ჭუმბურიძე: ასეთ ვითარებაში ქვეყანა დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან არ ყოფილა!

18-09-2024 16:32:22 პოლიტიკა ,ეკონომიკა

ასეთ ვითარებაში ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი დღიდან დღემდე არ ყოფილა,- ამბობს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი ალექსანდრე ჭუმბურიძე და განმარტავს, "სტრატეგიული პარტნიორი როდესაც სანქციებს აწესებს, ეს მიმანიშნებელია, რომ უფრო მეტად და უფრო სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხებს".

"რა თქმა უნდა, შედეგი არ იქნება სახარბიელო, პირდაპირ გეტყვით",- დასძენს ჭუმბურიძე.

ის გამოდის შეხსენებით, რომ კეთილსინდისიერი ინვესტორები სწორედ რომ ქვეყანაში არსებულ ვითარებას აფასებენ:

"ის ფაქტი რომ ჩვენი ქვეყანა სტრატეგიულ პარტნიორთან დიალოგის დროს არის საკმაოდ, მე ვიტყოდი, არასასიამოვნო ვითარებაში, რა თქმა უნდა დამაზიანებელია, ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ნებისმიერი კეთილსინდისიერი ინვესტორი, როდესაც შემოდის ქვეყანაში ინვესტიციის ჩასადებად, არ აქვს ამას მნიშვნელობა, რომელ დარგში და სფეროში იქნება, პირველ რიგში უყურებს იმ გარემოს რა გარემოშიც არის ქვეყანა. ეს არის პოლიტიკური, ეკონომიკური გარემო. ის როდესაც ხედავს, რომ რაღაც სანქციებზეა საუბარი, საუბარია გართულებულ დიალოგსა და გართულებულ ვითარებაზე, რა თქმა უნდა, თავს შეიკავებს. ეს თავისთავად დამაზიანებელი იქნება".

მისი თქმით, სტრატეგიული პარტნიორი არ უნდა შეიცვალოს, თუ პრობლემები არსებობს, უნდა გადაწყდეს, "სხვა ალტერნატივა ჩვენ არ გვაქვს":

"ჩვენი ფუნდამენტალური პარტნიორები არიან ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები. თუკი ორმხივ ურთიერთობებში არსებობს გაუგებრობები, თავისუფალი, დიპლომატიური პროცესით უნდა გადაწყდეს".

მისი თქმით, „წარმოუდგენელია ასეთი რიტორიკა პარტნიორებთან მიმართებით":

"მაშინ რა ალტერნატივა გვრჩება, ეს უნდა ავხსნათ. ყველაზე ცუდია გაურკვევლობა. თუ რაიმე მოსაზრება აქვს ხელისუფლებას, ეს უნდა ახსნას - ვინ არის ჩვენი პოლიტიკური პარტნიორი, ვისთან შეიძლება, გავაგრძელოთ ჩვენ ურთიერთობა? დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ჩვენი პარტნიორები არიან ევროკავშირი - ეს ევროპული განზომილება და ამერიკის შეერთებული შტატები“.

აშშ-მა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის დაანონსების შემდეგ სანქციების მორიგი ტრანში გამოაცხადა. კერძოდ, ამეჯრად ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის გამო საქართველოს ოთხი მოქალაქე პირველად შეიყვანა ე.წ. "მაგნიტსკის სიაში". სანქცირებულთა შორის არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, ასევე ძალადობრივი პრორუსული "ალტ-ინფოს" დამფუძნებლები ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია. გარდა ამ პირებისა, სავიზო შეზღუდვები შეეხება ათეულობით ქართველს და მათ ოჯახის წევრებს.

17 სექტემბერს ჯერ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობაში დაადანაშაულა, შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შეხვდა აშშ-ის ელჩს საქართველოში მასთან იგივე გაიმეორა. გარდა ამისა, როგორც მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ, "აღინიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა", რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული "ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები