ქადაგიძე: სინამდვილეში ივანიშვილი შიკრიკს შიკრიკზე აგზავნის ევროპელებთან და ამერიკელებთან

18-09-2024 18:32:13 პოლიტიკა

ვერანაირი საბანკო სისტემა ვერ გააკეთებს ამერიკული სანქციების საწინააღმდეგოდ ვერაფერს! ეს იქნება კოლოსალური დარტყმა მხოლოდ ბანკებზე კი არა, მთლიანად ქვეყნისთვის,- ამბობს ევროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე.

„ხომ მაგრები არიან?"- კითხულობს ქადაგიძე და იქვე გამოდის შეთავაზებით, "გამოვიდეს „ქართუ“ და თქვას, რომ ეროვნული ბანკი რასაც გვეუბნება, ისე მოვიქცევიო - უბრალოდ ერთი განცხადება გააკეთონ"

ის დარწმუნებულია, რომ მსგავსი რამ არ მოხდება, "ამ განცხადებებით მხოლოდ შემორჩენილ ამომრჩეველს აგულიანებენ“.

„თქვეს, „შემხვედრ ნაბიჯებზე ვისაუბრებთო“ - რა შემხვედრ ნაბიჯებზე?! მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ, რომ მთელი საქართველოს საბანკო სისტემა ერთი ამერიკული ბანკის მეშვეობით ოპერირენს. ამ ერთმა ბანკმა რომ ჩათვალოს, ან დირექტივა მიიღოს, რომ საქართველო აღარ არის ურისკო ქვეყანა, მომენტალური კოლაფსი მოხდება, 90-იან წლებში დავბრუნდებით, ერთ კვირაში გაუფასურდება ყველაფერი, გაუფასურდება უძრავი ქონება, ჩამოიშლება საბანკო სისტემა, ტრანზაქციები იქნება შეუძლებელი! რას ბაქიბუქობენ, ვის ემუქრებიან?! ყველაზე უფრო დასანანი ისაა, სინამდვილეში ივანიშვილი შიკრიკს შიკრიკზე აგზავნის ევროპელებთანაც და ამერიკელებთანაც, ეუბნება, „მართლა რუსი კი არ ვარ, თქვენსკენ ვარ, ეს ყველაფერი გაუგებრობაა, მოდით, თავიდან დავიწყოთო“ - ფაქტობრივად დაჩოქილები მიდიან ვაშინგტონში და ევროპულ დედაქალაქებში, რომ ეს შედეგები არ დადგეს. იქიდან პასუხს იღებენ, „ასეთი ორმაგი სტანდარტები არ გამოვაო“,- ამბობს ქადაგიშვილი დეტალების დაზუსტების გარეშე, კერძოდ, ვინ მიავლინა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ დასავლელ პარტნიორებთან. მანამდე იმავეზე საუბრობდნენ „საქართველოსთვის“ გუნდის წევრები და ამ კონტექსტში დასახელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი.

„ვისაც კავშირები გვაქვს სხვადასხვა დედაქლააქებთან და წლების განმავლობაში ვმუშაობდით, არაფორმალურად გვაქვს ამის შესახებ ინფორმაცია, უბრალოდ, არ იქნება სწორი საჯაროდ დავასახელოთ. უბრალოდ, ეს განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ამომრჩეველზეა გათვლილი, უჭირავთ პოზა, თითქოს საქართველოს შეუძლია...ნეტა მართლა ისეთი ქვეყანა ვიყოთ, რომ შეგვეძლოს, თუნდაც დასავლელ პარტნიორებთან თუნდაც არასწორ რამეზე „კუნთების თამაში“. ასეთი რამე შეუძლებელია, რასაც ესენი აკეთებენ ისეთ ზიანს მივიღებთ თუ სანქციები ქვეყანაზე გავრცელდება!“.

ის დარწმუნებულია, რომ ერთის მხრივ, „ქართული ოცნება“ „საფრთხეა“ ამ ქვეყნისთვის - „მათი დარჩენა ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით 90-იანი წლები დაბრუნდება“, მეორეს მხრივ - ყველა იმ ადამიანს და ბიზნესს, რომელიც ხელს უწყობს ამ ქვეყნის „რუსიფიკაციას და სირაქმელას პოზიციაშია“ – „საქართველოს ბანკი“ იბარებს ყველა რუბლს, რაც კი ქვეყანაში შემოდის“, ამაზე მათ „პირადად დაეკისრებათ პასუხისმგებლობა“.

„სამარცხვინოა სადამდეც მოვედით, კატასტროფისკენ მიგვაქანებენ, ათიათასობით ადამიანის ათწლეულების შრომისთვის ხაზის გადასმას ცდილობენ იმიტომ, რომ კორუმპირებული 30 კაცი ბიუჯეტის და ჩვენს ხარჯზე გამდიდრდეს და მერე ისევ იმ დასავლურ ქვეყნებში გაიხიზნონ!“.

აშშ-მა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის დაანონსების შემდეგ სანქციების მორიგი ტრანში გამოაცხადა. კერძოდ, ამეჯრად ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის გამო საქართველოს ოთხი მოქალაქე პირველად შეიყვანა ე.წ. "მაგნიტსკის სიაში". სანქცირებულთა შორის არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, ასევე ძალადობრივი პრორუსული "ალტ-ინფოს" დამფუძნებლები ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია. გარდა ამ პირებისა, სავიზო შეზღუდვები შეეხება ათეულობით ქართველს და მათ ოჯახის წევრებს.

17 სექტემბერს ჯერ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობაში დაადანაშაულა, შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შეხვდა აშშ-ის ელჩს საქართველოში მასთან იგივე გაიმეორა. გარდა ამისა, როგორც მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ, "აღინიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა", რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული "ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს".

17 სექტემბერს საბანკო ასოციაციაში აღნიშნეს, რომ კომერციული ბანკები წარსულშიც იცავდნენ და მომავალშიც დაიცავენ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს.

თუმცა, გასულ წელს, აშშ-ის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შემდეგ, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას ბრძანებით სანქციების აღსრულების წესში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო სანქციები საქართველოს მოქალაქეს იმ შემთხვევაში შეეხება, თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. ეროვნული ბანკი 18 სექტემბერს ამ ბრძანების შეხსენებით გამოვიდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები