ეს დანაშაული. ფაქტობრივად დაგვეხმარა. სხვაგვარად ოთხი დღე დაგვჭირდებოდა გეოლოკაციის დასადგენად, ასე კი ნახევარ საათში ვიპოვეთ და ეჭვიც არ გვეპარება, რომ დანაშაულის ჩადენის ადგილი ზუსტად ამოვიცანით –მახასიათებლები ზუსტად ემთხვევა, მაგრამ ეს არ ჩაუდენიათ უკრაინელებს საკუთარი თანამებრძოლის წინააღმდეგაა, ეს ჩაიდინეს „ახმატის“ წევრებმა სამხედრო ტყვის წინააღმდეგ“,– განმარტავს გროზევი და დასძენს რომ მოგროვებული მასალა საერთაშორისო ორგანიზაციებს გადასცა.

მისი თქმით, სამართლიანი სასამართლოს პირობებში პასუხისგება მოუწევს არა მხოლოდ მას, არამედ მის სარდლობას და ეფესბეს თანამშრომლებსაც, რომელთაც რეალურად გამოჰკითხეს სამხედრო, თუმცა რეაგირება არ მოუხდენიათ:

„ამდენად, ველი სამუდამო პატიმრობას, ხოლო მრავალწლიანი განაჩენები დადგება თანამზრახველების და ხელის დამფარებლების წინააღმდეგ“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები