ISFED: "მნიშვნელოვნად გაზრდილია წინასაარჩევნო პერიოდში რუსული საინფორმაციო ოპერაციები"

15-10-2024 17:38:29 პოლიტიკა

„სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) საარჩევნო პერიოდში სოციალური მედიის მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ "მნიშვნელოვნად გაზრდილია წინასაარჩევნო პერიოდში რუსული საინფორმაციო ოპერაციები".

"ISFED სოციალურ მედიაში პოლიტიკური მიზნით ანონიმურად მოქმედი აქტორების საინფორმაციო კამპანიას მუდმივ რეჟიმში აკვირდება. ორგანიზაციამ 26 ოქტომბრისსაპარლამენტო არჩევნების წინ, ივნისი-ივლისის პერიოდში, ფეისბუქზე მათ მიერ წარმოებული კამპანია უკვე მიმოიხილა. წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებიდან, 27 აგვისტოდან, კი „სამართლიანმა არჩევნებმა“ სოციალური მედიის ყოვლისმომცველი მონიტორინგი დაიწყო, რაც არაოფიციალურ ფეისბუქგვერდებთან ერთად, ოფიციალური გვერდების, აგრეთვე, სხვა პლატფორმებზე მოქმედი ოფიციალური და არაოფიციალური ანგარიშების მონიტორინგსაც გულისხმობს", – აცხადებენ ორგანიზაციაში.

როგორც ISFED–ში აღნიშნავენ, საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის ზრდის პარალელურად, სოციალურ ქსელებში ანონიმურად მიმდინარე არაეთიკური კამპანია, რაც პოლიტიკური ოპონენტების (ძირითადად, ოპოზიციური პარტიების), ასევე სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად, ოფიციალური აქტორების მიერ გავრცელებულ ნარატივებშიც აისახა. ამგვარი გზავნილების მნიშვნელოვანი ნაწილი ახლა უკვე პროსახელისუფლებო მედიაშიც ვრცელდება.

  • ამასთანავე, მმართველი გუნდის რიტორიკაში შეთქმულების თეორიები, ანტიდასავლური და ჰომოფობიური გზავნილები გამოჩნდა, რის შედეგადაც ხელისუფლების მხარდამჭერმა და ოპოზიციის მადისკრედიტირებელმა კამპანიამ ღირებულებით საკითხებზე მაპოლარიზებელი შინაარსიც შეიძინა. აღსანიშნავია, რომ ამგვარი ნარატივების უმეტესი ნაწილი (ნაციონალისტური, ანტიდასავლური, ანტილიბერალური,ჰომოფობიური) ნასესხებია საქართველოში მოქმედი და სოციალურ მედიაში წარსულში ანამჟამადაც აქტიური სხვადასხვა ულტრამემარჯვენე ჯგუფისაგან („ქართული მარში“, „ალტინფო“ და სხვ.) და წინასაარჩევნო კონტექსტში მმართველი პარტიის ან მისი მხარდამჭერი გვერდების მიერ, მასშტაბური სახით, პირველად გამოიყენება.
  • წინა არჩევნებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდილია წინასაარჩევნო პერიოდში რუსული საინფორმაციო ოპერაციები. ამასთან, გავრცელებული გზავნილები, მნიშვნელოვანწილად, თანხვედრაში მოდის მმართველი გუნდის გზავნილებთან. საანგარიშო პერიოდში, ამ მიმართულებით, აქტუალური იყო არჩევნების შემდეგ რევოლუციის მოწყობის შესახებ გავრცელებული შეთქმულების თეორიები. აღსანიშნავია, რომ მსგავსი გზავნილებივრცელდებოდა სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოქალაქეების ინფორმირებას მიზნით რუსეთიდან მართულ ფეისბუქგვერდზეც.

Meta-ს მიერ პლატფორმაზე საკუთარი რეგულაციების ეფექტურად გამოყენებამ და არაავთენტური კოორდინირებული ქცევისთვის ანონიმური ქსელების არაერთმა წაშლამ, ასევე ახალი სოციალური ქსელების გამოჩენამ, მათ შორის "ტიკტოკის" პოპულარობის ზრდამ, საინფორმაციო კამპანიების გავრცელებაში მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა. "ტიკტოკზე" განსაკუთრებით გაზრდილია როგორც ოფიციალური, ისე არაოფიციალური აქტორების ჩართულობა და კონკრეტულად ამ პლატფორმისთვის შექმნილი კონტენტის რაოდენობა", – ნათქვამია ანგარიშში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები