15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე ბრალი ორ არასრულწლოვანს წარუდგინეს

06-12-2021 19:43:03 ადამიანი და კანონი

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების ვერსიით, 4 დეკემბერს თბილისში, სანზონის დასახლებაში, შელაპარაკების დროს ერთ-ერთმა ბრალდებულმა ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა არასრულწლოვანს, რომელიც მიყენებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა.

გამოძიება ასევე აღნიშნავს, რომ მეორე ბრალდებულმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და დანამდვილებით იცოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებრივი ქმედების შესახებ, მომხდარი ფაქტი სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

ერთ ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მკვლელობა), ხოლო მეორეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები