17-09-2024 13:37:33 პოლიტიკა ,ეკონომიკა ,კომენტარი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენცია ისე დატოვა, რომ აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებზე არაფერი უთქვამს, არც ევროკავშირთან დაძაბულობაზე, მხოლოდ იმედი გამოთქვა, მომავალ წელს ომი უკრაინაში დასრულდება და პარტნიორებთან ურთიერთობები „დალაგდებაო“, ბიზნესმენები კი რისკებზე ამახვილებენ ყურადღებას განსხვავებით „ქართული ოცნების“ დეპუტატებისგან.
ბიზნესმენების ხედვით, სასანქციო რეჟიმის გაგრძელებამ შესაძლოა, მოკლევადიან პერიოდში არ იქონიოს გავლენა ქვეყანაზე, მაგრამ იქონიებს ახლო მომავალში.
„თუ გაიზარდა სანქციების თემა და ჩვენ არ გაგვეხსნა მოლაპარაკებები [ევროკავშირში], შედეგი იქნება ის, რომ ქვეყანა უფრო მაღალრისკიანად შეიძლება, შეფასდეს. თუ ქვეყანა შეფასდება მაღარისკიანად, ეს გამოიწვევს იმას, რომ შესაძლებელია, მათ შორის ჩვენი საკრედიტო რეიტინგები იყოს გაუარესებული და აქედან გამომდინარე, გაგვიძვირდეს ის ფული, რომნელსაც კერძო სექტორი თუ მთავრობა იზიდავს საქართველოში“,- ამბობს, BDO-ს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი და დასძენს, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე გადასვლა.
ბიზნეს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ლაშა პაპაშვილი მთავრობის პასუხისმგებლობაზე საუბრობს:
„ჩვენ ვემუშავებით ხელისუფლებას და ჩვენი რჩევა, როდესაც პიკში იყო კრიზისი, იყო, მეტი კომუნიკაცია და მეტი პიარი ჩვენს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის - აუცილებელი იყო მეტი კომუნიკაცია. [...]
გათვალისწინებით ყველა ამ სიტუაციისა, მთავრობის ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, „ბეწვის ხიდზე“ გგავატარონ ამ შემთხვევაში და ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ არ გაღრმავდეს ეს სანქციები“.
"ქართული ოცნების" დეპუტატების ნაწილი კი სანქციების რეჟიმის მნიშვნელობის ნიველირებას ცდილობს.
„ჩვენ ამ ქვეყნის გადარჩენისთვის ყველაფრისთვის მზად ვართ“, - ასე უპასუხა “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა.
ის საკითხზე დასმულმა შეკითხვებმა გააღიზიანა და განაცხადა, რომ ჟურნალისტებს მსგავსი კითხვების დასმის საშუალებას სწორედ დემოკრატიის არსებობა აძლევს:
„რატომ დარდობთ ჩვენს ამ დასანქცირებაზე? ჩემს დასანქცირებაზე თქვენ არ ინერვიულოთ. გარდა მაგისა, ამ ქვეყნის კეთილდღეობის გულისთვის, მთელი ისტორიის განმავლობაში, ადამიანებმა სიცოცხლე და ოჯახები შესწირეს და როგორმე ჩვენს ამ სანქციებს გადავიტანთ, თუ იქნება.
დემოკრატია რომ არ იყოს თქვენ ამ კითხვის დასმის საშუალება გექნებოდათ? 12 წლის წინ დაგესვათ ვინმესთვის ეს კითხვა, ნახავდით რა დაგემართებოდათ“.
"ქართული ოცნების" დეპუტატი, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძე ამბობს, რომ სანქციები მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს:
„ამერიკაში არაერთხელ ვყოფილვარ, მოქმედი ვიზაც მაქვს. [ბოლო პერიოდში] არ მიცდია [აშშ-ში] წასვლა და დარწმუნებული ვარ, პრობლემა არ შემექმნება, თუ დამჭირდება წასვლა, არც ჩემი კოლეგებისგან გამიგია. [თუ დამასანქცირებენ] ჩემთვის არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, თუ გვასანქცირებენ. მე ვფიქრობ, რომ არასწორია გამჭვირვალობის და პირადად პარლამენტარების წინააღმდეგ ქვეყნის ასე გალაშქრება. თვითონ უნდა გაგვცენ პასუხი რაზე გვასანქცირებენ. ჩვენ ძირს არ ვუთხრით დემოკრატიას, დემოკრატიის ნიმუში არის, როგორც ვდგავართ და ვსაუბრობთ. სრული დემოკრატიაა, რომ თავისუფლად ვსაუბრობთ, კომიტეტის თავმჯდომარე გესაუბრებათ, ყველა თქვენს კითხვას პასუხობს“.
აშშ–მა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის გამო საქართველოს ოთხი მოქალაქე პირველად შეიყვანა ე.წ. "მაგნიტსკის სიაში". სანქცირებულთა შორის არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, ასევე ძალადობრივი პრორუსული "ალტ-ინფოს" დამფუძნებლები ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია. გარდა ამ პირებისა, სავიზო შეზღუდვები შეეხება ათეულობით ქართველს და მათ ოჯახის წევრებს