ევროკავშირის ელჩი: ოქტომბერში არჩევნები იქნება, გულწრფელად ვიმედოვნებ, ეს რთული პერიოდი დასრულდება, საღი აზრი გაიმარჯვებს

19-06-2024 14:04:01 ციტატა

„საქართველოს გადასაწყვეტია, თუ როგორი ურთიერთობები სურს რომელიმე ქვეყანასთან. ქართველების გადასაწყვეტია, ვინ იქნება თქვენი მეგობარი და ვინ – მტერი. ევროკავშირი აქ საქართველოსთვის არის, ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც. უკვე 16 წელია, გვყავს ჩვენი მონიტორინგის მისია, რომელიც ყველაფერს აკეთებს დეესკალაციისა და გამოსავლის მოსაძებნად ორ ოკუპირებულ რეგიონთან დაკავშირებით. ჩვენ მხარს ვუჭერდით საქართველოს უზარმაზარი ფინანსური მხარდაჭერით, თქვენ ნახეთ ეს ციფრები. ჩვენ მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიმართ 10-ჯერ მეტია, ვიდრე სამოქალაქო საზოგადოების მიმართ გაწეული მხარდაჭერა. ჩვენ ჩვენს ინსტრუმენტებსა და ექსპერტულ ცოდნას, სწავლებებს ყოველთვის ვიყენებდით, რათა გაგვეძლიერებინა ქართული ინსტიტუციები და დემოკრატია. ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს გადასაწყვეტია, ვინაა მისი მეგობარი და ვინ – მტერი. ჩვენ საქართველოს, ქართველი ხალხისა და მთავრობის სრულ განკარგულებაში ვართ. გვსურს, საქართველო იყოს ძალიან წარმატებული ქვეყანა, მოთმინებით ველით. ამჟამად ჩვენი ურთიერთობები რთულ პერიოდს გადის. იქნება არჩევნები ოქტომბერში, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს რთული პერიოდი დასრულდება, საღი აზრი გაიმარჯვებს. ქართველების გადასაწყვეტია, სურთ თუ არა ევროკავშირის წევრობა. ჩვენი მხრიდან საკითხი ნათელია, საქართველო წევრობის კანდიდატია და გელით“, – ამის შესახებ, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები