ევროპის საბჭოს კონგრესის პრეზიდენტი ზურაბიშვილს ლგბტ უფლებების შემზღუდავ კანონზე ვეტოს დადებისკენ, პარლამენტს კი მისი არგადალახვისკენ მოუწოდებს

18-09-2024 18:55:27 პოლიტიკა

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტი მარკ ქულსი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლგბტ უფლებების შემზღუდავ კანონზე ვეტოს დადებისკენ, პარლამენტს კი მისი არგადალახვისკენ მოუწოდებს.

"მე ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტის მიერ "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის მიღებით, მიუხედავად ევროპის საბჭოს სტრუქტურების, მათ შორის ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის და საერთაშორისო საზოგადოების მუდმივი მოწოდებებისა, არ გადედგა ეს ნაბიჯი.

ეს კანონი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პრინციპებს და მსგავსი შინაარსის კონსტიტუციური კანონის პროექტზე ვენეციის კომისიამ ადრე კრიტიკული დასკვნა გასცა. ის უარყოფს ლგბტი ადამიანების ღირსებას, ძირს უთხრის თანასწორობის, ინკლუზიისა და მრავალფეროვნების ღირებულებებს. [...]

განსაკუთრებით მაშფოთებს, რომ ამ კანონის შედეგად ნაცვლად იმისა, რომ მტკიცედ უარყონ ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია, მათ შორის სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე, საქართველოს ხელისუფლება ყველა დონეზე იქნება იურიდიულად ვალდებული განახორციელოს პოლიტიკა, რომელიც არღვევს ლგბტი ადამიანების უფლებებს და ამგვარად, ხელს უწყობს მათ სტიგმატიზაციას და სოციალურ გარიყვას. ეს საზიანოა მრავალფეროვანი, ტოლერანტული და მშვიდობიანი თემების განვითარებისთვის. კიდევ უფრო შემაშფოთებელია, რომ ეს კანონი გაგრძელებაა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების, რომელიც კონგრესმა და ევროპის საბჭოს სხვა სტრუქტურებმა დაგმეს და განაცხადეს, რომ ეს არის ძირითადი დემოკრატიული ღირებულებებიდან გადახვევა. ამიტომ მე მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, ვეტო დაადოს ამ კანონს და მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს არ გადალახოს კიდევ ერთი საპრეზიდენტო ვეტო. აუცილებელია უზრუნველვყოთ, რომ ადამიანის ღირსება უნივერსალურად იყოს პატივცემული და დაცული ყველას მიერ. ამ მხრივ, ხაზს ვუსვამ საქართველოს ხელისუფლებასთან პოლიტიკური დიალოგის შენარჩუნების მნიშვნელობას", – აცხადებს კონგრესის პრეზიდენტი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები