პოლიტიკა ჯანდაცვის წინააღმდეგ: "საქართველო მეცნიერების წინააღმდეგ სვლას განაგრძობს"

07-12-2021 15:04:04 საზოგადოება ,ადამიანი და კანონი

იმ ფონზე, როდესაც კორონავირუსის ახალი, სავარაუდოდ, უფრო საშიში შტამის – „ომრიკონის“ ირგვლივ მსოფლიოში შეშფოთება იმატებს და მთელი რიგი ქვეყნები შეზღუდვებს ამკაცრებენ ან განიხილავენ, საქართველო მეცნიერების წინააღმდეგ სვლას განაგრძობს. სწორედ ამგვარად შეფასდა ექიმთა ნაწილის მხრიდან საკოორდინაციო საბჭოს მიერ საქართველოს პრემიერ–მინისტრის რეკომენდაციის გათვალისწინება კოვიდგადატანილი მოქალაქეებისთვის უვადო „მწვანე პასპორტის“ მინიჭებაზე ორი მთავარი ფაქტორის გათვალისწინებით:

  • მსოფლიო გამოცდილება ცხადყოფს, რომ კორონავირუსის გადატანა არ არის მყარი იმუნიტეტის გარანტია და როგორც NCDC–ს დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, საქართველოში უკვე ფიქსირდება რეინფიცირების 5 000–მდე შემთხვევა. ამ ფონზე, მედიკოსთა შეფასებით, „მწვანე სტატუსის“ მინიჭება პირთათვის, რომელთაც ვირუსი არათუ გასულ წელს, არამედ თუნდაც 2020 წლის გაზაფხულზე გადაიტანეს, მეცნიერულ მტკიცებულებებს, შესაბამისად, საღ აზრს სცდება.
  • მედიკოსები კიდევ ერთ გარემოებად ასახელებენ ვაქცინაციის და პირბადის ტარების საგანგაშოდ დაბალ მაჩვენებელს: რომ მსგავსი გადაწყვეტილება არ უწყობს ხელს მოქალაქეების დარწმუნებას, რომ საუკეთესო გამოსავალი სწორედ ვაქცინაციაა.

საწყის ეტაპზე NCDC–ს წარმომადგენლები მკაფიო პოზიციონირებას მოერიდნენ, ხოლო ჯანდაცვის მინისტრმა საქართველოს მსოფლიო გამოცდილების წინააღმდეგ წასვლა სავარაუდოდ, ხუმრობით იმით ახსნა, რომ „ქართველები განსაკუთრებულები ვართ და ამიტომ გვაქვს ორი „კოვიდ–პასპორტი“ [საშინაო და საგარეო – რედ.]“. თუმცა მოგვიანებით, მათ შორის ტიკარაძემაც აღიარა, რომ არ ემხრობა ამ სადავო პუნქტს. ცხადია, ჯანდაცვის სექტორის ხელმძღვანელი პირების ამგვარმა პოზიციონირებამ გაამყარა ისედაც არსებული საფუძვლიანი ეჭვები, რომ საკოორდინაციო საბჭო პოლიტიკური მოტივებით ხელმძღვანელობს, არ არის რა სათანადო მიმღებლობა ფართო საზოგადოებაში ვაქცინაციასთან მიმართებით და არა ჯანდაცვითი ინტერესებით. მიუხედავად ამისა, გაჩნდა მოლოდინიც, რომ მძიმე ეპიდვითარების, ლეტალობის მაღალი მაჩვენებლის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობისა და ჯანდაცვის მინისტრის არა კრიტიკული, მაგრამ მაინც საჯარო პოზიციონირების შემდეგ, მთავრობა ამ შემთხვევაში დინების საწინააღმდეგოდ სახიფათო სვლას შეწყვეტდა. როგორც ჩანს, მოლოდინი ამ ეტაპზე არ გამართლდა: დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უჩვეულო მოვლენის მომსწრენი გავხდით – პირველად, პანდემიის განმავლობაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ NCDC–ს და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა უარი თქვეს ტრადიციულ ბრიფინგზე. ერთგვარ დემარშს წინ უძღოდა ინფორმაცია, რომ სხდომა დღეს ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ ცნობები უარყო და ბრიფინგის ოთახი დატოვა, თუმცა ზემო ხსენებული ინფორმაციის მიხედვით, ცხარე კამათი სწორედ „უვადო სტატუსს“ შეეხებოდა.

ვიდრე ამ „ჭიდილიდან“, თუ მსგავსი რამ არსებობს, საზოგადოებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები „გამოდნება“, არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“(PHR) სასამართლო დავას აწარმოებს. ორგანიზაცია ითხოვს, გამოიცეს დროებითი ღონისძიება, რომელიც მთავრობას „მწვანე პასპორტებთან” დაკავშირებით „სამეცნიერო მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების” მიღებას დაავალებს.

PHR სარჩელის შეტანისას ამბობდა, რომ სამედიცინო სფეროს ყველა წარმომადგენელი, რომელიც კოვიდ–თემაზე მუშაობს, ეწინააღმდეგებოდა მთავრობის ამ გადაწყვეტილებას, მათ შორის ისინი, ვინც საკოორდინაციო საბჭოში შედიან, რადგან მხოლოდ მხოლოდ ინფექციის გადატანის საფუძველზე უვადო „მწვანე პასპორტის“ გაცემა შესაძლოა სარისკო აღმოჩნდეს სხვების ჯანმრთელობისთვის.

დავა აპელაციის წესითაა გასაჩივრებული, რადგან მოთხოვნა პირველმა დისტანციამ არ დააკმაყოფილა.

„სასამართლომ თქვა, რომ ბუნდოვანია, რას ითხოვენ მოსარჩელეები და მათი მოთხოვნა იმდენად ზოგადია, რომ სასამართლო მას ვერ დააკმაყოფილებს.

სასამართლომ არ მიიჩნია ექსპერტების (გამყრელიძის, ცერცვაძის, კულუმბეგოვის და სხვების მოსაზრებები) საკმარისად და მოსარჩელეს მოსთხოვა მეცნიერულად დაამტკიცოს, რომ კოვიდგადატანილ პირებს არ აქვთ უვადო იმუნიტეტი. ანუ, იმის ნაცვლად, რომ მთავრობამ თავისი გადაწყვეტილება უვადო „მწვანე სტატუსის“ მინიჭებაზე დააყრდნოს მტკიცებულებას (შემოგვთავაზოს იმ ფაქტის დადასტურება, რომ უვადო იმუნიტეტი არსებობს), მოქალაქეებმა უნდა უმტკიცონ მთავრობას, რომ მტკიცებულება არ არსებობს (ანუ მოსარჩელეებმა უნდა ამტკიცონ ფაქტის არარსებობა). რაც სამართლებრივად შეუძლებელია – ფაქტის მტკიცება ევალება მას, ვინც ფაქტი (უვადო კოვიდ იმუნიტეტი) სამართლებრივად გააფორმა მთავრობის დადგენილებაში.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, მოსამართლემ მთავრობას ამ გადაწყვეტილებით უთხრა, რომ მათ არ ევალებათ თავისი აქტების დასაბუთება, მოქალაქეებმა უნდა ასაბუთო,ნ რომ აქტი კანონს არღვევდა. დაბოლოს, სასამართლომ ვერ დაინახა სარჩელის პერსპექტიულობა და მისი დაუკმაყოფილებლობით გამოწვეული საფრთხე, ანუ ის, რომ უვადო მწვანე სტატუსი მოსარჩელეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას დააზიანებს“, – განმარტეს ორგანიზაციაში.

თუ მოთხოვნა არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა, დავა შესაძლოა, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგრძელდეს. თუმცა, როგორც „აქცენტთან“ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი 2008-2016 წლებში ლევან მესხორაძე განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა ლოგიკურია, ეჭვობს, მას სტრასბურგში ჰქონდეს პერსპექტივა:

„კონვენციით, საჩივარი რომ შეიტანო, უფლების დარღვევის მსხვერპლი უნდა იყო. გაუჭირდებათ მტკიცება, რომ კონკრეტულად ამ ჩანაწერის თუ რეგულირების გამო ირღვევა კონკრეტული უფლება. მეორე, თუ დავის ჰიპოთეტური საგანი არსებობს, უნდა არსებობდეს მსხვერპლი“.

იურისტი განმარტავს, რომ არსებობს პოტენციური მსხვერპლის საკითხი, თუმცა ამ შემთხვევაშიც არაა ოპტიმისტურად განწყობილი. ამდენად, მოვლენათა მსგავსი სცენარით განვითარების შემთხვევაში, ისღა გვრჩება, დავიტოვოთ იმედი, რომ სამედიცინო სექტორის არგუმენტები სძლევს პოლიტიკურ მოტივებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები