დისტანცირება თუ ილუზია: რა გზას ირჩევს პრეზიდენტი?

29-09-2021 16:40:23 ,

პრეზიდენტი, რომელიც ხშირად იყო კრიტიკის ობიექტი პასიური როლისა თუ დაფიქსირებული პოზიციების გამო, ბოლო რამდენიმე თვეა, მის კრიტიკოსებშიც კი იწვევს გაკვირვებას: ჯერ იყო და საპრეზიდენტო არჩევნებისას „ქართული ოცნებისგან“ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების კონტექსტში შეუდგა სახელისუფლებო გუნდისგან განსხვავებულ პოზიციონირებას, შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შედგენილი პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტის ანულირების გამო გააკრიტიკა მმართველი გუნდი, ოდნავ მოგვიანებით კრიტიკული პოზიცია გამოხატა ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ვერსიის მიმართ, რომელიც ევროკავშირისგან ფინანსური დახმარების მიღებაზე „უარის თქმას“ შეეხებოდა, ორიოდ დღის წინ კი ფრანგულ “კვირის ჟურნალთან” (JDD) ინტერვიუში საქართველოში კოალიციური მთავრობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება: “პოლარიზაციის გადალახვა ძალიან რთულია. 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია. თუმცა რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია”.

პრეზიდენტის პოზიციონირების შეფასებისას უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველოსთვის ალბათ ყველა დროის მასშტაბურ სკანდალთან – „სუს–ის ფაილებთან“ დაკავშირებით, რომლის ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში ქვეყანაში უკანონო ტოტალური მოსმენების მიმდინარეობაც დადასტურდება, სალომე ზურაბიშვილი უკვე ორი კვირაა, დუმს.

რა ფაქტორებია პრეზიდენტის მოტივატორი, მკაფიოობა და რიგ შემთხვევაში, სიხისტეც შეიტანოს საკუთარ რიტორიკაში, ამ თვალსაზრისით განსხვავებულია პროცესზე დამკვირვებელთა მოსაზრებები: ნაწილის აზრით, „ჩაძირული გემიდან“ ყველა გარბის (იგულისხმება „ქართული ოცნება“ საეჭვო ელექტორალური მხარდაჭერით), ხოლო ნაწილი მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც მმართველი გუნდი ყველა სახელისუფლებო შტოს აკონტროლებს, პრეზიდენტის პოზიციონირება არის ილუზიის შექმნის მცდელობა, მმართველი გუნდისგან დამოუკიდებელი ინსტიტუტის არსებობის თაობაზე.

კონსტიტუციონალისტი, პოლიტიკის კომენტატორი ვახტანგ ხმალაძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტის პოლიტიკური ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლობის ხარისხის შესაფასებლად ჯერ კიდევ დროა საჭირო:

„ზოგადად, ყველა ქვეყანაში ნებისმიერი ინსტიტუტი ცდილობს, „სახე“ შეინარჩუნოს, შესაბამისად, ზოგჯერ იღებენ გადაწყვეტილებებს, მიუხედავად იმისა, მოსწონთ თუ არა ეს. რამ განაპირობა ამ შემთხვევაში პრეზიდენტის ამგვარი პოზიცია, თქმა გამიჭირდება, ამას დრო აჩვენებს. იქნება არაერთი, მეტნაკლებად მწვავე საკითხი და იმის მიხედვით, თუ როგორ შეაფასებს პრეზიდენტი, ეს გვიჩვენებს პრეზიდენტის პოლიტიკური ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლობის ხარისხს. მხოლოდ ორიოდ განცხადებით მკვეთრი შეფასების გაკეთება სწორი არ იქნება“.

ერთ–ერთ მსგავს ინდიკატორად ხმალაძე „აქცენტთან“ 2 ოქტომბრის არჩევნებს ასახელებს: როგორ შეაფასებს სალომე ზურაბიშვილი სურათს, რომელიც საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით ობიექტური დამკვირვებლებისთვის შეიქმნება:

„თავად პრეზიდენტი უშუალოდ არ აკვირდება არჩევნებს, მაგრამ ის უნდა უსმენდეს, კითხულობდეს, უყურებდეს იმას, რასაც ამბობენ ობიექტური დამკვირვებლები, პარტიები. უნდა აკვირდებოდეს, როგორ გადაწყვეტილებებს იღებენ საარჩევნო კომისიები, მათ შორის საჩივრებთან დაკავშირებით. არის თუ არა ეს გადაწყვეტილებები არგუმენტირებული“.

იქნება თუ არა მსგავსი ინდიკატორი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი, რომელიც საქართველოში დაბრუნებას მიუხედავად დაპატიმრების გარდაუვალობისა, არჩევნების ღამისთვის აანონსებს, ხოლო პოლიტიკოსთა ნაწილში გაჩნდა მოლოდინი პრეზიდენტის მიერ მისი შეწყალებისა, ხმალაძეს პასუხის გაცემა უჭირს:

„ეს რთული შესაფასებელია. საზოგადოებასაც რომ ვკითხოთ, ნაწილი იტყვის, რომ უნდა შეიწყალოს და ამით დასრულდეს ეს ამბავი, ნაწილი იტყვის, რომ „არა“. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და გამიჭირდება იმის თქმაც, რა უფრო გამართლებული იქნება“.

რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, რომლის შესაძლებლობასაც შარლ მიშელის ეგიდით შედგენილი, თუმცა „ქართული ოცნების“ მიერ ანულირებულად გამოცხადებული დოკუმენტი წარმოშობს და ამასთან დაკავშირებით ზურაბიშვილის პოზიცია ცნობილია, კონსტიტუციონალისტი განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში პრეზიდენტს პარლამენტზე ზემოქმედების სამართლებრივი ბერკეტი არ გააჩნია:

„რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრული პროცედურითაა შესაძლებელი: პრემიერ–მინისტრი უნდა გადადგეს (თუნდაც ფორმალურად) და შემდეგ პარლამენტმა ახალი მთავრობა ვერ უნდა შექმნას. ეს არის მოდელი, როდესაც პრეზიდენტი ვალდებული იქნება, რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს. თუ ეს არ მოხდა, პრეზიდენტს არანაირი შესაძლებლობა არ რჩება და ვერანაირ სამართლებრივ ზეგავლენას ვერ მოახდენს ვერც მთავრობის და ვერც პარლამენტის გადაწყვეტილებაზე. პრეზიდენტს შეეძლება, მხოლოდ საკუთარი მოსაზრება გამოთქვას“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები