მეუფე ნიკოლოზი – მიხეილ სააკაშვილზე: "ასეთი გამხდარი არასდროს მინახავს"

10-08-2022 14:25:33 პოლიტიკა ,საზოგადოება

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოინახულა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ძალიან გამხდარია და უთხრა, რომ რაც კლინიკაშია 11 კილოგრამი დაიკლო.

"პირველი რომ შევედი რაც დავინახე, ნუ მე ასეთი გამხდარი არასდროს მინახავს. მითხრა, რაც აქ ვარ კლინიკაში, 11 კილო მაქვს დაკლებულიო. მე ვუთხარი, რომ სასოწარკვეთილება ახლოს არ უნდა გაიკაროს იმიტომ, რომ სასოწარკვეთილება არის ეშმაკის. ეს არის აბსოლუტურად წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება, როგორ გაგრძელდება მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა. მე ერთადერთი რაღაც შემიძლია, ვთქვა, ჩემ თავზე რაც მაქვს გამოცდილი, რომ ჩვენ არ ვართ ისეთი განვითარებული ქვეყანა, რომ ნებისმიერი დაავადების მკურნალობა ქვეყნის შიგნით იყოს შესაძლებელი. სამწუხაროდ, ჯერ არ ვართ ასე, თუმცა ქვეყანა ვითარდება, ამის უარყოფაც არ შეიძლება", - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

საქართველოს ექს–პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც საქართველოში ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი ქვეყანაში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. იგი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძღულია საქმე სახელმწიფო საზღვარის უკანონო კვეთის მუხლითაც, საქმე სასამართლო განხილვის ეტაპზეა.

დაკავების დღესვე სააკაშილმა შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო შიმშილობის 50-ე დღეს, 19 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს, გამთენიისას დააბრუნეს. მისი ადვოკატები და ცენტრ "ემპათიის" წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ აუცილებელი იყო მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ, რადგან ვერ დასრულდა რეაბილიტაციის პროცესი გორის სამხედრო ჰოსპიტალში. იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან თბილისში არსებულ სამოქალაქო კლინიკა "ვივამედში" მკურნალობს. ოჯახის, მხარდამჭერებისა და ადვოკატების სურვილია, სააკაშვილის ხელისუფლებამ სასჯელის მოხდის ვადა გადაუვადონ სრულ გამოჯანმრთელებამდე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები