10-06-2021 20:08:17 საშინაო პოლიტიკა ,საგარეო პოლიტიკა ,ინტერვიუ
„აქცენტის“ ინტერვიუ ნატო–ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან.
– პოლიტიკური ოპონენტები ხშირად ადანაშაულებენ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას მოსკოვის მიმართ ზედმეტ ლოიალობაში. თავად "ოცნების" წარომადგენლები კი თავის პოზიციას «რუსეთის არგაღიზიანების კურსით" ხსნიან. ეს – იმ ფონზე, რომ როგორც კრემლი ირწმუნება, საქართველო- NATO-ს დაახლოება მოსკოვისთვის ერთ-ერთი მთავარი გამაღიზიანებელი ფაქტორია. როგორ შეაფასებდით ბოლო წლების განმავლობაში NATO-თბილისის თანამშრომლობას?
– სადღეისოდ NATO-საქართველოს ურთიერთობები შესანიშნავია და რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, სტაბილურად ღრმავდება. საქართველოში არასდროს ყოფილა "ამდენი" NATO. ვგულისხმობ, მათ შორის, "წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს", "თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას", NATO–ს სამოკავშირეო ოფისს, წვრთნების რეგულარულ რიტმსა და მაღალი დონის პოლიტიკურ ჩართულობებს. ველი, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 14 ივნისისთვის დაგეგმილი სამიტი თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას შეუწყობს ხელს. ამასთანავე, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების ამასწინანდელი ერთობლივი განცხადება ქვეყნის NATO–ში ინტეგრაციის მხარდაჭერის თაობაზე კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია საერთო მიზანია, რომელიც საქართველოს მთელს პოლიტიკურ სპექტრს აერთიანებს.
– NATO ამასწინათ საქართველოს მმართველი და ოპოზიციური პარტიების მიერ პოლიტიკური შეთანხმების მიღწევას მიესალმა. ამ ფაქტს თქვენც გამოეხმაურეთ და აღნიშნეთ, რომ "ეს შეთანხმება უნდა გახდეს შესაძლებლობა საქართველოში პოლიტიკის პოლარიზაციის დასაძლევად". თუ ეს შეთანხმება სრულფასოვნად არ განხორციელდა, როგორ შეიძლება, ეს NATO–საქართველოს ურთიერთობებზე აისახოს?
– საქართველოში პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა ნამდვილად კარგი ამბავია როგორც ქართველებისთვის, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის – ყველა ჩვენგანისთვის, ვისაც სურს, იხილოს წარმატებული საქართველო. ამასთან, ვაფასებ ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩის ძალისხმევას, მხარეებს შეთანხმების მიღწევაში დაჰხმარებოდნენ. ახლა კი ყურადღება მის განხორციელებაზე უნდა გამახვილდეს. საქართველოს მთავრობამ სხვადასხვა გზით აჩვენა, რომ ერთგულია მისი შესრულების ვალდებულების. NATO–ს კონტექსტში მას შეთანხმების ძირითადი მიზნები ქვეყნის "2021 წლის ეროვნული პროგრამის" მიზნებთან აქვს ინტეგრირებული. ჩვენის მხრივ, დავაკვირდებით შეთანხმების შესრულებას, რომელსაც ალიანსში სამომავლო ინტეგრაციისთვის საქართველოს მზადების ნაწილად განვიხილავთ.
– ბოლო პერიოდში ალიანსმა შავ ზღვაში წარმოდგენილობა გააძლიერა. ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ შექმნილი ახალი რეალობისა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე გეგმავს თუ არა NATO რაიმე დამატებითი ზომების მიღებას რეგიონში რუსეთის აგრესიული პოლიტიკის სათანადოდ შესაკავებლად? და რამდენად ერთიანია ალიანსი ამ გადაწყვეტილებებში?
– ყველა მოკავშირეს გააზრებული აქვს, რომ რუსეთი შავი ზღვის რეგიონის დესტაბილიზაციას ახდენს, მათ შორის - ყირიმში სამხედრო წარმოდგენილობის ზრდით. მოკავშირეების დაცვისა და პარტნიორების მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად NATO ამ რეგიონში ჩვენი შესაძლებლობების გაძლიერებას გააგრძელებს. ალიანსის სამი წევრი - ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი სანაპირო ქვეყნებია და საკუთარი ძალები ჰყავთ შავი ზღვის რეგიონში. თუმცა სხვა მოკავშირეების გემები და საზღვაო საპატრულო თვითმფრინავები ასევე რეგულარულად პატრულირებენ და ატარებენ წვრთნებს შავ ზღვაში, რამდენიმე მოკავშირე ასევე ახორციელებს NATO–ს საჰაერო პატრულირებას რეგიონში. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სანაპირო დაცვას, რათა თავისი შესაძლებლობები განავითაროს. გარდა ამისა, რუმინეთში გვყავს მრავალეროვნული ბრიგადა. ამავდროულად, ვაძლიერებთ თანამშრომლობას უკრაინასა და საქართველოსთან მეტი წვრთნის, საპორტო ვიზიტებისა და სიტუატიური ცნობიერების გაზიარებით.
– რუსეთი საქართველოსთვის მთავარ საფრთხედ არის აღიარებული. რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე გაძლიერდა თუ არა ნატო–საქართველოს ურთიერთქმედება? რამდენად აქტიურია თავად თბილისი ალიანსთან კონტაქტებში? ხომ არ გაჟღერებულა ქართული მხრიდან რაიმე ახალი ინიციატივა, ხომ არ მიუმართავს თბილისს ბრიუსელისთვის რაიმე წინადადებით?
– წელს NATO–ს შტაბ-ბინაში უკვე ვუმასპინძლეთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის ახალ სპიკერ კახა კუჭავას და თითოეულ მათგანთან ნაყოფიერი დისკუსიები გვქონდა. რაც შეეხება ჩვენს პრაქტიკულ თანამშრომლობას, მის მთავარ საყრდენს უკვე გარკვეული პერიოდია, "NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი" წარმოადგენს. გასულ წელს ჩვენ გადავხედეთ ამ პაკეტის ყველა ასპექტს და გავაუმჯობესეთ, გავაფართოვეთ ჩვენი ამბიციები. ახლა ყურადღებას ვამახვილებთ ამ გაძლიერებული პაკეტის 16 ინიციატივიდან თითოეულზე. მნიშვნელოვანი მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ გამძლეობის ჩამოყალიბებაში. გვაქვს ასევე ახალი წამოწყებები ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამხედრო მედიცინა, სტანდარტიზაცია და ენის სწავლება. ამასთან, გვსურს, გამოვიყენოთ დაგროვებული გამოცდილება და შევინარჩუნოთ ოპერატიული თავსებადობის მაღალი დონე ავღანეთში ნატო-ს მისიის დასრულების შემდეგ.
– რას შეიძლება, ელოდოს საქართველო ალიანსის მორიგი სამიტისგან, რომელიც 14 ივნისისთვისაა დაგეგმილი?
– საქართველო NATO–ს მნიშვნელოვანი პარტნიორია და ეს სამიტის კომიუნიკეშიც აისახება. ველი ასევე, რომ ნათლად და ცალსახად დაფიქსირდება NATO–ს მხარდაჭერა როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ისე, ბუქარესტის გადაწყვეტილებების შესაბამისად, ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და გამოიხატება ალიანსის მზაობა, გააძლიეროს ჩვენი პრაქტიკული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროებში.
– ბოლო პერიოდში რუსული პროპაგანდა მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის საქართველოში კიდევ უფრო გააქტიურდა. თესავენ აზრს, თითქოს NATO–ში ჩვენი გაწევრიანება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარის თქმას ნიშნავს და რომ საქართველომ არჩევანი NATO–სა და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის უნდა გააკეთოს. ასევე ტირაჟირდება ნარატივი, რომ სწორედ NATO-სთან თანამშრომლობის გამო უქმნის რუსეთი საქართველოს საფრთხეს. რას იტყოდით აღნიშნულთან დაკავშირებით?
– პარიზის 1990 წლის ქარტიის თანახმად, ევროპის ქვეყნებს, განურჩევლად ზომისა და გეოგრაფიული მდებარეობისა, უფლება აქვთ, აირჩიონ უსაფრთხოების იმგვარი მოდელი, როგორიც მიაჩნიათ შესაფერისად - ეს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ფუნდამენტური ასპექტია. რუსეთი აშკარად არ იცავს ამ ვალდებულებას, მიუხედავად იმისა, რომ ქარტიის მონაწილეა. თუმცა NATO–ში, ისევე, როგორც საქართველოში ამ პრინციპს ვიცავთ, მისი ერთგული ვრჩებით და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. საქართველოს გადაწყვეტილება NATO–ში გაწევრიანებაა და რუსეთმა მას პატივი უნდა სცეს.
– მოგეხსენებათ, ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რეგიონული აქტორები თანამშრომლობის ე.წ. ექვსთა (რუსეთი, თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო) ფორმატის ჩამოყალიბების იდეას უჭერენ მხარს. საქართველო ერთადერთი აქტორია, რომელიც მასზე რუსეთის ფაქტორის გამო უარს აცხადებს. როგორ აფასებს NATO ამ ინიციატივას და ამ ფორმატის პერსპექტივას? რა საფრთხეებს ხედავთ ამ მიმართულებით, მათ შორის - საქართველოსთვის?
–ზოგადად, NATO მხარს უჭერს რეგიონულ თანამშრომლობას, რადგან იგი აყალიბებს ურთიერთნდობას, ზრდის პროგნოზირებადობასა და სტაბილურობას. ამასთანავე, რეგიონული ურთიერთდამოკიდებულების გაძლიერებამ შესაძლოა, ხელი შეუწყოს უსაფრთხოებას. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობა განხორციელდეს თანაბარი პირობებით, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის (საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში) სრული პატივისცემით და ყველა დაინტერესებული აქტორის დამოუკიდებლობის დაცვით. ამ თვალსაზრისით მესმის დათქმის, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას რეგიონული თანამშრომლობის ამ ფორმის მიმართ შეიძლება, გააჩნდეს.
–ავღანეთში ნატო–ს სამშვიდობო მისია სრულდება. ექნება თუ არა საქართველოს შესაძლებლობა, კვლავ იყოს წვლილის შემტანი გლობალურ უსაფრთხოებაში? მიმდინარეობს თუ არა მსჯელობა ალიანსში რაიმე ახალ მექანიზმზე, რომელშიც შესაძლოა, საქართველოც იყოს ჩართული?
– მინდა, აღვნიშნო, რომ საქართველოს მიერ ავღანეთში ჩვენს ოპერაციებსა და მისიებში შეტანილი წვლილი ძალზე მნიშვნელოვანია და ჩვენ მას ვაფასებთ. ავღანეთში ვითარება კვლავ რთულია, მაგრამ ახლა ავღანელ ხალხზეა დამოკიდებული, შექმნას მდგრადი მშვიდობა, რომელიც დაეფუძნება ყოვლისმომცველ სამშვიდობო შეთანხმებას. იგი ითვალისწინებს ძალადობის შეწყვეტას, ყველა ავღანელის, განსაკუთრებით ქალების, ბავშვებისა და უმცირესობების უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობას და იმის უზრუნველყოფას, რომ ავღანეთი აღარასოდეს იქცეს ტერორისტების უსაფრთხო თავშესაფრად.
ალიანსის ავღანეთის მისიაში საქართველოს მონაწილეობის შედეგად სადღეისოდ ჩვენი მოკავშირეების შეიარაღებულ ძალებსა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის თავსებადობის ხარისხი მნიშვნელოვნადაა ამაღლებული. გვსურს, ეს გამოცდილება და თავსებადობის მაღალი დონე ავღანეთში მისიის დასრულების შემდეგაც შევინარჩუნოთ. საქართველო ერთ-ერთია ალიანსის გაფართოებული შესაძლებლობების მქონე ძალზე მცირერიცხოვან პარტნიორებს შორის, რაც იძლევა მთელ რიგ ინსტრუმენტებს სამომავლოდ ერთობლივი მუშაობის გასაგრძელებლად. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვიპოვით გზებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველო დარჩეს NATO–ს ერთ-ერთ მთავარ ოპერაციულ პარტნიორად.