15-10-2024 17:48:23 საზოგადოება
„სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) საარჩევნო პერიოდში სოციალური მედიის მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ტიკტოკზე" გავრცელებული მადისკრედიტირებელი კონტენტის ნაწილის შექმნაში ხელოვნური ინტელექტი იყო გამოყენებული".
კერძოდ, ორგანიზაციის ცნობით, "კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ ვრცელდებოდა ვიდეოები, რომლებშიც პოლიტიკოსების ხმების იმიტაციები აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენებით იყო შექმნილი".
"ფეისბუქზე" მოქმედ ანონიმურ კამპანიებში კვლავ გამოწვევად რჩება დარეკლამებული პოსტების გაუმჭვირვალედ დეკლარირება. Meta-ის რეკლამების ბიბლიოთეკის მონაცემების მიხედვით, ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედ, ხელისუფლების მხარდამჭერ და ცრუ მედიის გვერდებზე ჯამურად 218 რეკლამა გამოქვეყნდა. მათი დიდი ნაწილი არასაკმარისად, რეალური გადამხდელის მითითების გარეშე იყო დეკლარირებული. ამასთან, „სამართლიანმა არჩევნებმა“ საანგარიშო პერიოდში მოცემულ გვერდებზე დამატებით 13 პოლიტიკური რეკლამა გამოავლინა, რომლებზეც გადამხდელის ვინაობა საერთოდ არ იყო მითითებული;
"ფეისბუქთან" ერთად, არაოფიციალური კამპანია აქტიურად მიმდინარეობდა "ტიკტოკის" პლატფორმაზეც. საანგარიშო პერიოდში 98-მა ანგარიშმა 2 562 ვიდეო გამოაქვეყნა და ჯამში 30 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედმა არხებმა მეტი ვიდეო გამოაქვეყნეს და მეტი ნახვა დააგროვეს, ვიდრე ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედმა. ამასთანავე, პროსახელისუფლებო კამპანია პროოპოზიციურზე მასშტაბური იყო;
სოციალური მედიის პლატფორმებზე, ძირითადად, ტიკტოკზე, გავრცელებული მადისკრედიტირებელი კონტენტის ნაწილის შექმნაში ხელოვნური ინტელექტი იყო გამოყენებული. კერძოდ, კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ ვრცელდებოდა ვიდეოები, რომლებშიც პოლიტიკოსების ხმების იმიტაციები აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენებით იყო შექმნილი;
"ფეისბუქისგან" განსხვავებით, "ტიკტოკის" პლატფორმაზე ოპოზიციის მხარდამჭერ კამპანიაშიდიდი წილი მოდიოდა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“, ძირითადად, „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ მხარდამჭერ არხებზე. მსგავსი ტენდენცია დამახასიათებელი იყო "ტელეგრამის" პლატფორმისთვისაც;
ანტიოპოზიციური და პროსახელისუფლებო ანონიმური კამპანიის ძირითადი სამიზნეები პოლიტიკურ აქტორებთან ერთად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც იყვნენ;
[...] ანტისამთავრობო ანგარიშებზე მთავრობის დისკრედიტაციის მთავარ ხაზს მათი ანტიდასავლურ და პრორუსულ ძალად წარმოჩენა წარმოადგენდა. ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერი არხები, ძირითადად, წინასაარჩევნო აქტივობებს ასახავდა, თუმცა შეინიშნებოდა ნეგატიური კამპანია მმართველი პარტიისა და სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ;
"ფეისბუქზე" კვლავაც მოქმედებდა ცრუ მედიის ტიპის გვერდები, რომლებიც რეალურ საინფორმაციო სააგენტოებად პოზიციონირებდნენ და ხელისუფლების საქმიანობას პოზიტიურ ჭრილში წარმოაჩენდნენ", – ნათქვამია ანგარიშში.