აფგან სადიგოვს მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი განუცხადა

18-09-2024 12:07:39 სამართალი

აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან სადიგოვს მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი განუცხადა, – იუწყება "მთავარი არხი".

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატის დიმიტრი ნოზაძის თქმით, მას შემდეგ, რაც ოფიციალური დოკუმენტი ჩაბარდება, მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

ცნობისთვის: აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. 4 აგვისტოს მას პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლის განმარტებით, აზერბაიჯანში აღძრული საქმის მიხედვით, ჟურნალისტს ბრალად ედება შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელების მუქარა დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის მიზნით. დაკავებული ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

აფგან სადიქოვი საქართველოში 2023 წლის დეკემბრიდან ცხოვრობდა. Amnesty International-ის ინფორმაციით, მას აზერბაიჯანში 2020 წლის მაისში 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პოლიტიკურად მოტივირებული გამოძალვის ბრალდებით. "იგი 2023 წლის მაისში შეიწყალეს, მაგრამ აწყდებოდა ხელისუფლების მხრიდან მუქარას და დევნის გამო სამშობლო დატოვა", – აცხადებს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია.

სადიქოვის ცნობით, მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს ხელისუფლებამ მას თურქეთში გამგზავრების საშუალება არ მისცა და აცნობა, რომ მხოლოდ აზერბაიჯანში შეეძლო გამგზავრება.

Новости

Другие новости