აზერბაიჯანის საელჩო საქართველოში მცხოვრებ თანამემამულეებს მიმართავს, ქვეყანაში მიღებული ნორმებით იმოქმედონ

02-10-2020 17:19:00 პოლიტიკა ,მულტიკულტურული საქართველო

საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღისთვის შეიარაღებულ კონფლიქტში საქართველოში მცხოვრები თანამემამულეების მოხალისეობრივ მხარდაჭერას არ საჭიროებს.

„საქართველოში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მხრიდან საელჩოში შემოდის უამრავი მიმართვა სხვადასხვა სახის დახმარებისა და შემოწირულების შემოთავაზების, მოხალისედ ჩაწერის სურვილის თაობაზე. აზერბაიჯანის სახელმწიფოს და შეიარაღებულ ძალებს აქვთ ყველა საჭირო შესაძლებლობა მათ წინაშე მდგომი მოვალეობისთვის თავის გასართმევად. ამ თვალსაზრისით, ქვეყნის გარედან მოხალისეთა ჩართვის საჭიროება არ არსებობს“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საელჩოს მიერ 2 ოქტომბერს გავრცელებულ მიმართვაში.

ამასთან, საელჩო ფინანსური დახმარების მსურველ პირებს თანხის ჩარიცხვას აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების დახმარების ფონდში სთავაზობს:

„არსებულ ვითარებაში მოგიწოდებთ, რომ გაგებით მოეკიდოთ მდგომარეობას, გამოიჩინოთ სიფხიზლე, არ წამოეგოთ შესაძლო პროვოკაციებს და იმოქმედოთ საქართველოში მიღებული ნორმებისა და კანონების ფარგლებში. თქვენი მორალური მხარდაჭერა, როგორც ყოველთვის, ამ დღეებშიც აზერბაიჯანის გვერდით დგომა აშკარაა“.

საელჩო აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანის მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი საქართველოც „მხარს უჭერს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში“.

საელჩო მიმართავს საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანულ თემს „გაგებით“ მოეკიდონ შექმნილ ვითარებას, გამოიჩინონ სიფხიზლე, არ წამოეგონ „შესაძლო პროვოკაციებს“ და იმოქმედონ საქართველოში მიღებული ნორმებისა და კანონების ფარგლებში.

მთიანი ყარაბაღისთვის ფართომასშტაბიანი ბრძოლები 27 სექტემბერს განახლდა. დაღუპულები არიან როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე სამხედრო პირები. კონფლიქტის გამწვავებაზე მხარეები პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

Новости

Другие новости