უკრაინის დაზვერვამ რუსი სამხედროების იდენტიფიცირების შესახებ განაცხადა, რომლებიც რაბოტინოსთან სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯაში მონაწილეობდნენ [ვიდეო]

19-06-2024 18:31:56 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ განაცხადა რუსი სამხედრო მოსამსახურეების იდენტიფიცირების შესახებ, რომლებიც მონაწილეობდნენ 2024 წლის მაისში, ზაპოროჟიეს რეგიონის რაბოტინოს მახლობლად ოთხი უკრაინელი სამხედრო ტყვის სიკვდილით დასჯაში. უკრაინის სპეცსამსახური მკვლელობის ამსახველ კადრებსაც ავრცელებს.

„სიკვდილით დასჯის ეპიზოდი ვიდეოზეა ჩაწერილი: ოთხი უკრაინელი ჯარისკაცი იარაღის გარეშე, აწეული ხელებით ბარდება ტყვედ, რუსები მათ მიწაზე დაწოლას აიძულებენ და ხვრეტენ. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეციალისტებმა ომის დანაშაულში მონაწილე პირების ვინაობა დაადგინეს. ისინი აღმოჩნდნენ რუსი დამპყრობლები, რომლებიც შედიოდნენ სამხრეთ რაიონის 58-ე არმიის 42-ე მოტორიზებული დივიზიის 70-ე მოტორიზებული პოლკის (სამხედრო ნაწილი 71718) თავდასხმის ჯგუფის შემადგენლობაში. აღნიშნული სამხედრო ნაწილის მუდმივი განლაგების პუნქტი მდებარეობს ქალაქ შალიში (ჩეჩნეთი, რუსეთი)“, - ნათქვამია ტელეგრამ–არხზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.

უკრაინის დაზვერვის თანახმად, რაბოტინოს მახლობლად უკრაინელი სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯის დროს, რუსეთის ფედერაციიდან 70-ე მოტორიზებულ პოლკს მეთაურობდა პოლკოვნიკი იური აბაევი ("კამეჩი").

იდენტიფიცირებულ პირებს შორის დასახელებულები არიან კაპიტანი ნაგორნი დიმიტრი, უფროსი ლეიტენანტი აბუტალიმოვი თემირლან, ლეიტენანტი ბეკოვი ზაური, უფროსი ლეიტენანტი იმაგაზალიევი იუსუფი.

„დასახელებული რუსი სამხედრო დამნაშავეები ასევე შესაძლოა მონაწილეობდნენ მოგვიანებით, მიმდინარე წლის მაისში კიდევ რამდენიმე უკრაინელი სამხედრო ტყვის მკვლელობაში. ამას, კერძოდ, მოწმობს რუსეთის შეიარაღებული ძალების 70-ე პოლკის სამხედრო მოსამსახურეებს შორის საუბრის ჩანაწერები, რომლის დროსაც თავდასხმის ასეულის ერთ-ერთი რუსი მეთაური თავის ქვეშევრდომებს უკრაინელი სამხედროების დახვრეტის ბრძანებას აძლევს"-აღნიშნა დაზვერვის მთავარმა სამმართველომ.

ერთი დღით ადრე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა განაცხადა, რომ დონეცკის ოლქში რუსმა სამხედროებმა უკრაინელ სამხედროს თავი მოკვეთეს. მანამდე გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიამ უკრაინაში მიმდინარე წლის მარტში თავის ანგარიშში აღნიშნა, რომ რუსეთი აგრძელებს უკრაინელი სამხედრო ტყვეების წამებასა და სიკვდილით დასჯას. გარდა ამისა, HRMMU-მ დააფიქსირა მინიმუმ 32 უკრაინელი სამხედრო ტყვის სიკვდილით დასჯა 12 სხვადასხვა შემთხვევებში 2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის თებერვლამდე.

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა დაასკვნა, რომ 2023 წლის დეკემბრის დასაწყისიდან რუსმა სამხედროებმა, სავარაუდოდ, მოკლეს სულ მცირე 15 უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებიც ტყვედ ბარდებოდნენ და კიდევ ექვსი ტყვე.

სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ ჟენევის კონვენციის თანახმად, რომელსაც ხელს აწერს რუსეთიც, პატიმრებს უნდა ჰქონდეთ გარანტირებული სიცოცხლისა და პატიმრობის ჰუმანური პირობები. სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯა ან არასათანადო მოპყრობა წარმოადგენს სამხედრო დანაშაულს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები