ზურაბიშვილი - უკრაინის ელჩის გაწვევაზე: "ეს დაკავშირებულია შიდა პოლიტიკასთან"

29-04-2022 10:17:18 საგარეო პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ფორინ პოლისისთან“ ინტერვიუში უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგებზე, საერთშორისო სანქციებსა და უკრაინის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევაზე ისაუბრა.

„საქართველო ახლა უფრო მეტად უნდა ახსოვდეს ყველას, რადგან ჩვენ, მოლდოვასთან ერთად, ვართ რუსეთის ფრონტის ხაზზე. ამავე დროს, ჩვენ არ ვართ დაცულები ევროკავშირის უსაფრთხოების სისტემით და არც, ნატო-ს უსაფრთხოების გარანტიებით. ეს კი ჩვენ უფრო მეტად დაუცველს გვხდის მოვლენების ორივე სცენარით განვითარების შემთხვევაში. ანუ თუ რუსეთის მოიგებს, ის უფრო ამბიციური გახდება, როგორც ახლა ჩანს. თუ რუსეთი ვერ მიაღწევს იმ გამარჯვებას, რომელიც სურს, მაშინ ისინი კომპენსაციის ძებნას დაიწყებენ. მე არ ვამბობ, რომ მოვლენები მაინცდამიანც ამ სცენარით განვითარდება, მაგრამ ჩემი აზრით, საქართველო უფრო ხშირად უნდა ახსენონ. ცხადია, პრიორიტეტი ახლა უკრაინაა და ასეც უნდა იყოს. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. შეჯიბრებას არ ვაწყობთ. მაგრამ ამავე დროს საქართველო არ უნდა იყოს დავიწყებული, რადგან ეს შეიძლება იყო ძალიან არასწორი გზავნილი მოსკოვისთვის“, – ამბობს ზურაბიშვილი

მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე, საქართველოს დასავლეთისაგან მეტი დახმარება სურს, მათ შორის უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში.

„ჩემი აზრით, უახლოეს მომავალში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება შავი ზღვა. აქ გვჭირდება დახმარება სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებაში, რადგან ჩვენ უკეთ ვიცით, რა ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსეთი შავი ზღვის მეტი სანაპიროს გაკონტროლებას ცდილობს. კიბერუსაფრთხოება არის ის სფერო, რომელშიც მეტ მხარდაჭერას და თანამშრომლობას ვითხოვთ. თავდაცვის შეიარაღება არის ის, რაც მეტი გვჭირდება“, – ამბობს ზურაბიშვილი ფორინ პოლისისთან საუბრისას.

მისივე თქმით, ის ელის, რომ საქართველო დაესწრება ნატო-ს მადრიდის სამიტს, სადაც "გამოჩნდება, მზადაა თუ არა ალიანსი გადადგას საქართველოს ინტეგრაციისკენ ნაბიჯები".

ის ასევე საუბრობს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებზე და ამბობს, რომ საქართველო ყველა ასეთ სანქციებს მიერთებულია.

„საქართველო ყველა საერთაშორისო სანქციის მონაწილეა, ყველა ფინანსური სანქციის. საქართველოს ფინანსური ხელისუფლება და ბანკები ამ სანქციებს ზედმეტადაც კი ემორჩილებიან, რადგან ძალიან ეშინიათ სხვებს ჩამორჩნენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს საქართველოს ძვირი უჯდება. რაც შეეხება ინდივიდუალურ სანქციებს, საქართველოს ბევრის გაკეთება არ შეუძლია. ჩვენ რუსეთიდან და უკრაინიდან ხორბლის იმპორტს ვახორციელებდით. ჩვენ 90%-ით ვართ დამოკიდებულები. ახლა არის გადახდის პრობლემა, თუ არ გადავიხდით, იმპორტს ვეღარ განვახორციელებთ. ასევე არის გარკვეული ვაჭრობა რუსეთსა და საქართველოს შორის, მაგალითად ხილით ვაჭრობა, რაც არ არის სანქცირებული საქონელი. ასე რომ, ვფიქრობ, სანქციებთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა გაუგებრობას, იმის ახსნის დროს, თუ რა სანქციებს უერთდება საქართველო და რომელს არ უერთდება“, -ამბობს საქართველოს პრეზიდენტი.

კითხვაზე, რატომ გაიწვია მაშინ უკრაინამ საკუთარი ელჩი საქართველოდან, პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამბობს, რომ ამას გარკვეული პოლიტიკური ქვეტექსტი აქვს.

„ეს არის დაკავშირებული შიდა პოლიტიკასთან საქართველოში და ზოგიერთი ქართული ოპოზიციური პარტიის კავშირებთან ზოგიერთ უკრაინელ ლიდერთან. არ მსურს ვინმეს მხილება… ახლა ჩვენი უკრაინელებთან ურთიერთობა უნდა იყოს, რაც შეიძლება ახლო. ყველაფერი, რაც რაიმე სახის უთანხმოებას აჩვენებს, და ეს ვუთხარი უკრაინელ ლიდერებს, ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით, წყალს ასახამს რუსეთის წისქვილზე. ამიტომ არ მიყვარს ამ საკითხის განხილვა, მაგრამ ცხადია, რომ საქართველოში არიან ოპოზიციის ლიდერები, სააკაშვილთან დაახლოებულები. სააკაშვილი კი უკრაინაში იმყოფებოდა და მეგობრები ჰყავს, ის ცდილობს საქართველო და უკრაინას შორის ურთიერთობების დაძაბვას, რისი დროც ახლა, ჩემი აზრით, არ არის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები