13-09-2024 20:56:22 ევროპა
ჩეხეთის დედაქალაქში წყალდიდობისგან დამცავ ზომებს იღებენ მას შემდეგ, რაც ჩეხმა სინოპტიკოსებმა უხვი ნალექის შესახებ გაფრთხილება გაავრცელეს.
ძლიერი წვიმები ჩეხეთის აღმოსავლეთ ნაწილში ხუთშაბათიდან დაიწყო. ამინდის მკვეთრი გაუარესება მოსალოდნელია ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის - სამხრეთ გერმანიაში, ავსტრიის, პოლონეთისა და სლოვაკეთის ნაწილებში.
„მონაცემები გვიჩვენებს, რომ რთული დღეები გველოდება“, – განაცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა კრიზისული კომიტეტის შეხვედრის შემდეგ.
გაფრთხილება გავრცელდა ცენტრალურ და სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებზეც, მათ შორის პრაღაზე, სადაც 2002 წელს დაფიქსირებულმა წყალდიდობამ ათი ათასობით ადამიანის ევაკუაცია გამოიწვია, დაანგრია შენობები. მაშინ დედაქალაქის მეტროს სისტემა თვეობით იყო დატბორილი. მას შემდეგ პრაღამ მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩადო წყალდიდობის საწინააღმდეგო ზომების მობილიზებაში მსგავსი დატბორვის თავიდან ასაცილებლად.
„ჩვენ ვმოქმედებთ პრევენციულ რეჟიმში და გვჯერა, რომ წყალდიდობის კონტროლის ღონისძიებების ახლა დაწყებით, 2002 წლის ვითარება არ განმეორდება“, – განაცხადა პრაღის მერმა.
ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო, ჩეხეთის საფეხბურთო ლიგამ გააუქმა მატჩები მთელი ქვეყნის მასშტაბით, გაუქმებულია კულტურული ღონისძიებებიც.